Thumbnail

'მოვიცადოთ 31 აგვისტომდე' - ჩავი ბარსელონაში ნეიმარის დაბრუნებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ჯერჯერობით უცნობია, ისევ ითამაშებს თუ არა მომავალ სეზონში ნეიმარი პარი სენ-ჟერმენის მაისურით. 31 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი პარიზულ გუნდთან ერთად ემზადება და ცოტა ხნის წინ საკონტროლო მატჩში დუბლითაც გამოირჩა, თუმცა იქნება თუ არა ლუის ენრიკეს გუნდში აგვისტოს შემდეგაც, ძნელი სათქმელია. 

ნეიმარის მომავალს ყველაზე ხშირად ბარსელონასა და ლონდონის ჩელსისთან აკავშირებენ. კატალონიური გუნდის მთავარ მწვრთნელს ჩავის შეკითხვა კატალონიურ კლუბში ბრზილიელის შესაძლო დაბრუნებაზე დაუსვეს.

"ჩემზე არაფერია დამოკიდებული. შარშან სხვა კლუბის ერთი ფეხბურთელის გვარი ვახსენე და ამის გამო გაბრაზდნენ. რაიმე კონკრეტულის თქმა არ შემიძლია, როდესაც საუბარი ეხება ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც სხვა კლუბებში გამოდიან. ვნახოთ, რის გაკეთებას შევძლებთ 31 აგვისტომდე, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, მაგრამ ჯერჯერობით კომენტარს ვერ გავაკეთებ ვერავიზე, მათ შორის ნეიმარზე", - თქვა ჩავიმ. 

ნეიმარი ბარსელონაში 2013-2017 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც 222 მილიონ ევროდ პსჟ-ში გადაბარგდა და ეს ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში უძვირფასესად რჩება. ბრაზილიელს პარიზელებთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

გასუკლ სეზონში ნეიმარმა პარი სენ-ჟერმენის ღირსება ყველა ტურნირის 29 მატჩში დაიცვა, რომლებშიც 18 გოლითა და 17 საგოლე პასით გამოირჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები