Thumbnail
  • ალჯამეინ სტერლინგი შონ ო'მალისთან ბრძოლის წინ YouTube-არხზე ფანებს ესაუბრა
  • სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის თქმით, სასმელი დაძინებასა და განტვირთვაში ეხმარება
  • იამაიკელმა მებრძოლმა ხუმრობით ილია თოფურიაც ახსენა

სუპერსუბუქ წონაში UFC-ის მოქმედმა ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა (23-3) თავის YouTube-არხზე საუბრისას ალკოჰოლისადმი მის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. გულშემატკივრებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში მყოფმა იამაიკელმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ სასმელი ორთაბრძოლების წინ განტვირთვაში ეხმარება და კადრში ბოთლიც გამოაჩინა. 

ალჯომ არ დამალა, რომ დალევის სურვილი იმ წუთშიც ჰქონდა, მაგრამ ამას არ გააკეთებდა ილია თოფურიას მსგავსად, რომელმაც ადრე ღვინო ჩართვის დროს შესვა. მაშინ ილიამ აღნიშნა, რომ სასმელი ბრძოლის წინ წონის კლების რთული პროცესის დაძლევაში ეხმარება. 

ილია თოფურია ალკოჰოლიან სასმელებში ღვინოს ამჯობინებს

"ახლავე სიამოვნებით გადავკრავდი, მაგრამ არ ვაპირებ ილია თოფურიას მივბაძო და ბრძოლის წინ ღვინო დავლიო. სხვათა შორის, ის ბოკალს სვამს ხოლმე. ბრძოლის წინ ალკოჰოლს ყოველთვის ვიღებ. გამონაკლისი, როდესაც ბრძოლის წინ არ დავლიე, ცოტა ხნის წინ ჰენრი სეხუდოსთან დაპირისპირება იყო. როგორც წესი, აწონვის შემდეგ, საღამოს ალკოჰოლიან სასმელს ყინულით ან ლუდს ვსვამ ხოლმე. მიყვარს იმის მიღება, რაც მეხმარება დაძინებასა და განტვირთვაში", - აქვეყნებს სტერლინგის სიტყვებს MMA NEWS

ალჯამეინ სტერლინგი წონის შეცვლას აპირებს

ალჯამეინ სტერლინგმა ჰენრი სეხუდო 7 მაისს, ტურნირ UFC 288-ში დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მესამედ დაიცვა, მომავალ ბრძოლას კი ალჯო 20 აგვისტოს, შონ ო’მალისთან (16-1) ბოსტონში ჩაატარებს. სტერლინგი ამ შეხვედრის შემდეგ წონის შეცვლას და ტიტულისკენ გზის დათმობას მერაბ დვალშვილისთვის (16-4) აპირებს, რომელიც სუპერმსუბუქი წონის პირველი ნომერია.  

კომენტარები

ბოლო ამბები