Thumbnail

ახალზელანდიური რაგბის ლეგენდა სერ ჯონ ქირვანმა გადაცემა The Breakdown-ში მსოფლიოს თასზე ავსტრალიის ნაკრების შანსები შეაფასა, რომელსაც ცნობილი სპეციალისტი ედი ჯონსი წვრთნის. ახლახან რაგბი ჩემპიონშიპის მატჩში ავსტრალია უშანსოდ დამარცხდა შინ ახალი ზელანდიის ნაკრებთან - 7:38.

ჯონ ქირვანს 63 კეპში 143 ქულა აქვს მოპოვებული

ჯონ ქირვანი: "ედის ყველა მოთამაშე უნდა ენახა კარგად, რაგბილიგის მოთამაშეების ჩათვლით. ჩვენ ვსაუბრობდით კომბინაციებზე, მაგრამ ავსტრალიის ნაკრების კომბინაციების შესახებ არაფერი ვიცით. ავსტრალიის პრობლემა არასაკმარისი სიღრმეა შემადგენლობაში. ედი გუნდს სწორი მიმართულებით ავითარებს, მაგრამ მოკლე სკამი პრობლემებს შექმნის. მე იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ავსტრალია მსოფლიოს თასზე თავისი ჯგუფიდან გავა". 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასი საფრანგეთში სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება. ავსტრალია C ჯგუფის ფავორიტია, სადაც მასთან ერთად საქართველო, უელსი, ფიჯი და პორტუგალია თამაშობენ, პლეი ოფში ორი გუნდი გადის. საქმე ისაა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ეს ყველაზე თანაბარი ჯგუფია მსოფლიოს თასზე. გუნდებს რეიტინგში მე-8 (ავსტრალია), მე-9 (უელსი), მე-10 (ფიჯი) და მე-11 (საქართველო) ადგილები უჭირავთ (პორტუგალია მე-16-ეა). 

წინა მსოფლიოს თასზე ავსტრალიამ საქართველოს 27:8 მოუგო

წინა მსოფლიოს თასზე, რომელიც 2019 წელს იაპონიაში გაიმართა, თითქმის იდენტურ ჯგუფში (D - პორტუგალიის ნაცვლად ურუგვაი იყო) ავსტრალიამ 4-დან 3 თამაში მოიგო, მათ შორის 27:8 საქართველოსთან. ჯგუფი კი უელსმა (4 გამარჯვება) მოიგო. პლეი ოფში ავსტრალიის ნაკრები ინგლისთან უშანსოდ დამარცხდა. დღევანდელი მდგომარეობით, ჯგუფის ორივე ფავორიტს (ავსტრალია, უელსი) პრობლემები აქვს, რაც ფიჯის და საქართველოს ნაკრებებისთვის შანსია. 

სერ ჯონ ქირვანს "ოლ ბლექსის" მაისურით 1984-1994 წლებში 63 მატჩში 143 ქულა აქვს დაგროვილი, მას რაგბილიგაშიც უთამაშია. სამწვრთნელო კარიერაში კი აღსანიშნავია, იტალიის და იაპონის ნაკრებების მწვრთნელობა, ასევე "ბარბაროსების" თავკაცობა 2012 წელს.  

კომენტარები

ბოლო ამბები