- სანდრო მამუკელაშვილის რეიტინგი 2-ით გაიზარდა
- ბითაძის სამქულიანის სიზუსტე უცვლელი რჩება
- თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ნიკოლა იოკიჩს აქვს
პოპულარული საკალათბურთო სიმულატორის NBA 2K-ის ახალი სერია 8 სექტემბერს გამოდის. ფრენჩაიზის რიგით 24-ე გამოშვების გარეკანზე ლეგენდარული კობი ბრაინტი იქნება გამოსახული, ესეც სიმბოლურია - “მამბამ” თავისი კარიერის დიდი ნაწილი 24-ნომრიანი მაისურით გაატარა.
სანამ გულშემატკივრები 2K24-ის გამოსვლის მოლოდინში არიან, მანამდე კომპანიამ ის კალათურთელები გამოავლინა, რომლებსაც თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ, ცხადია, პირველ ეტაპზე სუპერვარსკვლავების მონაცემები გავრცელდა.
NBA 2K24-ში ყველაზე მაღალი რეიტინგი დენვერ ნაგეტსის ცენტრს ნიკოლა იოკიჩს ექნება, სერბის მონაცემები 98-ით შეფასდა. MVP-ის ორგზის მფლობელს სიმულატორში ამხელა რეიტინგი არასდროს ჰქონია, რაც ლოგიკურია, მან გასული სეზონი ჩემპიონობითა და ფინალების MVP-ის ჯილდოთი დაასრულა.
ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა 96-იანი რეიტინგი მიიღო, ესენი არიან: იანის ანტეტოკუმპო, ლებრონ ჯეიმსი, ჯოელ ემბიიდი, კევინ დურანტი და სტეფ კარი. მათ შემდეგ ლუკა დონჩიჩი (95), ჯეისონ ტეიტუმი (95), ჯიმი ბატლერი (95), კავაი ლეონარდი (94), დევინ ბუკერი (94) და დემიენ ლილარდი (94) მოდიან.
გოგა ბითაძე - 75
რაც შეეხება ქართველ კალათბურთელებს: პოპულარულ სიმულატორში გოგა ბითაძის რეიტინგი უცვლელია - 75. აღსანიშნავია, რომ მისი მონაცემები წინა წელთან შედარებით მაინც შეიცვალა, შედარებისთვის - შარშან მისი Offensive Rebound 80-ს შეადგენდა, წელს - 84-ია, დაფარების რეიტინგი 84 ჰქონდა, წელს 85 აქვს. Close Shot, Shot IQ და სამქულიანის სიზუსტე, ასევე უცვლელი რჩება.

სანდრო მამუკელაშვილი - 73
სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიოში გადასვლა და კარგი თამაში დეველოპერებმა შეუმჩნეველი არ დატოვეს, თუმცა ეს ყველაფერი მინიმალური რეიტინგის ზრდით შემოიფარგლა. მამუს რეიტინგი 73-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით მხოლოდ 2-ით მეტია. სანდრომ მაღალი შეფასებები გამძლეობასა და ათლეტურობაში მიიღო, ხოლო სამქულიანის სიზუსტის მონაცემები მკვეთრად დაბალი მიანიჭეს - 71.

კომენტარები