Thumbnail
  • ბუდაპეშტში მიმდინარე მასტერსზე სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა
  • შავდათუაშვილი და ტერაშვილი ბრინჯაოსთვის ერთმანეთს შეხვდებიან
  • საქართველოსთვის მეორე მედლის მოპოვებას გრიგალაშვილი შეეცდება

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა 2023 წლის მასტერსზე საქართველოს ნაკრები პირველი მედლების მოპოვებასთან ახლოსაა. ტურნირის მეორე დღეს ასპარეზობაში ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე -73 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.) ჩაერთვნენ და სამივე მათგანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

ბოლო ორი მასტერსის გამარჯვებული გრიგალაშვილი ამჯერად ბრინჯაოსთვის იაპონელ კენია კოჰარას შეხვდება, შავდათუაშვილი და ტერაშვილი კი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ბუდაპეშტში ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 სთ-იდან დაიწყება.  

ტატო გრიგალაშვილს ბუდაპეშტში ნუგზარ ტატალაშვილთან მოუხდა ჭიდაობა

ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა მასტერსზე გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და კუბელ მაგდიელ ესტრადას ვაზარით, გერმანელ იგორ ვანდკეს კი იპონით სძლია. 31 წლის ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი 1/4-ფინალში უზბეკ მუროდჟონ იულდოშევთან გაფრთხილებებით დამარცხდა.


ლაშამ რეპეშაჟში კოსოვოელ აკილ იგაკოვას იპონით აჯობა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი მისივე თანაგუნდელ გიორგი ტერაშვილს შეხვდება.


ამ უკანასკნელმა ბუდაპეშტში ბრწყინვალედ იასპარეზა და ფინალში გასვლამდე სულ ცოტა დააკლდა. 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მეორე წრეში უზბეკ ობიდხონ ნომონოვს აჯობა, მესამეში კი - გამოცდილ აზერბაიჯანელ ჰიდიატ ჰეიდაროვს. ტერაშვილმა 1/4-ფინალში რუმინელ პეტრუ პელივანს, თითო ვაზარის შემდეგ, დამატებით დროში შესრულებული გდებით კი სძლია, მაგრამ 1/2-ფინალური შეხვედრის "ოქროს ქულა" უკვე მისმა მეტოქემ, ტაჯიკმა ბეჰრუზი ხოჯაზოდამ მოიპოვა. 

მსოფლიოს და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მეორე წრეში ყაზახ აბილაიხან ჟუბანაზარს იპონით მოუგო, მესამეში კი არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილს გაფრთხილებებით აჯობა.


ამის შემდეგ 23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ბრაზილიელ გილერმო შიმიდტთან ძალიან დაძაბული შეხვედრა გაფრთხილებებით, დამატებით დროში დათმო და წლევანდელ მასტერსზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება. 

შეგახსენებთ, რომ ქართველი ძიუდოისტებისთვის ბუდაპეშტის მასტერსის პირველი დღე წარუმატებელი გამოდგა. უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა თემურ ნოზაძემ, გიორგი სარდალაშვილმა (ორივე -60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ.). 

კომენტარები

ბოლო ამბები