Thumbnail
  • ბუდაპეშტში მიმდინარე მასტერსზე საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა
  • ბრინჯაოს ფინალში ლაშა შავდათუაშვილმა გიორგი ტერაშვილს აჯობა
  • ტურნირის მეორე დღეს ბრინჯაოს მედლისთვის გრიგალაშვილიც იბრძოლებს

უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტი მიმდინარე ძიუდოისტთა 2023 წლის მასტერსზე საქართველოს პირველი მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა. 31 წლის ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა 73 კგ-მდე წონითი კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში თანაგუნდელ გიორგი ტერაშვილს სძლია, რომელიც ორჯერ ვაზარზე დააგდო.


ბუდაპეშტის დარბაზში საინტერესო ეპიზოდი ქართველი ძიუდოისტების შეხვედრის დასაწყისშიც მოხდა. ლაშამ და გიორგიმ ერთმანეთს ხელი მეგობრულად ჩამოართვეს, მსაჯმა კი ამის გამო ორივე გააფრთხილა. ამით უკმაყოფილო გულშემატკივრებმა დარბაზში სტვენა დაიწყეს, შედეგად კი მსაჯმა მეტოქეებს შიდოები გაუუქმა.


ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა შავდათუაშვილმა ბუდაპეშტში გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და კუბელ მაგდიელ ესტრადას ვაზარით, გერმანელ იგორ ვანდკეს კი იპონით აჯობა. ლაშამ 1/4-ფინალში უზბეკ მუროდჟონ იულდოშევთან გაფრთხილებებით დამარცხდა, რის შემდეგაც რეპეშაჟში გადაერთო და იქ კოსოვოელ აკილ გიაკოვას იპონით აჯობა.


20 წლის გიორგი ტერაშვილმა მასტერსის მეორე წრეში უზბეკ ობიდხონ ნომონოვს აჯობა, მესამეში კი - გამოცდილ აზერბაიჯანელ ჰიდიატ ჰეიდაროვს. გიორგიმ 1/4-ფინალში რუმინელ პეტრუ პელივანს, თითო ვაზარის შემდეგ, დამატებით დროში შესრულებული გდებით კი სძლია, მაგრამ 1/2-ფინალური შეხვედრის "ოქროს ქულა" უკვე მისმა მეტოქემ, ტაჯიკმა ბეჰრუზი ხოჯაზოდამ მოიპოვა. 

დღესვე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, წინა ორი მასტერსის გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილიც შეეცდება. 23 წლის ძიუდოისტი იაპონელ კენია კოჰარას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები