Thumbnail
  • საქართველო 9:13 იტალია
  • ძიუდოისტთა ნაკრები რეპეშაჟში დამარცხდა
  • წყალში მხტომელი თორნიკე ონიკაშვილი ფინალშია

ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში გრძელდება მსოფლიოს 31-ე საუნივერსიტეტო თამაშები (უნივერსიადა), რომელშიც ქართული დელეგაცია სპორტის საწყლოსნო სახეობებში (წყალბურთი, წყალში ხტომა, ცურვა) და ძიუდოში მონაწილეობს. 

ქართული დელეგაცია უნივერსიადის გახსნაზე

საქართველოს წყალბურთელთა სტუდენტურმა ნაკრებმა, რომელიც ძირითადად ეროვნული გუნდის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, B ჯგუფში მე-4 ტურის მატჩი იტალიასთან გამართა და უნივერსიადაზე პირველი მარცხი იგემა - 9:13. წაგებულთა რიგებში საუკეთესო გიორგი მაგრაქველიძე იყო, რომელმაც იტალიას სამი გოლი გაუტანა. 

საქართველოს ნაკრები: რაზმაძე (გვეტაძე), ტყეშელაშვილი, დადვანი (1), შუშანაშვილი (1), ბითაძე, ადეიშვილი, ჯახაია, ახვლედიანი (1), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (3), მესხი (1), ძიხწიარენკა (2).

ჯგუფის სხვა შეხვედრებში ჩინეთის ნაკრებმა სლოვაკეთს 12:10 მოუგო, ხოლო აშშ-მ სამხრეთ კორეას დამაჯერებლად აჯობა - 17:8. 

ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფში ოთხი გამარჯვებით იტალია ლიდერობს, საქართველოს და აშშ-ს 3-3 მოგება აქვთ და ბოლო ტურში (2 აგვისტო) სწორედ ერთმანეთს ხვდებიან. 6-გუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში ბრძოლას 4 აგრძელებს. ასე რომ, საქართველოს ნაკრებს ¼ ფინალი უკვე განაღდებული აქვს. 

წყალში ხტომა

ვაჟთა შორის 3 მეტრი პლატფორმიდან ხტომაში წინასწარი შეჯიბრი გაიმართა, სადაც თორნიკე ონიკაშვილმა მე-17 შედეგი აჩვენა, ხოლო სანდრო მელიქიძემ - მე-19. ორივე მოხვდა ნახევარფინალში, რომელიც დღესვე გაიმართა. ონიკაშვილმა 322.75 ქულით მე-12 ადგილი დაიკავა და ის ფინალში მოხვდა. მელიქიძე კი მე-13 პოზიციით სარეზერვო სიაშია. ფინალი 2 აგვისტოს გაიმართება.

ძიუდო

ჩენგდუში დღეს გუნდური პირველობა გაიმართა. მერვედფინალში საქართველოს ნაკრებმა (ვაჟები) ნიდერლანდები 3:2 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში სამხრეთ კორეასთან 0:3 დამარცხდა. შემდეგ საქართველომ რეპეშაჟში მონღოლეთთანაც წააგო - 2:3. საბოლოოდ, ტურნირი იაპონიამ მოიგო, ვერცხლის მედალი უზბეკეთმა მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები აზერბაიჯანმა და სამხრეთ კორეამ მოიპოვეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები