Thumbnail
  • ჯუდ ბელინგემის წასვლა დორტმუნდში ბევრს გაუხარდა
  • როგორც ირკვევა, მას თანაგუნდელებთან პრობლემები ჰქონდა

ჯუდ ბელინგემის სახით დორტმუნდის ბორუსიამ საუკეთესო ფეხბურთელი დაკარგა, მაგრამ გერმანული კლუბის ფეხბურთელებს ეს ამბავი არათუ არ წყინთ, უხარიათ კიდეც. საქმე ისაა, რომ 20 წლის უნიჭიერესი ნახევარმცველის გამო გუნდში არაჯანსაღი გარემო იყო. “ბილდი” წერს, რომ ბორუსიას ფეხბურთელებს ბელინგემი ბევრი რამის გამო არ მოსწონდათ.

პირველ რიგში იმიტომ, რომ ბელინგემი მატჩების შემდეგ ფანებთან მისვლას არ ჩქარობდა და ელოდებოდა, როდის დაასრულებდნენ მისი თანაგუნდელები გულშემატკივრებთან ზეიმს, რათა მერე მარტო მისულიყო და პირადად მიეღო მათგან ტაში და ოვაციები. დორტმუნდის ფეხბურთელებმა შეამჩნიეს, რომ ბელინგემს ყურადღების ცენტრში ყოფნა სურდა, თანაგუნდელები კი მისთვის მეორეხარისხოვანი იყვნენ.

მასზე ამბობენ, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა ზედმეტად უყვარს

გარდა ამისა, ჯუდ ბელინგემი ხშირად ამცირებდა თანაგუნდელებს. მაგალითად, ყველამ დაინახა, როგორ ეჩხუბა ის ნიკო შულცს 2022 წლის თებერვალში, ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ. ცუდი პასის შემდეგ ინგლისელმა მას უყვირა, პასის მოცემა არ შეგიძლია, სულ ასეთ პასებს აკეთებო და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, ბელინგემის ასეთი დამოკიდებულება თანაგუნდელების მიმართ გასულ სეზონშიც გაგრძელდა - განსაკუთრებით ვარჯიშების დროს.

ბელინგემი ახლა უკვე მადრიდის რეალის ფეხბურთელია

ბელინგემი ბოლო სეზონში ბორუსიას მესამე კაპიტანი იყო, მაგრამ სხვა ფეხბურთელები ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ, რადგან თითქმის არასდროს იქცეოდა ისე, როგორც გუნდის ერთ-ერთ ლიდერს შეეფერება. ამ ყველაფრის გამო, დორტმუნდის გასახდელში ბევრი იყო მის წინააღმდეგ.

ვნახოთ, როგორი დამოკიდებულება და ურთიერთობა ექნება ჯუდ ბელინგემს თანაგუნდელებთან მადრიდის რეალში…

კომენტარები

ბოლო ამბები