Thumbnail
  • ბუდაპეშტის მასტერსის შემდეგ ძიუდოს ფედერაციამ ახალი კლასიფიკაცია გამოაქვეყნა
  • სამ წონით კატეგორიას სათავეში საქართველოს ნაკრების წარმომადგენლები უდგანან

მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა მასტერსზე ჩემპიონობის წყალობით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) განახლებულ რეიტინგში სოლიდური წინსვლა განიცადა და ახლა, 90 კგ-მდე კატეგორიაში მხოლოდ თანამემამულე ლუკა მაისურაძეს ჩამორჩება. ცვლილებები საქართველოს ნაკრების სხვა წევრებსაც შეეხოთ, რომელთაც წონების მიხედვით გაგაცნობთ.

60 კგ.

გიორგი სარდალაშვილმა (4 983) 1 პოზიცია დაკარგა და მე-5 ადგილზე იმყოფება, მის წინ კი მასტერსის ოქროსმედალოსან რიუჯუ ნაგაიამას (იაპონია, 5 410), ბალაბაი აღაიევს (აზერბაიჯანი, 5 409), ჰარიმ ლისა (სამხრეთ კორეა, 5 400) და ფრანსიკო გარიგოსს (ესპანეთი, 5 360) ვხედავთ. თემურ ნოზაძეს (1 843) 28-ე საფეხური უკავია, ლუხუმ ჩხვიმიანი (1 636) 29-ეა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (933) – 44-ე.

66 კგ.

ვაჟა მარგველაშვილი (3 894) 2 პოზიციით დაქვეითდა და მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-8 ადგილზე იმყოფება, ხოლო გიორგი თუთაშვილი (914) 47-ეა. ამ წონის ლიდერთა ხუთეული ასე გამოიყურება: დენის ვიერუ (მოლდოვა, 7 355), ბასხუუ იონდონპერენლეი (მონღოლეთი, 5 448), ჰიფუმი აბე (იაპონია, 4 500), ბოგდან იადოვი (უკრაინა, 4 232), ვალიდ ხიარი (საფრანგეთი, 4 208).

ლაშა შავდათუაშვილმა მასტერსზე გიორგი ტერაშვილს მოუგო და რეიტინგის მოწინავე სამეულში შეაღწია

73 კგ.

ლაშა შავდათუაშვილი (5 332) მასტერსზე აღებული ბრინჯაოს მედლის წყალობით 4 ადგილით დაწინაურდა და მე-3 პოზიციაზე დამკვიდრდა. მის წინ მხოლოდ აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვსა (5 708) და იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს (5 630) ვხედავთ, ქართველი ძიუდოისტის უახლოესი მდევრები კი შვეიცარიელი ნილს სტამპი (5 263) და მონღოლი ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირი (5 098) არიან. ამავე წონაში მე-18 ადგილზე გადაინაცვლა გიორგი ტერაშვილმა (2 587), რომელმაც რეპეშაჟის გადამწყვეტი ორთაბრძოლა სწორედ შავდათუაშვილთან წააგო.

81 კგ.

მიუხედავად იმისა, რომ მასტერსზე მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, წონით კატეგორიას დამაჯერებლად ლიდერობს (ყველა წონაში საუკეთესო შედეგით) ტატო გრიგალაშვილი (9 625). მას კვალში მასტერსის ჩემპიონი მატიას კასე (ბელგია, 9 105), საეიდ მოლაეი (აზერბაიჯანი, 4 978), გილერმე შმიდტი (ბრაზილია, 4 879) და ჯოონჰვან ლი (სამხრეთ კორეა, 4 180) უდგანან. 

90 კგ.

როგორც აღვნიშნეთ, ამ წონის სათავეში საქართველოს ნაკრების ვარსკვლავები იმყოფებიან. მასტერსის ოქროს მედლის მფლობელი ლაშა ბექაური (5 800) მე-2 ადგილზე დამკვიდრდა, ლიდერი კი გასული ტურნირის ფინალისტი ლუკა მაისურაძეა (7 810). ქართველების უახლოესი მდევრები სანშირო მურაო (იაპონია, 5 530), დავლატ ბობონოვი (უზბეკეთი, 5 398) და კრისტიან პარლატი (იტალია, 4 747) არიან, ბექა ღვინიაშვილს (4 178) კი მე-7 საფეხური უკავია.

ილია სულამანიძემ ბუდაპეშტში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და წონაში ლიდერობა შეინარჩუნა

100 კგ.

წონაში ლიდერობა შეინარჩუნა მასტერსის ბრინჯაოს პრიზიორმა ილია სულამანიძემ (6 938), რომელსაც კვალში ზელიმ კოცოიევი (აზერბაიჯანი, 5 735), მიხაელ კორელი (ნიდერლანდები, 5 566), პეტერ პალჩიკი (ისრაელი, 5 201) და კაილ რეიესი (კანადა, 5 003) უდგანან. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (3 229) მეთორმეტეა, ონისე სანებლიძე (2 000) 30-ე, ხოლო გიორგი ბერიაშვილი (1 165) – 39-ე.

+100 კგ.

მძიმე წონაში 6 ადგილით დაწინაურდა და მე-14 პოზიციაზე იმყოფება მასტერსის ბრინჯაოს მედალოსანი გელა ზაალიშვილი (3 206). მის მიერ რეპეშაჟში დამარცხებული გურამ თუშიშვილი (3 343) მეთორმეტეა, საბა ინანეიშვილს (1 930) კი 24-ე ადგილი უკავია. ლიდერთა ხუთეული ასე გამოიყურება: ტემურ რახიმოვი (ტაჯიკეთი, 7 005), ტაცურუ საიტო (იაპონია, 5 820), ალიშერ იუსუპოვი (უზბეკეთი, 5 320), ცეცენცენგელ ოდხუუ (მონღოლეთი, 4 939), ენდი გრანდა (კუბა, 4 934).

ქალები

ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) 3 ადგილით დაწინაურდა და 3 878 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, ხოლო მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი (+ 100 კგ.) 1 საფეხურით დაქვეითდა და 2 785 ქულით მე-18 პოზიცია უკავია. 

მსოფლიო ძიუდოს კალენდარში მორიგი მნიშვნელოვანი ტურნირი 18-20 აგვისტოს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დაგეგმილი გრან პრია, 23-27 აგვისტოს იქვე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება, 22-24 სექტემბერს კი, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო გრანდ სლემს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები