Thumbnail

საქართველოს კალათბურთის და რაგბის ეროვნული ნაკრები გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის ემზადებიან. ილიას ზუროსის გუნდმა თბილისის თასი მოიგო, "ბორჯღალოსნებმა" კი რუმინეთი გაანადგურეს. გასული უიკენდის მნიშვნელოვანი ამბები "ორშაბათის საკითხავში".


კალათბურთი | ნაკრებმა თბილისის თასი მოიგო

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში ეს წარმატება მეტი თავდაჯერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: საქართველოს ნაკრებმა თბილისის საერთაშორისო თასი მოიგო! ილიას ზუროსის გუნდმა ფინალში საკმაოდ ძლიერი მონტენეგროს ნაკრები დაამარცხა, რომელიც ჩიკაგო ბულსის ვარსკვლავის, ნიკოლა ვუჩევიჩის გარშემოა აწყობილი. ნაკრებმა ფინალში დამაჯერებლად ითამაშა და 84:79 გაიმარჯვა, მანამდე კი, ნახევარფინალში იორდანიის ნაკრებს მოუგო.

📋 | ფინალის მიმოხილვა ნახეთ აქ

იტალია | რას წერს მედია კვერნაძეზე

გიორგი კვერნაძეს ფროზინონეში ოფიციალური დებიუტი კარგი გამოუვიდა. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა იტალიის თასის 1/32-ფინალში პიზა 1:0 დაამარცხა. 20 წლის ქართველმა შემტევმა, რომელიც მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა და ჯუზეპე კაზო შეცვალა, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გატანაც შეეძლო. შესაბამისი იყო იტალიური მედიის გამოხმაურებაც.

📋 | იტალიური მედიის გამოხმაურება კვერნაძის დებიუტზე ნახეთ აქ.

საფრანგეთი | მიქაუტაძის საგოლე პასი

საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში გიორგი მიქაუტაძის მეცი სტუმრად რენთან 1:5 დამარცხდა, თუმცა გიორგი მიქაუტაძემ, რომელსაც ლიგა 1-ში აქამდე ორი მატჩი ჰქონდა ნათამაშები, ჯამში კი სულ რაღაც 8 წუთი, საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში თამაში შეუცვლელად პირველად ჩაატარა. გიორგიმ საგოლე პასიც გააკეთა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეცში ნათელი წერტილი იყო.

📋 | წაიკითხეთ ვრცლად და მიქაუტაძის ასისტი ნახეთ აქ.

საუდის არაბეთი | ნეიმარიც მიჰყავთ!

საუდის არაბეთში ევროპიდან ფეხბურთელების გადინების პროცესი გრძელდება და როგორც ჩანს, შემდეგი ნეიმარი იქნება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ალ-ჰილალის ხელმძღვანელობა ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავის ტრანსფერზე მუშაობას უახლოეს საათებში წარმატებით დაასრულებს. გარიგებას პარი სენ-ჟერმენმაც მწვანე შუქი აუნთო.

📋 | ნეიმარის ტრანსფერზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

იტალია | სპალეტი ნაკრებში მუშაობაზე თანახმაა

რობერტო მანჩინი მოულოდნელად გადადგა და იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. იტალიის ფეხბურთის ფედერაციას დიდი დრო არ აქვს: სამ კვირაში ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე "აძურის" გადამწყვეტი მატჩები ელოდება (ჩრდილოეთ მაკედონიასა და უკრაინასთან). ფედერაციაში განაცხადეს, რომ ახალ მწვრთნელს უახლოეს ხანში შეარჩევენ. მედიაში რამდენიმე კანდიდატის გვარმა გაიჟღერა, მათ შორის ანტონიო კონტეს გვარმა, რომელიც 2014-2016 წლებში უკვე მუშაობდა იტალიის ნაკრებში, მაგრამ ფავორიტი ნაპოლის ექს-დამრიგებელი ლუჩანო სპალეტია.

📋 | იტალიის ნაკრებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები