Thumbnail

6-თვიანი პაუზის შემდეგ - ნეიმარი პსჟ-ს დუბლით და საგოლე პასით დაუბრუნდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჩონბუკ მოტორსი 0:3 პარი სენ-ჟერმენი
  • 31 წლის ბრაზილიელს ნათამაშები თებერვლის შემდეგ არ ჰქონდა
  • ნეიმარმა დუბლი შეასრულა და შემდეგ მარკო ასენსიოსაც გაატანინა 

პარი სენ-ჟერმენისა და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნება დუბლით აღნიშნა. 

პარიზელებმა 2023/24 წლების პრესეზონის ფარგლებში გამართულ აზიურ ტურნეში, ორი წაგებული თამაშის შემდეგ, მოიგეს და ეს სწორედ 31 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავის წყალობით მოახერხეს - კორეულ ჩონბუკ მოტორსთან (3:0).  

ლუის ენრიკემ ჩონბუკ მოტორსთან გამართულ ტესტმატში ნეიმარი მოედანზე პირველივე წუთებიდან შეუშვა. ბრაზილიელმა, რომელსაც თებერვლის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები, ფორმასთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას პასუხი გასცა - ორი გოლი შეაგდო და თავისი ბრწყინვალე ტექნიკაც წარმოაჩინა. ნეიმარმა პსჟ-ის მესამე გოლშიც მიიღო მონაწილეობა, როდესაც პასი მარკო ასენსიოს  ქუსლით გაუკეთა. ესპანელი ახალ კლუბში პირველი გოლით შერეული დარტყმით გამოირჩა. 

ჩონბუკ მოტორსთან ამხანაგური თამაში უკანასკნელი იყო ლუის ენრიკეს გუნდისთვის სეზონის სტარტის წინ. პარი სენ-ჟერმენი უკვე 12 აგვისტოს ლიგა 1-ის მატჩში ლორიანს დაუპირისპირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები