Thumbnail

ნეიმარის მოთხოვნების სია: 8 სუპერ-ავტომობილი, 3 საუნა, 25-ოთახიანი სახლი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნეიმარს ალ-ჰილალში წელიწადში 100 მილიონს უხდიან
  • თუმცა ბრაზილიელმა საუდელებს კიდევ ბევრი მოთხოვნა წაუყენა

ადვილი წარმოსადგენი იყო, დაახლოებით რა მოთხოვნებს წაუყენებდა ნეიმარი საუდელებს მათ ჩემპიონატში გადასვლის სანაცვლოდ, მაგრამ მაინც: ზუსტი ცნობები ყოველთვის საინტერესოა.

31 წლის ბრაზილიელის სახით საუდის არაბეთში კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი გადავიდა - მან ალ-ჰილალთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა (ერთი წლით გახანგრძლივების ოპციით) და წელიწადში 100 მილიონ ევროს მიიღებს. თუმცა ნეიმარმა საუდელებს კიდევ ბევრი მოთხოვნა წაუყენა…

აი, რა მოითხოვა ბრაზილიელმა, “სანის” ინფორმაციით, ზღაპრული ხელფასის გარდა:

▶ რვა ლუქს-ავტომობილი თავისთვის და თავისი გარემოცვისთვის. მათ შორის: Bentley Contiental GT, Aston Martin DBX და Lamborghini Huracán.

▶ პირადი თვითმფრინავის გამოყოფა თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის.

▶ სახლი მინიმუმ 25 ოთახით, დიდი აუზით (40-მეტრიანი სიგრძით) და სამი საუნით.

▶ მძღოლი ან მძღოლები, რომელიც ყოველდღე მის განკარგულებაში იქნებიან.

▶ სასტუმროებისა და რესტორნების ყველა ხარჯი, თუნდაც მისთვის არასამუშაო დღეებში, კლუბმა უნდა აანაზღაუროს.

ამ ყველაფრის ფონზე უკვე თითქმის სასაცილო თანხად გამოიყურება ის 90 მილიონი, რაც პარი სენ-ჟერმენმა მის ნაცვლად მიიღო. გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, Foot Mercato-ს ინფორმაციით, ნეიმარი 500 000 ევროს მიიღებს ყველა იმ პოსტის ან სთორის სანაცვლოდ, რომლებშიც საუდის არაბეთში პოზიტიურ კონტექსტში ახსენებს. ნეიმარს ამ დროისთვის ტვიტერზე 62,5 მილიონი გამომწერი ჰყავს, ინსტაგრამზე კი - 212 მილიონი…

კომენტარები

ბოლო ამბები