Thumbnail
  • უნგრულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების 15 წევრი გამოვა
  • ფინალური ბლოკი სამივე დღეს 19:00 საათზე დაიწყება

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაგეგმილი მასტერსის (4-6 აგვისტო) წინ წილისყრა გაიმართა და მეტოქეთა ვინაობა საქართველოს ნაკრების წევრებმაც შეიტყვეს. შეგახსენებთ, რომ მოახლოებულ ტურნირზე ტატამიზე 15 ქართველი ძიუდოისტი (13 კაცი+2 ქალი) გავა.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი სამხრეთკორეელ ვონ ჯინ კიმს შეხვდება, ხოლო თემურ ნოზაძის მეტოქე ტაივანელი იუნგ ვეი იანგი იქნება. 66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი ტაჯიკ ნურალი ემომალის შეერკინება.

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტები საქმეში მე-2 წრიდან ჩაებმებიან: გიორგი ტერაშვილი უზბეკ ობიდხონ ნომონოვს დაუპირისპირდება, ლაშა შავდათუაშვილი კი – კუბელ მაგდიელ ესტრადას. 81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი ყირგიზი ასად მასაბიროვისა და ყაზახი აბილაიხან ჟუბანაზარს შორის უმჯობესს დაელოდება.

ტატო გრიგალაშვილი კვლავაც ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს წევრები ტატამიზე ასევე მე-2 წრიდან გავლენ: ლუკა მაისურაძე ყაზახი დიდარ ხამზასა და გერმანელი ედუარდ ტრიპელის ორთაბრძოლის დასრულებას დაელოდება, ხოლო ლაშა ბექაური ბრიტანელი ჯამალ პიტგრეივისა და შვედი მარკუს ნიმანის შეხვედრაში გამარჯვებულს შეხვდება.

100 კგ-ში მე-2 რაუნდშია დაშვებული ილია სულამანიძეც, რომელიც ან დანიელ მატიას მადსენს გაეჯიბრება ანაც – იაპონელ აარონ ვოლფს. რაც შეეხება ონისე სანებლიძეს, მისი მეტოქე ნიდერლანდელი მიხაელ კორელი იქნება.

საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტი – 3 წარმომადგენელი მძიმე წონით კატეგორიაში (+100 კგ.) ეყოლება: საბა ინანეიშვილი კუბელ ენდი გრანდას დაუპირისპირდება, გელა ზაალიშვილი – სამხრეთკორეელ მინჯონგ კიმს, ხოლო გურამ თუშიშვილი – უნგრელ რიჩარდ სიპოჩს.

ილია სულამანიძე შარშანდელ მასტერსზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა

ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ნიდერლანდელ პლეუნი კორნელისეს შეხვდება, სოფიო სომხიშვილის (+78 კგ.) მოწინააღმდეგე კი თურქი კაირა ოზდემირი იქნება.

ბუდაპეშტის მასტერსზე 59 ქვეყნის 419 ძიუდოისტი (216 კაცი, 203 ქალი) დარეგისტრირდა. აღნიშნულ შეჯიბრში მხოლოდ რეიტინგის მოწინავე სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას, ამდენად, ტატამიზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იქნება. კარგი ისაა, რომ ამჯერად არ იასპარეზებენ ოკუპანტი რუსეთისა და მისი მხარდამჭერი ბელარუსის წარმომადგენლები, სამაგიეროდ, საქმეში ვიხილავთ უკრაინელ ძიუდოისტებს.

განრიგის თანახმად, 4 აგვისტოს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60 და 66 და ქალთა 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 5 აგვისტოს – კაცთა 73 და 81 ქალთა 63 და 70 კგ-ებში, ხოლო 6 აგვისტოს – კაცთა 90, 100 და +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში. ფინალური ბლოკი László Papp Arena-ზე თბილისის დროით სამივე დღეს 19:00 საათზე დაიწყება.

შარშან მასტერსს ისრაელის ქალაქმა იერუსალიმმა უმასპინძლა და საქართველოს ნაკრებს 2 ჩემპიონი ჰყავდა – ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და ილია სულამანიძე (100 კგ.), ხოლო ლუკა მაისურაძემ (90 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები