- სანდრო მამუკელაშვილის ინტერვიუ BasketNews-თან
- ბოლო წამების დრამა - შენგელიას 30 ქულა, საქართველოს ქამბექამდე ცოტა დააკლდა
"ჟალგირიო არენაზე" საქართველოს ნაკრების არშემდგარ ქამბექში კაპიტან თორნიკე შენგელიასთან, თად მაკფადენთან და გიორგი შერმადინთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც ლიეტუვის ნაკრებს 19 ქულა ჩაუგდო. 24 წლის ფორვარდის ანგარიშზეა ასევე 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა.

მატჩის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილთან ინტერვიუ ცნობილმა საკალათბურთო საიტმა BasketNews-მა ჩაწერა. ქართველმა სპორტსმენმა სან ანტონიოზე, ვიკტორ ვემბანიამაზე, გრეგ პოპოვიჩზე, საკუთარ კარიერაზე NBA-ში და ფიბას მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების შანსებზე ილაპარაკა.
... სან ანტონიოსთან ახალ კონტრაქტზე: "ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვებით ამას ვერ აღწერ. მხოლოდ იმის სურვილი მაქვს, რომ ახალ სეზონში ვითამაშო რაც შეიძლება მაგრად. მინდა ვიყო სან ანტონიოს ხელახლა შენების მონაწილე. ძალიან კარგად ვარ თანაგუნდელებთან, ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვაფასებთ, რაც მოედანზეც აისახება. ვფიქრობ, კარიერის ისევ სან ანტონიოში გაგრძელება დამეხმარება განვითარებასა და წინსვლაში. ყოველ მატჩში 110 პროცენტით დავიხარჯები".
შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილმა გასულ სეზონში სან ანტონიოში 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგანაც 7 სასტარტო ხუთეულში დაიწყო. მისი სტატისტიკაც შესანიშნავი იყო: 10.8 ქულა, 6.8 მოხსნა და 2.4 პასი საშუალოდ 23.3 წუთში. მილუოკისთან შედარებით სანდროს სათამაშო დრო 2-ჯერ გაიზარდა, სტატისტიკა კი თითქმის 5-ჯერ.

...გრეგ პოპოვიჩის როლზე მის პროგრესში: "მას ამაში წვლილი პირველივე დღიდან მიუძღვის. ჯერ მარტო ის რად ღირს, სავარჯიშო დარბაზში რომ შეხვალ და იქ გრეგ პოპოვიჩი დაგხვდება, ეს უბრალოდ დაუჯერებელია. მე სან ანტონიოს ფანი ვარ ბავშვობიდან და პოპოვიჩს ისედაც ძალიან ვაფასებდი, რეალობაში კი გამოვცადე, რა დიდი პიროვნებაა ის. ის გასწავლის კალათბურთს, როგორც გარშემო ცხოვრების ნაწილს და არა განცალკევებულ სამყაროს. შენ ასევე უნდა იცოდე, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება შენს ირგვლივ, ის ნამდვილი მენტორია. ყველანაირად დიდებული პიროვნებაა. მისი წყალობით უკეთესი კალათბურთელი ვხდები".
...ტონი კუკოჩი, ალენ აივერსონი და სხვები: "ევროპელ კალათბურთელებში ყველაზე მეტად ტონი კუკოჩს ვაფასებდი, მისი თამაში ძალიან მიყვარდა. ჩემი აზრით, პირველი "მაღალი" იყო, რომელსაც დიდებულად გამოსდიოდა დრიბლინგი, პასები და სროლა, თან ცაცია იყო. მისი ნამდვილი ფანი ვიყავი.
ამერიკელებიდან ძალიან მომწონდა ალენ აივერსონი, დუეინ უეიდი და მონტა ელისი. ბავშვობაში ამ ბიჭერბს მინდოდა, რომ დავგვანებოდი. ჩემი აზრით, მე ევროპული და ამერიკული კალათბურთის ნაზავს ვთამაშობ".

...იანისზე: "იანისთან პირველი შეხვედრა მართლაც დაუვიწყარი იყო, მაგრად გავაბრაზე. მე მასთან სახლშიც ხშირად ვყოფილვარ და ერთი-ერთზე კალათბურთი გვითამაშია. თქმა რად უნდა, იანისმა ჩემს საკალათბურთო შესაძლებლობებზე დიდი გავლენა იქონია. ანტეტოკუნმპოს დამსახურებაც დიდია, რომ უკეთ ვთამაშობ".
NBA-ის მკაცრ რეალობასთან პირველ შეჯახებაზე: "ეს იყო ჩემი პირველი მატჩი ბრუკლინის წინააღმდეგ, ჯეიმს ჰარდენმა გამაგიჟა, ზედიზედ სამი შეტევა ჩემზე სამქულიანით და გადავჯექი სათადარიგოთა სკამზე".
...ვიკტორ ვემბანიამაზე: "დიდებული ბიჭია, ძალიან თავმდაბალი. მომწონს, როგორ შრომობს, ვარჯიშზე ლამის პირველი მოდის და ბოლომდე იხარჯება. ნამდვილი პროფესიონალია. მასთან თამაშს მოუთმენლად ველი. ვფიქრობ, როცა ბოლომდე განვითარდება, ეტაპობრივ კალათბურთელად ჩამოყალიბდება".
მსოფლიოს ჩემპიონატზე და საქართველოს ნაკრების შანსებზე: "ჩვენი გუნდი ყველგან აუტსაიდერია, ევრობასკეტზეც და მსოფლიოს ჩემპიონატზეც. ჩემს ქვეყანაში მხოლოდ 3.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად მოხვედრა უკვე წარმატებაა. ბევრი რამ გვაქვს დასამტკიცებელი, განსაკუთრებით ევრობასკეტის შემდეგ, რომელიც ისეთი ვერ გამოგვივიდა, როგორსაც ველოდით - ჯგუფიდან გასვლა ვერ შევძელით. ყველასთვის აუტსაიდერები ვართ, პირადადაც სულ ასე ვიყავი, მუდმივად რაღაცის დამტკიცება მიწევდა, ჩემთვის ეს ნაცნობი გრძნობაა. მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა გვსურს და ვფიქრობ, ბევრის მიღწევა შეგვიძლია".
...ვინ მოიგებს მსოფლიოს ჩემპიონატს: "ტურნირს ბევრი ვარსკვლავი დააკლდება. ზოგი გრძელმა სეზონმა დაღალა, ზოგს ტრავმა აქვს. ვინ მოიგებს ჩემპიონატს? არ ვიცი, მხოლოდ საკუთარ შანსებზე ვფიქრობთ. პირველივე თამაში ძალიან რთული გველის, მაგრამ თუ მოვიგებთ, საკუთარი ძალების რწმენა კიდევ უფრო განგვიმტკიცდება. ახლა კი მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კარგად მომზადებაა მთავარი".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის დებიუტანტია. F ჯგუფში სანდრო მამუკელაშვილის და კომპანიის მეტოქეები სლოვენია, კაბო ვერდე და ვენესუელა არიან.
კომენტარები