Thumbnail
  • მეკარე, რომელიც ბაიერნს სურდა, საუდის არაბეთში გადადის
  • სევილიას მწვრთნელმა ტრანსფერი ფაქტობრივად დაადასტურა

რაც უფრო ახლოვდება სატრანსფერო პერიოდის დასასრული, ევროპული ფეხბურთიდან ვარსკვლავების საუდის არაბეთში გადინება სულ უფრო და უფრო მასშტაბური და უკონტროლო პროცესი ხდება. თავდაყირა დგება ფეხბურთის ტრადიციები - მოვიდა დრო, როცა ფეხბურთელს მიუნხენის ბაიერნში თამაშს საუდის არაბეთში გადასვლა ურჩევნია…

ოთხშაბათს, სევილიამ ევროპის სუპერთასისთვის ბრძოლა მანჩესტერ სიტისთან პენალტების სერიაში წააგო. ანდალუსიელთა კარს იასინ ბონო იცავდა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. სწორედ ამიტომ სურდა ბაიერნს მისი გადაბირება.

ბონომ პენალტი ვერ მოიგერია და მატჩის შემდეგ ძალიან ემოციურად იყო - ოღონდ, დიდი ალბათობით არა იმიტომ, რომ მისი გუნდი სიტისთან დამარცხდა, არამედ, როგორც ესპანური მედია წერს, ეს ალბათ მისი ბოლო მატჩი გახლდათ სევილიას ფორმაში.

როგორც ირკვევა, ბონოს გადასვლა საუდის არაბეთში პრაქტიკულად გადაწყვეტილია. მოსაგვარებელი მხოლოდ გარკვეული ფორმალობები დარჩა და სევილიას კიპერი გადავა ალ-ჰილალში, სადაც ნეიმარიც მივიდა. 

“ვფიქრობ, ბონო დაგვტოვებს. საუდის არაბეთმა მასაც გაუღო კარი,” - თქვა სიტისთან მატჩის შემდეგ სევილიას მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის მენდილიბარმა. ესპანური “მარკას” ინფორმაციით, ანდალუსიელები ბონოს სანაცვლოდ 21 მილიონ ევროს მიიღებენ.

ბონოს სახით საუდის არაბეთში კიდევ ერთი ტოპ-მოთამაშე გადადის

მაროკოს ნაკრების კარის დარაჯის ყიდვა მიუნხენის ბაიერნსაც უნდოდა, თანაც, ძალიან. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ რეკორდმაისტერმა მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყვიტა, რაც საქმეში ალ-ჰილალი ჩაერთო.

სევილიას მწვრთნელმა, რომელსაც ახალი მეკარის ძებნა მოუწევს, სიტისთან მატჩის შემდეგ ისიც თქვა, რომ ძალიან ცუდია, როცა სეზონი დაიწყო და სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა.

32 წლის ბონო სევილიაში 2019 წელს, ჟირონადან გადავიდა - თავიდან იჯარით, 2022 წელს კი ანდალუსიელებმა მისი კონტრაქტი გამოისყიდეს. მაროკოელი ამ პერიოდში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდა და უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ სევილიამ წელს და 2020-ში ევროპალიგა მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები