Thumbnail
  • ალ-ჰილალმა ნეიმარის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა
  • ბრაზილიელი ვარსკვლავიც საუდი პრო ლიგას შეუერთდა

ახლა უკვე ოფიციალურადაც დადასტურდა - ნეიმარი ალ-ჰილალის ფეხბურთელია!

საუდის არაბეთის ჩემპიონატს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა, რომელმაც ადგილობრივი ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ნეიმარი ამ ორ წელიწადში ხელფასის სახით 160 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა, სხვა ბევრი პრივილეგიითაც ისარგებლებს. არაოფიციალური ცნობით, ბრაზილიელი ვარსკვლავი ალ-ჰილალის თითოეულ მოგებულ მატჩზე ბონუსად 80 000 ევროს გამოიმუშავებს, სოციალურ ქსელში განთავსებულ თითოეულ პოსტზე კი, რომელიც საუდის არაბეთს პოპულარიზაციას გაუწევს, 500 000 ევრო ერგება. გარდა ამისა, ნეიმარი ისარგებლებს კერძო თვითმფრინავით და თავის შეყვარებულთან ერთად ქვეყანაში ცხოვრების უფლება ექნება, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ოფიციალურად დაქორწინებული არ არის. საქმე ისაა, რომ საუდის არაბეთში იკრძალება წყვილის ერთად ცხოვრება, თუ ისინი დაქორწინებული არ არიან, მაგრამ ნეიმარის შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს.

ნეიმარის ევროპული კარიერა დასრულდა

ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, ალ-ჰილალმა პარი სენ-ჟერმენს 100 მილიონი ევრო გადაუხადა. ამგვარად, ნეიმარის ტრანსფერში სხვადასხვა კლუბმა ჯამში 410 მილიონი ევრო დახარჯეს - 100 მილიონი ალ-ჰილალმა, 220 მილიონი მანამდე პსჟ-მ (რითაც ის დღემდე ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია), ხოლო 2013 წელს ბარსელონამ სანტოსს 88 მილიონი ევრო გადაუხადა. ნეიმარის ჯამური თანხა ლუკაკუს ტრანსფრებში გადახდილ თანხას აღემატება: ბოლო ათწლეულში ბელგიელ ფორვარდში რამდენიმე კლუბმა ჯამში 333 მილიონი ევრო დახარჯა.

31 წლის ნეიმარმა კარიერა სანტოსში დაიწყო, სადაც 2013 წლამდე ითამაშა (225 მატჩი, 136 გოლი), მომდევნო 4 სეზონი ბარსელონაში გაატარა (186 მატჩი, 105 გოლი), ხოლო 2017 წლიდან პსჟ-ს ღირსებას იცავდა, რომლის მაისურით 173 შეხვედრაში თავი 118-ჯერ გამოიჩინა. ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია პელესთან ერთად - 77 გოლი 124 თამაშში.

ალ-ჰილალმა მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ნეიმარის გარდა, რუბენ ნევეში, კალიდუ კულიბალი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი და მალკომი დაიმატა. საუდი პრო ლიგის პირველ ტურში მათ აბას დამარცხება მალკომის ჰეთ თრიკით მოახერხეს (3:1).

კომენტარები

ბოლო ამბები