Thumbnail

როგორც El Nacional იუწყება, ლიონელ მესის არ სურს, რომ ინტერ მაიამიმ მისი ყოფილი თანაგუნდელი სერხიო რამოსი გაიფორმოს. წყაროს ცნობით, იგივეს ფიქრობენ ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსიც.

მესი, ალბა და ბუსკეტსი ამერიკულ გუნდს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდნენ. მიუხედავად ბოლო დროს მესის რამოსის მიმართ კარგი დამოკიდებულებისა, ისინი დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ. ესპანელი ფეხბურთელი მადრიდის რეალში 15 წელი თამაშობდა და დიდი ხანი სამეფო კლუბის კაპიტანიც იყო, შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ მათ რამოსის თავიანთ გუნდში ხილვა არ სურთ.

37 წლის ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და ლიგა 1-ის მოქმედმა ჩემპიონებმა მისი გუნდში დატოვება არ ისურვეს. მიზეზად ახლად დანიშნულ მწვრთნელს, ლუის ენრიკესაც ასახელებენ, რომელსაც მის მიმართ კარგი დამოკიდებულება არ აქვს და ესპანეთის ნაკრებში ყოფნის პერიოდშიც არ იძახებდა.

რამოსი ახალი კლუბის ძიებაშია და სხვადასხვა გამოცემა ესპანელ მცველს სწორედ ინტერ მაიამის უკავშირებდა, მაგრამ, როგორც El Nacional წერს, ეს ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა.

36 წლის არგენტინელის ამერიკული თავგადასავალი კი შესანიშნავად დაიწყო. ინტერ მაიამის შემადგენლობაში 3 შეხვედრაში მან 5 გოლის გატანა მოახერხა და მისი გუნდი Leagues Cup-ის მერვედფინალშიც გაიყვანა, სადაც დალასს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები