Thumbnail
  • 'მიზანი ისაა, რომ 6 ერში მათი ჩართვის აუცილებლობაში ყველანი დაარწმუნონ'
  • ირლანდიურმა ვებ-გვერდმა C ჯგუფის მონაწილეთა შანსებზე დაწერა

სარაგბო ვებ-გვერდმა RugbyDump მსოფლიო თასზე C ჯგუფში მოსალოდნელი ბატალიების შესახებ დაწერა და მთავარი აქცენტი ფიჯის ნაკრებზე გააკეთა, თუმცა, ყურადღება საქართველოსაც დაუთმო. ირლანდიური საიტის აზრით, ბორჯღალოსნები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მსოფლიო თასზე წარმატებული თამაში სამომავლოდ მათი 6 ერში ჩართვის წინაპირობა გახდეს.

"მსოფლიოს ჩემპიონატის C ჯგუფში მოვლენათა საინტერესო განვითარებას უნდა ველოდეთ. ავსტრალიისა და უელსის ნაკრებებში დიდი ცვლილებებია დაწყებული, ფიჯი კი 2023 წელს ჯერაც დაუმარცხებელია და სულ უფრო სახიფათო ძალა ხდება. პრობლემები შეიძლება შექმნას საქართველოს ნაკრებმაც, რომელიც  შეეცდება ხმაურიანი თამაშები ჩაატაროს, რათა ყველა დაარწმუნოს მისი 6 ერში ჩართვის აუცილებლობაში. მსოფლიო თასზე "მშიერი" ჩავა პორტუგალიაც, რომლის დაუფასებლობა ასევე არ შეიძლება. ამ გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე არაერთი გმირობა ჩაიდინა.

ფიჯელები, რომელთაგანაც მოახლოებულ ტურნირზე სენსაციებს ყველაზე მეტად ელიან, საწყის მატჩებში ავსტრალიასა და უელსს ეთამაშებიან და თუკი ორივე ან ერთი მათგანი მოიგეს, პლეი-ოფისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამენ. სწორედ ამის შემდეგ იქნება საქართველოსთან შერკინება, რომელშიც ასევე დიდ ბრძოლას უნდა ველოდეთ. ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 2021 წელს შედგა და ფრედ (15:15) დასრულდა. მას მერე ფიჯურ რაგბიში ბევრი რამ შეიცვალა. ეს ეხებათ როგორც ხელმძღვანელობას, ასევე - შემადგენლობას. ვფიქრობთ, რომ ფიჯელთა ამჟამინდელი ნაკრები ქართველებისთვის ზედმეტად ძლიერად გამოიყურება".

საქართველოსა და ფიჯის ბოლო დაპირისპირება 2021 წელს მადრიდში შედგა და ფრედ დასრულდა

შეგახსენებთ, რომ ფიჯის ნაკრებმა მოსამზადებელ ციკლში წყნარი ოკეანის თასზე ითამაშა, სამივე მატჩი მოიგო (ტონგასთან – 36:20, სამოასთან – 33:19, იაპონიასთან – 12:35) და ტურნირის გამარჯვებული გახდა. 18 აგვისტოს ფიჯელები ნანტში საფრანგეთს გაეჯიბრებიან, 26-ში კი, ლონდონში ინგლისთან ტესტია დაგეგმილი.

საინტერესოა, რომ მომავალ მსოფლიო თასზე C ჯგუფში გაწევრიანებული ოთხეული მსოფლიო რაგბის რეიტინგში ერთმანეთის მიყოლებით არის განლაგებული, რაც კიდევ ერთი ინდიკატორია, რომ მოახლოებულ ტურნირზე დიდ ამბებს უნდა ველოდეთ: ავსტრალია მერვეა, ფიჯი – მე-9, უელსი – მე-10, ხოლო საქართველო – მე-11.

შეგახსენებთ, რომ ფიჯელებს სწორედ ავსტრალია და უელსი ჰყავდათ მეტოქეებად 2007 წლის მსოფლიო თასზეც, როდესაც სენსაცია მოახდინეს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს. მაშინ კუნძულელებმა ავსტრალიასთან 12:55 წააგეს, თუმცა, შემდეგ უელსს 38:34 სძლიეს და პლეი-ოფში გავიდნენ. 

2023 წლის მსოფლიო თასი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება, მეოთხედფინალში გასასვლელად კი, ჯგუფის ორ საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრაა საჭირო. კონკრეტულად ფიჯისა და საქართველოს ეროვნული გუნდების შეხვედრა 30 სექტემბერს ბორდოში შედგება.

მსოფლიო თასი 2023. C ჯგუფის კალენდარი

9 სექტემბერი: ავსტრალია-საქართველო
10 სექტემბერი: უელსი-ფიჯი
16 სექტემბერი: უელსი-პორტუგალია
17 სექტემბერი: ავსტრალია-ფიჯი
23 სექტემბერი: საქართველო-პორტუგალია
24 სექტემბერი: უელსი-ავსტრალია
30 სექტემბერი: ფიჯი-საქართველო
1 ოქტომბერი: ავსტრალია-პორტუგალია
7 ოქტომბერი: უელსი-საქართველო
8 ოქტომბერი: ფიჯი-პორტუგალია

კომენტარები

ბოლო ამბები