Thumbnail
  • ავსტრალია მსოფლიო თასზე მაიკლ ჰუპერისა და ქუეიდ კუპერის გარეშე ითამაშებს
  • ბორჯღალოსნები სახელოვან მეტოქეს 9 სექტემბერს პარიზში დაუპირისპირდებიან

ავსტრალიის სარაგბო ნაკრებმა, რომელიც მოახლოებულ მსოფლიო თასზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე იქნება, შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც რამდენიმე ვარსკვლავი აკლია.

ტრავმების გამო, “ვოლაბებს” ალან ალაალატოა, ლენ იკიტაუ და მაიკლ ჰუპერი დააკლდებათ, მთავარი მწვრთნელის ედი ჯონსის გადაწყვეტილებით კი, მსოფლიო თასზე ვერ ითამაშებენ ქუეიდ კუპერი, პიტ სამუ, რის ჰოჯი და ტომ რაიტი.

ცხადია, სხვებისგან მაინც ჰუპერი და კუპერი უნდა გამოვარჩიოთ, რომელთაც ეროვნული გუნდის მაისურით, შესაბამისად, 124 და 79 ტესტი აქვთ ჩატარებული. მოსალოდნელია, რომ კუპერის არყოფნაში ძირითადი მგეზავის როლს კარტერ გორდონი მოირგებს.

ჯონსის გადაწყვეტილებით, ნაკრების ახალი კაპიტანი ფრანგული ლა როშელის მესამეხაზელი ვილ სკელტონი იქნება და ესეც მოულოდნელია, რადგანაც მას აქამდე სამკლავური არასდროს მოურგია.

ავსტრალიელებმა ახალ კაპიტნად ვილ სკელტონი აკურთხეს

რჩეულ 33-ს შორის მხოლოდ 8 მორაგბეა, ვისაც გასულ მსოფლიოზე უთამაშია: ჯორდან პეტაია, სამუ კერევი, მარიკა კოროიბეტე, ტანიელა ტუპოუ, ჯორდან უელესე, ნიკ ვაიტი, ხსენებული სკელტონი და ჯეიმს სლიპერი. ამ უკანასკნელ მსოფლიო თასზე ზედიზედ მეოთხედ ვიხილავთ, რაც ამჟამინდელ რაზმში საუკეთესო მაჩვენებელია.

შემადგენლობაში 3 დებიუტანტი მოხვდა: ბლეიკ შუპი, ისააკ ფაინს-ლელეივასა და მაქს იორგენსენი. ეს უკანასკნელი სულაც 18 წლისაა და ყველაზე ახალგაზრდა ავსტრალიელი მორაგბე გახდება, რომელიც მსოფლიო თასზე ითამაშებს.

“ვოლაბების” საშუალო ასაკი 26 წელია, საშუალო კეპები კი 20-ს უტოლდება, რაც 1991 წლის მსოფლიო თასის შემდეგ უმცირესი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ მომავალი მსოფლიო თასი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება, საქართველო და ავსტრალია კი ჩ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც უელსი, ფიჯი და პორტუგალიაც ითამაშებენ. კონკრეტულად ქართულ-ავსტრალიური დაპირისპირება 9 სექტემბერს პარიზულ სენ დენიზეა დაგეგმილი. ჯგუფი სწორედ ამ მატჩით გაიხსნება.

კომენტარები

ბოლო ამბები