Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩს ერთ-ერთი ლიდერის – გოგა ბითაძის გარეშე ჩაატარებს. ორლანდო მეჯიქის ცენტრმა ეგვიპტესთან საკონტროლო თამაშში მიღებული ტრავმა ვერ მოიშუშა და სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებით, ის დღეს კაუნასში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ასისტენტმა მწვრთნელმა ანატოლი ბოისამ ისაუბრა.

ანატოლი ბოისა (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “კარგ ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა, რომ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ლიეტუვის ნაკრებს მოსამზადებელ პერიოდში ხშირად ვეთამაშებით. მეტოქე ნბა-სა და ევროპული გრანდების კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული, რომელიც ყოველთვის დიდი მიზნებისთვის იბრძვის. რა თქმა უნდა, ძალია საინტერესო იქნება, დაცვასა და შეტევაში ჩვენი ტაქტიკური მონახაზი როგორ იმუშავებს. სამწუხაროდ, ლიეტუვასთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს გოგა ბითაძე, რომელმაც წინა თამაშშიც ლიმიტირებული დრო დაჰყო მოედანზე. სამაგიეროდ, თავის გამოჩენისთვის მეტი დრო მიეცემათ ახალგაზრდა მოთამაშეებს”.

დუდა სანაძე (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი): “ლიეტუვასთან ძალიან კარგი მოსამზადებელი მატჩი გველის. მეტოქეს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს შეკრებილი, თუმცა, ეს ჩვენთვის კარგიცაა, რადგანაც ასეთი დონის გუნდთან ჩვენი სისუსტეები და ძლიერი მხარეები გამოჩნდება. ქომაგებს ვპირდები, რომ ბრძოლა იქნება, მაგრამ ეს მაინც ტესტ-მატჩია და მთავარია, ჩვენი შეცდომები გამოვასწოროთ და ოპტიმალურ ფორმაში შევიდეთ”.

თად მაკფადენი (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი): “ლიეტუვა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია, ამდენად, კარგი ტესტია იმის გასაგებად, მსოფლიო თასს როგორ ფორმაში ვხვდებით. მეტოქისგან რომელიმე კონკრეტული მოთამაშის გამორჩევა გამიჭირდება. საერთო ჯამში, ძალიან სოლიდური გუნდია. კალათბურთელები ჰყავთ ნბა-დან და ევროლიგიდან და ამით ყველაფერი ნათქვამია”.

დუდა სანაძე საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე კაუნასში
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის შეგირდებმა მსოფლიოს პირველობისთვის მზადების ციკლში, პირველი მატჩი ეგვიპტესთან ჩაატარეს და 76:81 წააგეს, ლიეტუვის შემდეგ კი, ამხანაგურად ლატვიას, იორდანიას, ირანს ან მონტენეგროს, ირანსა და ავსტრალიასაც ეთამაშებიან. 

მსოფლიოს 2023 წლის ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნებიან. ტურნირში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.

F ჯგუფში ქართველი კალათბურთელების მეტოქეები სლოვენია, ვენესუელა და კაბო-ვერდე იქნებიან. მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში Okinawa Arena-ზე (ტევადობა 10 ათასი) ჩატარდება და ქართველი კალათბურთელები მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ორ საუკეთესო ნაკრებს შორის უნდა მოხვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თამაშს მეჩვიდმეტე-ოცდამეთორეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები