Thumbnail

ყველაზე დიდი მინდორზე და უფრო დიდი მის მიღმა - ნომერი პირველი წავიდა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

ჩემი პირველი ემოცია ჯიჯი ბუფონზე ახლაც ძალიან ცოცხალია. ბნელი 90-იანების სიცივეები, 1997 წლის გვიანი შემოდგომა, უდენობა-უტელევიზორობაში ფეხბურთს მეზობელთან ვუყურებ, მოსკოვში მუნდიალის შესარჩევის პლეი ოფია, თოვლი, სასწაული ტალახი, წითელი ბურთი და რუსული "ესთეტიკა" - აი, მურა დათვი რომ გამოვიდეს მოედანზე, ეგეც არ გაგიკვირდება. ქვეყანა უბედური და მახინჯი, მაგრამ რუსეთის ის გუნდი კარგი იყო - ფეხბურთის თამაში ნაღდად იცოდა. იტალია მთელი თამაში გაძლებაში იყო, დაცვაში იდგა და ამ დროს ჯანლუკა პალიუკა დაიმტვრა. მოედანზე ვიღაც ბიჭი შემოვიდა, 19 წლის - მაშინვე მეგონა, რომ წავაგეთ. არადა, მაგრად იდგა. გუნდი არ დააღალატა და იტალიამ შინ 1:1 წამოიღო. მერე განმეორებითში კაზირაგიმ შეაგდო და რუსეთი სახლში დარჩა, იტალია კიდევ მუნდიალზე წავიდა.

იმ დღეს ვინმეს რომ ეთქვა, 26 წლის შემდეგ იმ ბიჭზე, ჯიჯი ბუფონზე დავწერდი და ის ბიჭი ფეხბურთიდან 2023 წელს წავიდოდა, ვიტყოდი, რომ შეშლილია.

ბუფონის მთელი ცხოვრება, მთელი მისი კარიერა არ ჯდება ადამიანურ, ლოგიკურ, რაციონალურ განზომილებებში. მასზე რიცხვებით და სტატისტიკებით წერას და საუბარს აზრიც არ აქვს. და ეს იმის მიუხედავად, რომ რიცხვები ყოველთვის მისკენ არის და მასზე ბევრი ცოტას თუ მოუგია. უბრალოდ, მთელი მისი ცხოვრება იმდენად დიდი, შთამბეჭდავი და დაუჯერებელი ისტორიაა, რომ რიცხვები და რეკორდები მას ვერ გაზომავს, ალბათ, მხოლოდ დაამცირებს. ვინმემ ვიცით, ალ პაჩინოს რამდენ ფილმში აქვს ნათამაშები, ან მისი ოსკარების რაოდენობა?! რა მნიშვნელობა აქვს?!

არ შეიძლება ისეთი მაგარი იყო, რომ 19 წლისა იტალიის ნაკრების კარებში იდგე. მით უმეტეს, რომ მეკარე ამისთვის ყველაზე ცუდი პროფესიაა - მეკარე გვიან ყალიბდება, უფრო მეტი დრო სჭირდება კარიერის პიკამდე მისაღწევად, ფსიქოლოგია, ნერვები და გამოცდილება ყველაზე მთავარი თვისებებია, რაც მეკარეს სჭირდება და ასეთი რამეები უფრო ასაკში მოდის.

2000 წელს, ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ დაიმტვრა და ამ დროს უკვე კარიერის პიკში იყო - მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნეოდა. 17 წლის შემდეგ, 2017-ში, მესი-ნეიმარი-სუარესის ტრიოსთან 180 წუთში გოლს არ გაუშვებს და ამ დროს ისევ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. ეს არ არის ნორმალური - ლოგიკურად ამას ვერ ახსნი. ვერ ახსნი 28-წლიან კარიერას. ვერ ახსნი იმას, რომ ბატისტუტას და "ელ ფენომენო" რონალდოს სერია A-შიც საუკეთესო იყო და დიბალასთან ერთადაც სკუდეტოებს იგებდა. რა ბატისტუტა და რონალდო?! დღეს რომ უყურებ, ბიძაკაცები არიან, წონაში, ჭაღარით და ჯიჯი ისევ დგას, ისევ თამაშობს და ისევ სუპერმენია. სხვათა შორის, მეტსახელი სუპერმენიც მაშინ მიიღო, როცა "ელ ფენომენოს" 17 თუ 18 წლის ასაკში პენალტი აუღო და მერე პარმას გულშემატკივარს სუპერმენის მაისური აჩვენა - მეკარის აღჭურვილობის შიგნით ეცვა.

Numero Uno

ფეხბურთს დავა და დისკუსია უხდება. მესი თუ მარადონათი დაწყებული, ნესტა თუ კანავაროთი დასრულებული. დაუსრულებელი დავაა, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ არსებობს. ერთადერთი პოზიცია, რომელზეც ყველამ ვიცით, რომ იმაზე დიდი არავინ ყოფილა, მეკარეა - ჯიჯიზე დიდი მეკარე ფეხბურთს არ უნახავს. ვერც ვერავის შეადარებ.

ამ საუკუნის დასაწყისში იყო 10-წლიანი პერიოდი, როცა ბუფონი ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო იყო. ბუფონი და .... ვერც ვერავის იტყოდი, ვერ შეადარებდი.

ვინმეს ახსოვს დიდ და გადამწყვეტ თამაშში ჯიჯის შეცდომა - აი, ისეთი, ოლივერ კანს რომ მოუვიდა ბრაზილიასთან 2002-ის ფინალში? როდისმე მის გუნდს მის გამო წაუგია? იუვეს და იტალიის გულშემატკივარი ვარ და სანამ დაგუგლავთ, გეტყვით, რომ არ არსებობს. აზრი არ აქვს, ვერ იპოვით ასეთს.

მახსოვს ესპანეთის დიდების წლებიც - ხანდახან იკერს ადარებდნენ ხოლმე. კასილიასის გამოსვლაზე თამაში გემახსოვრებათ - არ იყო მისი საყვარელი და ყველაზე ძლიერი კომპონენტი. ტექნიკური თვალსაზრისით, ჯიჯის არ ჰქონდა სუსტი წერილი - ხაზზე, გამოსვლაზე, პოზიციის შერჩევა ა.შ. როცა დასჭირდა, თანამედროვე ფეხბურთს და ფეხით თამაშის ტენდენციასაც ალღო იოლად აუღო. შეიძლება ედერსონივით ან ნოიერივით არ იწყებდა შეტევას, მაგრამ იცოდი, რომ მიპრესინგებას აზრი არ აქვს, შეცდომას არ დაუშვებს.

აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ იკერზე ადრე დაიწყო და როცა ის რეალიდან გაუშვეს, მაშინაც სკუდეტოებს იგებდა და ჩემპიონთა ლიგისთვის ომებში რეალს და ბარსას არაფერს უთმობდა. ისევ პიკზე იყო. წლებით, რიცხვებით და სტატისტიკით ბუფონთან კონკურენციას აზრი არ აქვს - წაგებული წამოწყებაა.

იკერ კასილიასი: ის არის მაგალითი ჩემთვის და ჩემი თაობის ყველა მეკარისთვის. როცა მე თამაში დავიწყე, ვოცნებობდი მისნაირი ვყოფილიყავი

ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი - ყველაზე დიდ და რთულ მომენტებში ყოფილიყო საუკეთესო. რაც უფრო დიდი იყო დაძაბულობა, რაც მეტი იყო მატჩის წონა და რაც უფრო დიდი იყო მოწინააღმდეგის კლასი, ჯიჯი ბუფონიც უფრო დიდი და ყოვლისშემძლე ხდებოდა.

როცა "გალაქტიკოსების" რეალი დაუმარცხებელი გუნდი იყო, ლუიშ ფიგუს გადამწყვეტ მომენტში აუღო პენალტი. არადა, ფიგუს პენალტი მაშინ თითქოს არ იღებოდა - სულ გაჰქონდა.


2008-ში ევროპის ჩემპიონატზე ასეთი მომენტი იყო - იტალიას ჯერ ზედ ტურნირის წინ კანავარო დაემტვრა, მერე ნიდერლანდებთან შერცხვა (0:3). ჯგუფის მეორე თამაშში რუმინეთთან, 1:1-ზე, ბოლო წუთზე პენალტი დაინიშნა. მუტუ ურტყამდა - გოლი და იტალია ვარდებოდა. კომენტატორი ეხვეწება - "Gigi, fai miracolo" ("ჯიჯი, ქენი სასწაული"). რა თქმა უნდა, აიღო, იტალია ტურნირზეც დაბრუნდა და ჯგუფიდანაც გავიდა.

ცოტათი უსამართლო თუ რამე მსმენია ბუფონზე, იყო ის მითი, რომ თითქოს პენალტებს ვერ იღებდა. სამხრეთ კორეასთან, იმ სკანდალურ მერვედფინალში აქვს აღებული - ბევრს აღარ ახსოვს ეგ მომენტი. ორი პენალტი აიღო ლიგის ფინალში, მილანთან, ალბათ მისი კარიერის და იუვენტუსის ისტორიის ყველაზე საწყენი მარცხის დროს. უბრალოდ, იუვემ სამი ვერ გაიტანა. უსამართლოა, როცა პენალტების სერიას ორი აღებული დარტყმის მიუხედავად აგებ. ზოგადად, სერია A-ში 74-დან 22 პენალტი აქვს აღებული - თითქმის 30 პროცენტი.

ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ჯიჯის აბსოლუტურად ირაციონალური, სუპერვარსკვლავური აურა, ენერგია ჰქონდა. მეკარეს სტატიკური პოზიცია აქვს და ჯიჯის შეეძლო ამ სტატიკიდან გავლენა მთელ თამაშზე მოეხდინა. მისი ენერგია, უძლეველობის განცდა ბადებდა შეგრძნებას იმისა, რომ ვერ გაუტან, ვერ მოუგებ და ეს მთელს მოედანზე ვრცელდებოდა.

"აძურიშიც" და იუვენტუსშიც ათეულობით ომია მოგებული მხოლოდ იმიტომ, რომ უკან ბუფონი იდგა. მეკარის საქმე მხოლოდ ბურთების აღება კი არა არის, არამედ მთელი დაცვის, მთელი გუნდის ორგანიზება, მისთვის რწმენის, სიმშვიდის და იმედის მიცემა. არ არსებობს კარგი დაცვა კარგი მეკარის გარეშე. მის ერთ შეცდომას მთელი თამაშის, მთელი ტურნირის არევა შეუძლია. შეუძლია გუნდის ფსიქიკა, მისი ფსიქოლოგია შეარყიოს. ბუფონს ჰქონდა უნარი, მთელი გუნდის ლიდერი ყოფილიყო - მისთვის კარიდან ეხელმძღვანელა. როცა ვამბობთ, რომ ნესტა-კანავაროს დუეტი დაცვის კლასიკა იყო, ეს იმიტომაც, რომ მათ უკან ჯიჯი ბუფონი იდგა. როცა ვამტკიცებთ, რომ ლეგენდარული BBC - ბარძალი, ბონუჩი, კიელინის ტრიო ბეტონივით გაუვალი იყო, ესეც იმიტომ, რომ მათ ზურგს ბუფონი უმაგრებდა.

ჯიჯი და BBC-ს სამეული - ლეგენდარული დაცვის ხაზი

მისი დამსახურება ფეხბურთის წინაშე ისიც არის, რომ მეკარის საქმე ელიტურ, ვარსკვლავურ საქმიანობად აქცია. მესის და კრიშტიანოს ეპოქაში ის ერთადერთი თუ არა, იშვიათი იყო, ვისაც მათთან შენობით, ტოლ-სწორად ლაპარაკი და ურთიერთობა შეეძლო. თავის საქმეში მათ დონეზე იყო და იმიტომ. 

ჯიჯიმ აჩვენა, რომ მეკარე შეიძლება ლიდერი, სუპერმენი და სუპერვარსკვლავი იყოს და არა უცნაური, უჟმური და გაბრაზებული პერსონაჟი, რომელიც მკვდარ ბურთებს იღებს (უცებ კანი და შმეიხელი გამახსენდა).

ზოგადად, მეკარის პოზიცია უმადური საქმეა - ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის ფონზე ყველაზე ნაკლები აღიარება გაქვს. სხვა შემთხვევაში ბუფონს ოქროს ბურთი უნდა ჰქონდეს.

ყველაზე დიდი მომენტი

არის ერთი მომენტი, რომელიც ჯიჯის კარიერის ჰაილაითია - მის მასშტაბს და სიდიდეს ყველაზე უკეთ გადმოგცემს. ეს არის ყველაზე ეპიკური მომენტი, რადგან მასში ფეხბურთის ორი ღმერთი ხვდება ერთმანეთს. ხვდება ყველაზე დიდ სცენაზე, ყველაზე დრამატულ ეპიზოდში.

2006 წლის მუნდიალის ფინალში, დამატებით დროში სამიოდე წუთით ადრე, იქამდე, სანამ ზიდანი და მატერაცი საქმის გარჩევას დაიწყებდნენ, ვილი სანიოლი მარჯვენა ფლანგიდან აწვდის. ზიზუ შეირბენს და თავით არტყამს. მკვდარი თამაში იყო, მომენტების გარეშე. მახსოვს ზიდანის მაინც სიკვდილივით მეშინოდა. ზიდანს 1998 წლის შემდეგ დაუმარცხებელი კაცის სახელი ჰქონდა. მასზე სტატიაშიც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - არავის შეეძლო ზიდანივით გადამწყვეტი თამაშების ჩატარება, ფინალების თამაში.

წაიკითხე | დიდი მომენტების კაცი - რატომ იყო ზიდანი ფეხბურთის ნაპოლეონი

დემონური ძალა ჰქონდა. იქამდე, 1998 წლის ფინალში, ორჯერ შეაგდო თავით. მერე ევროპის ჩემპიონობა იყო და 2002-შიც საფრანგეთი მისი ტრავმის ფონზე გავარდა. ეგ ფინალიც ზიდანის "პანენკათი" დაიწყო.

იმის თქმა მინდა, რომ ზიდანის გეშინოდა - ზებუნებრივი უნარი ჰქონდა, ყველაზე კრიტიკულ მომენტში ყველაფერი თავის თავზე აეღო. არ მგონია, რომ ფეხბურთის ისტორიაში მას ამ უნარით ვინმე შეედრება. დაარტყა და იქით ჯიჯი დახვდა!


ვიღაცისთვის შეიძლება უბრალო სეივი იყო, თუნდაც მაგარი სეივი. მე სხვანაირად ვხედავ და მჯერა - ის ბურთი იმიტომ არ გავიდა, რომ ბუფონი იდგა. ზიდანივით დიადი, მისივე კალიბრის და მასშტაბის, ასევე ღმერთების განზომილებიდან. მჯერა, რომ სხვა ნებისმიერს გაუტანდა. ტექნიკურ პარამეტრზე ლაპარაკიც არ მინდა - ტექნიკურად რონალდოც დიადი იყო და რონალდინიოც. ზიზუ მათაც აი, იმ პიროვნული სიდიადით, დემონური შინაგანი ძალით ჩაგრავდა. ჯიჯისთან არ გამოვიდა. იტალიამ ფინალი მანდ მოიგო და არა პენალტებში. პენალტებში უბრალოდ გაფორმდა. ლოგიკურად, ანალიტიკურად ამის ახსნა და დამტკიცება არ შემიძლია. მაგრამ შინაგანად, ემოციურად მჯერა, რომ მისი აღება მხოლოდ ჯიჯის შეეძლო. ზიზუ არ შეიძლება ვინმე სხვასთან დამარცხებულიყო.

ზოგადად, ეგ მუნდიალი ბუფონის გარეშე ვერ იქნებოდა. იქამდე ნახევარფინალში აიღო გერმანიასთან ორი მაგარი ბურთი, უკრაინასთან მაგარი სეივით მეტოქეს არ გაათანაბრებინა, ჩეხეთთან 9 სეივი ჰქონდა და ჯამში ტურნირი ისე დაამთავრა თამაშიდან გოლი არ გაუშვია. სულ ორი გოლი მიიღო - ზიდანის პენალტი და ძაკარდოს ავტოგოლი. 

ბერლინის ტრიუმფი ბუფონის კარიერის მწვერვალი იყო

სტატისტიკის მიღმა სტილია გასათვალისწინებელი. იტალიასაც და იუვენტუსსაც ყოველთვის უყვარდათ უკნიდან, დაცვიდან თამაში. ეხერხებოდათ ეს საქმე - ჯიჯი გყავს, დაცვის გენიოსები და ამიტომაც დაცვაში დგომის არ გეშინია. ეგ სტრესი კი არა, კომფორტია. ამიტომ, ამ სტილის თამაშში მეკარის როლი, ფუნქცია და გავლენა უფრო დიდია, ვიდრე დელ ბოსკეს ესპანეთის, ბარსას ან ბაიერნის მეკარე რომ ხარ. ბანალურად, უფრო მეტი საქმე გაქვს - მეტია შენზე დამოკიდებული, მეტად გიწევს თამაშში ჩართვა. ვიღაცისთვის ხერხემალი მოედნის ცენტრია, ვიღაცისთვის ფლანგი, იტალიური ფეხბურთისთვის კი კარი და დაცვის ხაზი. ლიდერები, მთავარი ვარსკვლავები იქ თამაშობენ - თამაშის ბედი იქ წყდება.

ტექნიკური პარამეტრით, ჩემთვის ჯიჯის საუკეთესო სეივი 2003-ის ლიგის ფინალში იყო. პიპო ინძაგი არტყამს თავით, ვარდნაში. ზოგადად, თავით დარტყმულის აღება მეკარისთვის უფრო რთულია. ფეხისგან განსხვავებით, ამ დროს ვერ საზღვრავს დარტყმის ტიპს და მიმართულებას. ფეხით დარტყმის დროს იცი, რომ მაგალითად, თუ შიდა ტერფით დაარტყა, რა ტიპის დარტყმა გამოვა, ბურთი როგორ მოიჭრება და რა ტრაექტორიით იმოძრავებს. თავით დარტყმის დროს არაფერი არ იცი. თან პიპომ ძალიან დაბლა დაარტყა, ძალიან სწრაფად და, რაც მთავარია, მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეზე, მაინც აიღო.

Unico

ყველაზე მთავარი კითხვა ის არის, თუ რატომ იყო ჯიჯი ბუფონი ასე დიდი და მაგარი. ყველაზე საინტერესოც ეგ საკითხია იმიტომ, რომ აქ ვერ მოისმენთ სტანდარტულ ისტორიებს თავდაუზოგავ ვარჯიშზე, კვების და ვარჯიშის სწორ ფორმულაზე, ვერც თუნდაც ღმერთის მიერ ნაჩუქარ ტალანტზე. ადამიანურად ჯიჯი არანაკლებ, შეიძლება კიდევ უფრო დიდია, ვიდრე, როგორც მოთამაშე. როცა ის საუბრობს, ხვდები, რომ ძალიან დიდი სიღრმის, ღირსების და მასშტაბის ადამიანს უსმენ. ტურინში ყოველთვის ამბოდნენ, რომ თუკი დელ პიერო იყო ლიდერი მაგალითით, ბუფონი იყო ლიდერი სიტყვით. მისთვის ფეხბურთი, თამაში, იყო ცხოვრებისეული, ფილოსოფიური ისტორია - ხვდები, რომ ის ამით ცხოვრობს და მარტო კი არ ცხოვრობს, ისეთ სიღრმეებს ხედავს, რაც შენ არ გესმის. საუბრობს ფეხბურთზე და ამ დროს საუბრობს პოეზიაზე, ოცნებებზე, შინაგან რწმენებზე, ფასეულობებზე. მისთვის ეს ყველაფერი მოედანზე ხდება, ფეხბურთშია ეს ყველაფერი. ძალიან დიდი და საინტერესო კაცი იყო, თან გამორჩეული ლიდერის თვისებებით. ამიტომ ჩააბარეს ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ის როლი, რომელიც აქამდე ლუკა ვიალის ეჭირა - მთელი იტალიის ნაკრების ლიდერის, მენტორის და სულიერი დამრიგებელის.

მის სიდიდესა და სიდიადესთან ერთად, ყველაზე სახასიათო თვისება მისი ადამიანურობაა. უყურებ და ვერ გრძნობ, რომ სუპერვარსკვლავია. ხვდები, რომ შენნაირია. ბავშვივით ცრემლები წარუმატებლობების შემდეგ, პენალტების დროს დარტყმას არ უყურებს, თითქმის გულის შეტევის ზღვარზეა, ზურგით ტრიალდება და ტრიბუნების რეაქციით ხვდება, გავიდა, თუ არა გოლი და აბსოლუტურად ეპიკურად, ძმასავით, თანამებრძოლივით ზეიმობს თავის დაცვასთან ერთად ბურთის გამოტანას, ჩაჭრას და აღებულ სეივს. ზემოთ გითხარით, რომ მისი ენერგია იყო ის, რაც იტალიის და იუვეს დაცვას კრავდა, გაუვალს ხდიდა. ხვდები, რომ ეს ადამიანი მოედანზე ცხოვრობს, ამ თამაშით ცხოვრობს.

ბუფონი და კიელინი - განსაკუთრებული ერთობის ისტორია

ძალიან მაგარი წერილი აქვს - ღრმა დეპრესიას ებრძვის. აი, ისეთს, ფეხზე ადგომა რომ არ შეგიძლია და ამ ბრძოლის მოგების ძალას და ინსპირაციას მარკ შაგალის ნახატიდან იღებს, რომელსაც შემთხვევით მუზეუმში გადააწყდა. ფილმისეული სიუჟეტია. ხომ გითხარით, სხვა ადამიანური სიღრმე და მასშტაბი აქვს. მისი მთავარი ძალა ეს არის.

წაიკითხე | ბუფონის გულახდილი წერილი 17 წლის ბუფონს, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

თუ არის რაიმე თვისება ყველაზე მეტად სახასიათო ბუფონისთვის, ეს არის მისი უშიშრობა, მისი რისკიანობა და თავზეხელაღებულობა. ასეთი იყო ბავშვობიდან - ადამიანი, რომელსაც მუდამ აინტერესებს, სად გადის შესაძლებლობების ზღვარი და ამ ზღვარს პირველ რიგში, საკუთარ თავში ეძებს. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც თითქოს სხვებზე მეტად და ღრმად ცხოვრობენ. ჯიჯიც ასეთი იყო. სხვა ვინ არის ასეთი? კრუიფი, კობი ბრაიანტი - მეტი არც გამახსენდა. სწორედ ამიტომ ითამაშა ამდენი წელი. ასაკი, სიბერე პირველ რიგში შინაგანი, სულიერი მდგომარეობაა და როცა 45 წლის ხარ და თამაშზე იგივე ემოციით, იგივე დრაივით გადიხარ როგორც იმ საღამოს, მოსკოვში, როცა 19 წლისამ მთელი იტალია უნდა გადაარჩინო, მაშინ დროც უძლურია შენთან.

ამიტომაც არის Unico - ერთადერთი, გამორჩეული, განსხვავებული.

იუვენტინო

მხოლოდ ყველაზე დიდი მეკარე კი არა, ყველაზე დიდი იუვენტინოა. იუვეს ისტორიაში ის დელ პიეროს შემდეგ, თუ მასთან ერთად, ამ კლუბის მთავარი სიმბოლო, მისი სულის და ღირებულებების მთავარი გამოხატულებაა. პარმადან მოვიდა და იუვე მაშინვე სახლივით ექცა.

2006-ში ის იყო იმ ადამიანებს შორის, რომელთაც გავარდნილ გუნდში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღეს. მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იყო, მსოფლიოს ჩემპიონი, მეკარისთვის სულ ახალგაზრდა და სერია B-ში წავიდა. არის რაღაცები, რაც ტიტულებზე და რეკორდებზე დიდია. დელ პიერო, ბუფონი, ნედვედი, ტრეზეგე და კამორანეზი - ეს ხუთეული იყო, რომელზეც მერე ახალი იუვე შეიქმნა. ბუფონის დარჩენა ყველაზე რთული და დიდი ამბავი იყო იმიტომ, რომ კარიერის პიკში იყო, მსოფლიოში საუკეთესო და მას სხვაგან წასვლით ბევრად მეტი ფულის შოვნა და ძალიან ბევრის მოგება შეეძლო. მთელი ეს ხუთი წელი - იუვეს დამცირების პერიოდი, საკუთარ თავზე აიღო და მერე უკვე ლეგენდის, მითის, ცოცხალი გმირის რანგში მან ახალი დიდი იუვენტუსის შექმნაში მთავარი როლი შეასრულა. დღეს ვინ იცით, ბუფონის კალიბრის და კლასის ისეთი, მისი გუნდი რომ ქვედა დივიზიონში გააგდონ და მაინც დარჩეს?!

არის ერთი ასეთი ისტორია: 2012-ში სკუდეტოსთვის ბრძოლის დროს, ბოლო ტურებში, ლეჩესთან ძალიან ცუდი შეცდომა დაუშვა ბოლო წუთებზე. იუვემ ორი ქულა დაკარგა. გამთენიისას კონტეს, მაშინდელ მწვრთნელს, მესიჯი მისდის - "მერჩივნა ჯვარედინი მყესები გამეწყვიტა". ანუ ჯიჯის ხომ არ სძინავს და დარდობს და აქეთ კონტესაც არ სძინავს. ისიც დარდობს. ორივე ამით ცხოვრობს. შემდეგ თამაშზე "იუვენტუს სტადიონის" ტრიბუნებზე ულტრასები ასეთი ბანერით დახვდნენ - "ხანდახან სუპერმენიც შეიძლება რიგითი ადამიანი იყოს".

ჯიჯიმ ტურინში 12 სკუდეტო მოიგო

მისი წასვლა ეპოქის დასრულებაა, უფრო სწორად, ცხოვრების ერთი დიდი ეტაპის. ჯიჯი იყო ის, ვინც პირადად ჩემთთვის, ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში ყოველთვის იყო - რაც თავი მახსოვს, ჯიჯი სულ დგას, სულ ლეგენდაა და სულ მის იმედზე ვარ, სულ სასწაულის მჯერა. ის იყო ბოლო, რომელიც 2006 წლის ტრიუმფის გუნდიდან შემორჩა, ის იყო ბოლო, რომელიც ლიპის იუვენტუსში თამაშობდა, იყო უკანასკნელი, ვინც 90-იანებიდან, ბაჯოს და რონალდოს ეპოქიდან ჩვენს დრომდე მოვიდა - სანამ ის იდგა, ეს ამბებიც, ეს გუნდებიც სულ ცოცხალი იყო, წარსული არასოდეს ყოფილა.

ბოლო წლებში ხშირად ვერ ვხედავდით - ფეხბურთიდან წასული, მობრუნდა, ხან პარიზში იყო, მერე ტურინში დაბრუნდა 1 წლით, ახალწვეულებისთვის რომ ესწავლებინა, რას ნიშნავს იუვე. მერე მშობლიურ პარმას ეხმარებოდა.

მაგრამ ის ფაქტი, რომ ის ისევ თამაშობს, მაინც ძალიან ბევრს ნიშნავდა. მისი წასვლის შემდეგ საყვარელი ფეხბურთელი აღარც დამრჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები