Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები კაუნასში იმყოფება და ლიეტუვასთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება, რომელიც ჟალგირისის არენაზე ხვალ საღამოს არის დაგეგმილი. მომავალი თამაშის წინ კომენტარები საქართველოს ეეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და ცენტრმა გიორგი შერმადინმა გააკეთეს.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ კაუნასში დაბრუნებით ძალიან გახარებული ვარ. ეს, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქალაქია, რადგანაც მასთან დიდებული მოგონებები მაკავშირებს. აქაურ გუნდს ვავარჯიშებდი და ჩემი შვილიც კაუნასშია დაბადებული, ამდენად, აქ ჩამოსვლა ყოველთვის მსიამოვნებს. მომავალი მატჩი კარგი შესაძლებლობაა იმის გასაგებად, სად ვიმყოფებით. ლიეტუვა ხომ არა მხოლოდ ევროპაში, არამედ, მსოფლიოშიც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელიც ჩემი აზრით, მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლებისთვის იბრძოლებს. ძალიან კონცენტრირებული უნდა ვიყოთ და ბევრი ვიმუშაოთ, რათა თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ამ მოსამზადებელ მატჩებში შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, მომავალი ტურნირისთვის სათანადოდ მომზადებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. საჭიროა, უკეთესები ვიყოთ, როგორც დაცვაში, ასევე – შეტევაში. იმედი მაქვს, რომ ამ მატჩში წინ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ".

გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი): "ლიეტუვას ერთ-ერთი საუკეთესო საკალათბურთო ნაკრები ჰყავს, რომელიც ძალიან კარგი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. მომავალი მატჩი ანგარიშის კუთხით არაფერს გვიწყვიტავს და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ".

გიორგი შერმადინი ჟალგირისის არენაზე
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის შეგირდებმა მსოფლიოს პირველობისთვის მზადების ციკლში, პირველი მატჩი ეგვიპტესთან ჩაატარეს და 76:81 წააგეს, ლიეტუვის შემდეგ კი, ამხანაგურად ლატვიას, იორდანიას, ირანს ან მონტენეგროს, ირანსა და ავსტრალიასაც ეთამაშებიან. 

მსოფლიოს 2023 წლის ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნებიან. ტურნირში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.

F ჯგუფში ქართველი კალათბურთელების მეტოქეები სლოვენია, ვენესუელა და კაბო-ვერდე იქნებიან. მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში Okinawa Arena-ზე (ტევადობა 10 ათასი) ჩატარდება და ქართველი კალათბურთელები მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ორ საუკეთესო ნაკრებს შორის უნდა მოხვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თამაშს მეჩვიდმეტე-ოცდამეთორეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები