- კალაშნიკოვა/ჰიბინო 6:7 (7:9), 7:5, 10:3 გლისონი/ლეჩემია
- ქართველმა ჩოგბურთელმა და მისმა მეწყვილემ სუპერ ტაი-ბრეიკზე იმარჯვეს
32 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსამა კალაშნიკოვამ და მისმა იაპონელმა მეწყვილემ ნაო ჰიბინომ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართული საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 259 303 დოლარი) მოიგეს.
კალაშნიკოვა და ჰიბინო Livesport Prague Open-ის გადამწყვეტ მატჩში ამერიკელ ქუინ გლისონსა და ფრანგ ელიქსენ ლეჩემიას გაეჯიბრნენ და მართალია, პირველი სეტი წააგეს, საბოლოოდ, 6:7 (7:9), 7:5, 10:3 იმარჯვეს.
შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვამ და ჰიბინომ ფინალამდე 3 გამარჯვება იზეიმეს. ქართულ-იაპონურმა წყვილმა ტაილანდელებს (კუმკუმი-პლილუეჩი) 6:4, 3:6, 10:6 სძლიეს, შემდეგ კი გზიდან ჯერ ვენესუელელი გამიზი და ბრიტანელი უოტსონი (6:4, 3:6, 10:7), შემდეგ კი ჩეხები – პალიცოვა და სალკოვა ჩამოიცილეს (6:1, 6:2). საინტერესოა ისიც, რომ ჰიბინო პრაღის ტურნირზე ერთეულთა თანრიგშიც გაჩემპიონდა.
ამ წარმატების წყალობით, ოქსანა WTA-ს წყვილთა რეიტინგში დაწინაურდა და მომავალი კვირიდან 1830 ქულით სავარაუდოდ, მსოფლიოს 44-ე ჩოგანი გახდება. ქართველი ჩოგბურთელის საუკეთესო მიღწევა 2016 წლის ივნისით თარიღდება, როდესაც მან 43-ე პოზიციას უწია. კალაშნიკოვას წყვილებში WTA-ს უკვე 6 და WTA-ს ჩელენჯერის 3 ტურნირი აქვს მოგებული, ITF-ის ეგიდით, კი 30 ტიტული გააჩნია.
კომენტარები