Thumbnail

ხოტენაშვილი მსოფლიო თასის მეოთხედფინალშია - მოგება მსოფლიოს მე-4 ნომერთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა მოჭადრაკემ ბაქოში მიმდინარე ტურნირზე დიდ წარმატებას მიაღწია
  • ბელა ხოტენაშვილის მომდევნო მეტოქე ჩინელი ტან ჟონგი იქნება

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბელა ხოტენაშვილი ფიდე-ს მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ითამაშებს.

ხოტენაშვილმა ამ წარმატებას მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერ ჰამპო კონერუსთან მოგების (3:1) წყალობით მიაღწია.

საინტერესოა, რომ კლასიკურ პარტიებში ქართველმა და ინდოელმა მოჭადრაკეებმა მოგებები გაცვალეს (ორივემ შავებით იმარჯვა), დამატებითი 2 სწრაფი პარტია კი ხოტენაშვილის გამარჯვებით დასრულდა.

უკვე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში ბელას კიდევ ერთი ძლიერი მეტოქე – ჩინელი ტან ჟონგი (მე-6 განთესვა) ელის, გამარჯვების შემთხვევაში კი, საქართველოს ნაკრების წევრი ფინალის საგზურისთვის ჰარიკა დრონავალისა (ინდოეთი) და ალეკსანდრა გორიაჩკინას (რუსეთი, ფიდე-ს სახელით თამაშობს) შორის უმჯობესს შეხვდება.

დანარჩენი მეოთხედფინალები ასე დაკომპლექტდა: ელიზაბეტ პაეტცი (გერმანია)-ანა მუზიჩუკი (უკრაინა), პოლინა შუვალოვა (რუსეთი)-ნურგიულ სალიმოვა (ბულგარეთი).

მეოთხედფინალის პარტიები 12 და 13 აგვისტოს ჩატარდება, საჭიროების შემთხვევაში კი, ტაი-ბრეიკი 14 აგვისტოს არის დაგეგმილი.

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო თასის საპრიზო ფონდი 2.5 მილიონი დოლარია, საიდანაც კაცთა შორის ჩემპიონი 110 ათასს მიიღებს, ხოლო ქალთა შორის საუკეთესო – 50 ათასს. ფინალური მატჩი 22-24 აგვისტოს შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები