- ნაპოლისთვის 'სკუდეტოს' გამეორებას ბევრი გამოწვევა ახლავს თან
- მილანს, ინტერს და იუვენტუსს ბევრი პრობლემა აქვთ
- რომას და ლაციოს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლიათ
- სერია A უფრო დასუსტდა, ვიდრე გაძლიერდა
უჩვეულოდ მშვიდი ზაფხულის შემდეგ სერია A იწყება. იწყება ბევრი კითხვებით, აშკარა ფავორიტების გარეშე, ტრადიციული გრანდების არცთუ სახარბიელო მდგომარეობით და, რაც მთავარია, კარგი შანსით, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ და ნაპოლიმ ისტორია გაიმეორონ.
ზემოთ ‘მშვიდი ზაფხული’ ვახსენე და ეს სატრანსფერო ამბებს ეხებოდა. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც სერია A-ს გრანდები სუპერვარსკვლავებს ყიდულობდნენ. 17 აგვისტოს მონაცემებით, იტალიურმა კლუბებმა სატრანსფერო ბაზარზე 709 მილიონი დახარჯეს, ანუ საშუალოდ კლუბმა 35 მილიონი და 907 მილიონის მოთამაშეები გაყიდეს. ეს ტრანსფერებით 200-მილიონიან შემოსავალს ნიშნავს. შედარებისთვის: პრემიერლიგამ ახალ მოთამაშეებზე სამჯერ მეტი - 2 მილიარდი დახარჯა. ინგლისურმა კლუბებმა ტრანსფერებით 919 მილიონით მეტი დახარჯეს, ვიდრე შემოსავალი მიიღეს.
ანუ, სერია A ამჟამინდელი მდგომარეობით, პრემიერლიგის ფინანსური დომინაციის და საუდელების გიჟური ფულის ფონზე უფრო გამყიდველი ლიგაა, ვიდრე მყიდველი - სამწუხაროდ იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ამ პირობებში კონკურენცია რთულია.
არამხოლოდ პრემიერლიგა და საუდელები, პსჟ, რეალი და ბაიერნიც იტალიური კლუბებისთვის ფინანსურად ზედმეტად ძლიერი კონკურენტებია. ამის მიზეზი ბევრია - ფინანსური კრიზისი, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და მარკეტინგი და ა.შ. ეს უფრო სხვა სტატიის თემაა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი სატრანსფერო გამარჯვება იტალიური კლუბებისთვის ის იყო, როდესაც მათ თავისი ლიდერები შეინარჩუნეს - ნაპოლიმ არსად გაუშვა ოსიმენი და კვარაცხელია, ინტერმა შეინარჩუნა ლაუტარო, მილანმა - რაფაელე ლეაო, იუვენტუსი ჯერჯერობით ინარჩუნებს კიეზას და ვლაჰოვიჩს. კარგი ამბები ეს არის. მთლიანობაში კი, იტალიური კლუბები უფრო დასუსტდნენ, ვიდრე გაძლიერდნენ.
ამ ამბის დადებითი მხარე ის არის, რომ დონე იტალიაში სულ უფრო და უფრო თანაბრდება. იუვე, მილანი და ინტერი ვერც ფინანსური და ვერც სპორტული თვალსაზრისით ლიგას ერთპიროვნულად ვერ აკონტროლებენ. ბოლო 4 წელიწადში იტალიას 4 სხვადასხვა ჩემპიონი ჰყავდა და სერია A ევროპის დიდ ჩემპიონატებს შორის ალბათ ყველაზე ნაკლებად პროგნოზირებადია. ვერავინ იტყვის, რომ ნაპოლი, რომა ან თუნდაც ლაციო უშანსოდაა და რომელიმე ტრადიციულ გრანდზე უარესი გუნდი იქნება.
ხვიჩა და ნაპოლი ახალი გამოწვევის წინაშე
ერთია ჩემპიონობა და მეორე, კიდევ უფრო რთული გამოწვევა არის ჩემპიონობის გამეორება - მით უმეტეს, ისეთი გუნდისთვის, როგორიც ნაპოლია. დიდი იტალიური სამეულის მიღმა არცერთ გუნდს უახლეს ისტორიაში მიჯრით ჩემპიონობა არ გამოსდიოდა - იყო რომას, ლაციოს, ნაპოლის, სამპდორიას და თუნდაც ვერონას ჩემპიონობები. თუმცა, ეს ყოველთვის ერთჯერად მოვლენად რჩებოდა. და ეს იმის მიუხედავად, რომ მაგალითად ამ საუკუნის დასაწყისის რომა და ლაციო იტალიური კი არა, ალბათ ევროპული ფეხბურთის გრანდებიც იყვნენ.
'კვარაცხელია ამ სეზონში ე.წ. მეორე სეზონის გამოწვევის წინაშეა'
იგივე გამოწვევის წინაშე დგას ხვიჩა კვარაცხელია. ერთია მოულოდნელობის ეფექტი და პირველ სეზონში იტალიის საუკეთესო ფეხბურთელობა და მეორე, ე.წ. მეორე სეზონის კომპლექსი - როცა შეგისწავლეს, ყველა მეტოქე შენს წინააღმდეგ ორმაგად ემზადება, ფეხებშიც გირტყამენ და პერსონალურად დაგდევენ, გულშემატკივარი და პრესა ზეწოლის ქვეშ გამყოფებს და ორი თამაში გოლი თუ ვერ შეაგდე, შენს კრიზისზე ლაპარაკობს. ხვიჩაც ამ სეზონში ე.წ. მეორე სეზონის გამოწვევის წინაშე დგება. თუ მან მეორედაც სულ მცირე იგივე დონეზე ითამაშა, მაშინ მისი სრულფასოვანი ვარსკვლავობა ევროპული ფეხბურთის მასშტაბით უკვე შემდგარი ფაქტია ალბათ მომდევნო 10 წლის მანძილზე.
იოლი წელი არც ხვიჩასთვის იქნება და არც ნაპოლისთვის. წავიდა ლუჩანო სპალეტი, რომელიც რუდი გარსიამ შეცვალა. გარსია წინააღმდეგობრივი სპეციალისტია - მისგან ძალიან კარგი რომაც გვახსოვს და კლუბში შიდა კონფლიქტებიც და არეული, უმართავი გუნდიც. სქემას და სათამაშო სტილს გარსია ალბათ ნაკლებად შეცვლის, თუმცა ის უფრო ნაკლებად სტრუქტურული მწვრთნელია, ვიდრე სპალეტი. ხვიჩასთვის ეს შეიძლება მეტ თავისუფლებასაც ნიშნავდეს. თუმცა, მეორე მხრივ, სპალეტი ხარისხის გარანტია - მისი გუნდები სულ მცირე ჩემპიონთა ლიგის ოთხეულს მაინც არასოდეს ჩამოსცდენიან. სპალეტი სტაბილურობა და გამართული თამაშია. ნაპოლის პროგრამა მინიმუმი სწორედ ოთხეულია. გარსიას ხელში ნაპოლის აშკარა კრიზისი უფრო შესაძლებელია.

ნაპოლისთვის ძალიან კარგი ის არის, რომ შეინარჩუნა ვიქტორ ოსიმენი, რომელსაც თითქმის მთელი ევროპა დასდევდა. დე ლაურენტისმა ნიგერიელს ძალიან დიდი ფასი დაადო და ახალი, ბევრად გაუმჯობესებული კონტრაქტიც გაუფორმა. ოსიმენის შენარჩუნება ნაპოლის მთავარი გამარჯვებაა. ოსიმენი და ხვიჩა, ახლა უკვე გამოსყიდული რასპადორი და სიმეონე, სერია A-ში საუკეთესო შემტევი ხაზია. ცუდი ის არის, რომ შუა ხაზში ნაპოლიმ დაკარგა ტანგი ნდომბელე, როტაციის კარგი მოთამაშე. არადა, კამპანიელებს გრძელი გუნდი ნამდვილად არ ჰყავთ. წინა წელს მუნდიალის პაუზაც იყო, რომელმაც ნაპოლის სულზე მიუსწრო. გუნდი მხოლოდ სეზონის მიწურულს გადაიღალა. ახლა, ნაპოლის ორ ფრონტზე (უფრო სწორად სამზე იტალიის თასის ჩათვლით) თამაში მოუწევს არცთუ ისე დიდი როტაციის ფონზე.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ დაცვის უპირობო ლიდერი კიმი ნაპოლიდან ბაიერნში წავიდა. ნაპოლი ზედიზედ მეორე სეზონია დაცვის ლიდერს კარგავს - ჯერ კულიბალი გაყიდეს, ახლა - კიმი. არადა, კორეელი ნაპოლის ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო. ძალიან საეჭვოა მის შემცვლელად მოსულმა ბრაზილიელმა ნათანმა ამ სეზონშივე კორეელის დონეზე შეძლოს თამაში.
ნაპოლის დაცვაში აშკარად გაუჭირდება. მწვრთნელის და სპორტული დირექტორის წასვლა ასევე რთული და მტკივნეული გამოწვევაა. ანუ, ნაპოლი არ დაიშალა, მაგრამ უფრო დასუსტდა, ვიდრე გაძლიერდა. ვნახოთ, ზედიზედ მეორე "სკუდეტოს" ეს რამდენად ეყოფა. რთული წელი ნამდვილად იქნება - შარშანდელი მფრინავი გუნდი ასე იოლად ალბათ აღარ განმეორდება.
გრანდების გაჭირვება
ნაპოლიმ, რომელსაც ძალიან მოწესრიგებული ფინანსები აქვს, ეს ზაფხული მიზერული - 4.5 მილიონი ევროთი დაასრულა - დე ლაურენტისმა არც ამ წელს უღალატა ფინანსური ბალანსის პოლიტიკას. მისგან განსხვავებით, იტალიური ფეხბურთის სამ მთავარ გრანდს არცთუ ისე კარგი დროება უდგას. სამივე ცდილობს, ფინანსური და მენეჯმენტის პრობლემები გადაჭრას და როგორმე თავი გადაირჩინოს. იუვენტუსისთვის წინა წელი ძალიან რთული აღმოჩნდა - გამოძიებები, ქულების დაკლება, დისკვალიფიკაცია, მთელი მენეჯმენტის შეცვლა, ტრავმები, ცუდი ტრანსფერები და ლოგიკურად პრობლემები მოედანზეც. წინა სეზონში იუვენტუსი ცუდი იყო.
ტურინელებს წელს სავარაუდოდ მეტი სიმშვიდე და სტაბილურობა ექნებათ. ანიელის ნაცვლად გუნდში ახალი მენეჯმენტი მივიდა, კლუბს ახალი და ძალიან კვალიფიციური სპორტული დირექტორი ჰყავს კრისტიანო ჯუნტოლის სახით, სასამართლო პროცესები ბოლოში გავიდა და იუვე მხოლოდ ერთ ფრონტზე თამაშობს, რაც შიდა იტალიურ ამბავში ბონუსია და იუვეს "სკუდეტოსთვის" თუ ჩემპიონთა ლიგის ოთხეულისთვის ბრძოლაში აუცილებლად დაეხმარება.
სიმშვიდე და სტაბილურობა არ ნიშნავს ხარისხს. ძალიან საეჭვოა, ეს იუვე თავისი სტანდარტით კარგი გუნდი იყოს. კლუბმა ბოლო წლებში ძალიან დიდი ფინანსური ზარალი მიიღო - ასეულობით მილიონი. ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენამ ეს პრობლემები მხოლოდ გააღრმავა. დარჩა მასიმილიანო ალეგრიც, რადგან ელემენტარულად იუვენტუსს მისი გაშვების, კომპენსაციების, ახალი მწვრთნელის და ახალი პროექტის ფული არ აქვს. არც ახალი ფეხბურთელების. იუვეს მთავარი მიზანი წელს კრიზისიდან ამოსვლისთვის პირველი ნაბიჯების გადადგმა, ახალგაზრდების ზრდის ფონზე გუნდის ახალი ბირთვის ჩამოყალიბება, ფინანსური ზარალების შემცირება, ცუდი კონტრაქტების მოცილება და სულ მცირე ჩემპიონთა ლიგის ოთხეული უნდა იყოს. თუ სკუდეტოსთვის ბრძოლაც გამოვიდა, ეს ძალიან კარგი. ძალიან თანაბარ სერია A-ში არც ეს არის გამორიცხული.
კლუბიდან წავიდნენ დი მარია და პარედესი, მაღალხელფასიანი და ცუდი ტრანსფერები. წავიდნენ იუვეში ვერგახსნილი დენის ზაკარია და არტურ მელო. იუვესთვის ცუდ ტრანსფერად უნდა ჩაითვალოს ახალგაზრდა ნიკოლო როველას ლაციოში გაშვება. ბევრი წელია ამბობდნენ, რომ როველა იუვეს მომავალი უნდა ყოფილიყო. განათხოვრებებში როველა კარგად გამოიყურებოდა, ალეგრიმ კი მას შანსი მაინც არ მისცა და ლაციოში გაყიდეს. არადა, ახალგაზრდები იუვესთვის მთავარი აქტივია.
არ არის გამორიცხული, რომ მაინც წავა დუშან ვლაჰოვიჩი, რომელსაც იტალიური პრესა მთელი ზაფხულია სხვადასხვა კლუბებს, უპირველეს ყოვლისა კი, ჩელსის უკავშირებს. ვლაჰოვიჩს იუვე უბრალოდ ვერ ყიდის იმ ფასად, რაც უნდა, თორემ სერბი უკვე წასული იქნებოდა. იუვეს რომელუ ლუკაკუსაც უკავშირებენ და ჩემი ღრმა რწმენით, 30 წლის და 10 მილიონიანი ხელფასის ლუკაკუს ვლაჰოვიჩის ნაცვლად მოსვლა იუვესთვის ძალიან ცუდი ბიზნესი იქნება.

კარგი ამბები ტურინში ის არის, რომ ერთი წლით შეინარჩუნეს რაბიო და დაიმატეს ტიმოთი ვეა, რომელიც მარჯვენა ფლანგზე კარგად გამოიყურება.
იუვემ დაცვაში და ნახევარდაცვაში ნაწილობრივ შეინარჩუნა შარშანდელი ბირთვი, ასე რომ, ალეგრის ხელში ჩამოსაწერი გუნდი ალბათ არ იქნება. ყველაზე მეტად იუვეს ახლა ბერარდის შეძენა სურს - მოლაპარაკებები ამ საკითხზე მიმდინარეობს და მისი შესაძლო ტრანსფერი კიეზას ტრავმიდან სრულფასოვანი დაბრუნების ფონზე იუვეს წინა ხაზს აუცილებლად უფრო ძლიერს გახდის. ვნახოთ, თუ შეძლებს იუვე ერთი ნაბიჯით წინ წასვლას.
ტურინელთა მსგავსად რთული დროება უდგას მილანის ინტერს, რომელიც ბოლო წლებია სტაბილურად იგებს, ტიტულებს აგროვებს, წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეც მივიდა, თან ბეპე მაროტას სახით ძალიან კარგი სპორტული დირექტორი ჰყავს და ინტერი მოთამაშეების გაყიდვით ყოველ წელს სოლიდურ შემოსავალს იღებს, თუმცა იმდენად პრობლემური მფლობელი ჰყავს, რომ კლუბი მაინც ვერ ვითარდება. შემდეგ გაზაფხულს სტივენ ჟანგს ინტერის სანაცვლოდ 300-ზე მეტი მილიონის გადახდა უწევს. ეს მისი ვალია, კლუბი კი ვალში ‘ჩადებულია’. ჟანგმა ჩინეთში უკვე ვერ გადაიხადა თავისი ვალების ერთი ნაწილი, ასე რომ, დიდი შანსია, მან ინტერი დაკარგოს. წელს ინტერის გაყიდვას ან მფლობელის შეცვლას უნდა ველოდოთ და კლუბისთვის ეს ყოველთვის მტკივნეული პროცესია.
ამ პირობებში მაროტა და სიმონე ინძაგი ძალიან კარგად მუშაობენ. გუნდიდან წავიდნენ ედინ ჯეკო და რომელუ ლუკაკუ, რომლებიც ინტერის შეტევაში მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ. მათ ნაცვლად ახალგაზრდა მარკუს ტიურამი მივიდა, ასევე უკვე გამოცდილი მარკო არნაუტოვიჩი. ინტერს ბევრი ცვლილება აქვს - წავიდნენ გამოცდილი მოთამაშეები - ბროზოვიჩი და შკრინიარი. ასევე მილანში ვერგახსნილი რობინ გოზენსი, როტაციაში სტაბილურად მოთამაშე დ’ამბროზიო და გალიარდინი.
გუნდში სანაცვლოდ გამოჩნდა ახალგაზრდა და პერსპექტიული დავიდე ფრატეზი. ინტერი უფრო გაახალგაზრდევების გზით წავიდა. ინტერის სტრატეგიას და მაროტას მუშაობის სტილს კარგად აღწერს, თუ რა მოხდა მეკარის პოზიციაზე. ინტერმა 52 მილიონად გაყიდა წინა წელს უფასოდ წამოყვანილი ანდრეს ონანა, სანაცვლოდ კი ძალიან კარგი მეკარე - იან ზომერი მოიყვანა, რომლის არენდაც სულ 6 მილიონი დაჯდა. შედეგად, ინტერი ბევრ ლიდერს კი შეელია, მაგრამ ბირთვი მაინც შეინარჩუნა, გუნდის გაახალგაზრდევებაც დაიწყო, სახელფასო ფონდიც შეამცირა და ტრანსფერებით 88 მილიონი ევროც იშოვა. სპეციალისტები ინტერს ნაპოლისთან ერთად "სკუდეტოს" მთავარ ფავორიტად ასახელებენ.

მართვაში პრობლემები აქვს მილანსაც, თუმცა ინტერთან შედარებით უფრო ნაკლები მასშტაბის. გუნდიდან წავიდა პაოლო მალდინი. მილანისთვის კარგი ის არის, რომ კლუბმა რაფაელ ლეაო შეინარჩუნა. პრემიერლიგაში გაყიდა სანდრო ტონალი, სანაცვლოდ კი როტაცია გაზარდა და გუნდში კრისტიან პულიშიჩი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი, ჩუკვუეზე და იუნუს მუსა გამოჩნდნენ. მილანი შეიძლება ნაკლებად ვარსკვლავური გახდა, თუმცა უფრო გრძელი როტაციით, არადა, წინა წელს ეს პიოლის გუნდისთვის პრობლემა იყო.
ყველაზე მტკივნეული მილანისთვის ბრაჰიმ დიასის წასვლა უნდა იყოს, რომელიც რეალმა დაიბრუნა განათხოვრებიდან. დიასი მილანის შემტევი თამაშისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მისი და ტონალის გარეშე პიოლის შუა ხაზის ახლიდან ორგანიზება მოუწევს.
სამივე გრანდმა შეინარჩუნა მწვრთნელი და დიდი ალბათობით იგივე სისტემით და სტილით ითამაშებენ, როგორც წინა წელს. ნაკლებად სავარაუდოა, კრიზისის პერიოდში რომელიმე რადიკალურ ცვლილებებზე წავიდეს.
რა ხდება რომში?
დიდი სამეულის კრიზისი კარგი შანსი უნდა იყოს რომაული კლუბებისთვის. ორივე მათგანი, განსაკუთრებით კი რომა, უარს არ იტყვის, ნაპოლის შარშანდელი მიღწევა რომ გაიმეოროს.
ლაციო მეორე ადგილზე გავიდა და წინა წელს ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში მოხვდა, რაც ერთმნიშვნელოვნად მაურიციო სარის დამსახურებაა. სარის თავისი სისტემით არცთუ ვარსკვლავური გუნდებისთვის ხარისხიანი ფეხბურთის შექმნა ძალიან კარგად შეუძლია. ასე მოხდა წინა წელსაც. წელს ლაციოს შანსები უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის საუდის არაბეთში წასვლა. ეს სერია A-სთვის ალბათ ყველაზე საწყენი ტრანსფერი იყო. მილინკოვიჩ-სავიჩს ხან იუვენტუსს უკავშირებდენ, ხან პსჟ-ს და ხანაც პრემიერლიგას. ბოლოს კი ის საუდეთში აღმოჩნდა, არადა, ძალიან კარგი მოთამაშეა, თან კარიერის პიკზე. ლაციომ მის ნაცვლად ადეკვატური შემცვლელი არ მიიყვანა და სარის მთელი ნიჭის და უნარის, გამართული გუნდის და ტაქტიკის მიუხედავად, რომაელები უფრო ძლიერები ნამდვილად არ გახდნენ. თან ორ ფრონტზე მოუწევთ თამაში.
უფრო იმედიანად არიან რომაში. მოურინიომ რომა ტიტულებს მიუახლოვა - ორი წლის წინ მოგებული კონფერენსლიგა იყო, წინა წელს კი - ევროპალიგის ფინალი. რომა აქცენტს უფრო გამოცდილ მოთამაშეებზე აკეთებს. რომაელებმა 70 მილიონის მოთამაშეები გაყიდეს - მათ შორის როჯერ იბანიესი, დაცვის ერთ-ერთი ლიდერი და ვეტერანი ნემანია მატიჩი. გუნდი დატოვა ნათხოვარმა ჯორჯინიო ვეინალდუმმაც. რომასთვის კარგი ის არის, რომ მატიჩი-ვეინალდუმის წყვილმა მოურინიოს გუნდს ის ხარისხი და ეფექტი ვერ მოუტანა, რასაც ველოდით. სანაცვლოდ რომაელებმა ინათხოვრეს ლეანდრო პარედესი და რენატო სანჩესი პსჟ-დან, ასევე უფასოდ დაიმატეს უსემ აუარი ლიონიდან.

ისე გამოვიდა, რომ რომამ 70 მილიონი კი იშოვა, მაგრამ თან გუნდი გააძლიერა. რომას სტანდარტით სამივე ძალიან კარგი მოთამაშეა. თან მოურინიომ შეინარჩუნა შეტევაში დიბალა-აბრაჰამის დუეტი. მოკლედ, რომასგან გასროლას ვერ გამოვრიცხავთ - მაღალი კლასის და გამოცდილი გუნდია. ჟოზეს რომი სულ მცირე ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებას მაინც სთხოვს. მით უმეტეს, რომ ბევრად უფრო ნაკლებად ვარსკვლავური ლაციო სარიმ წინა წელს მეორე ადგილზე გაიყვანა.
ეს ისეთი სეზონი იქნება, შესაძლოა, რომაულ გუნდებს "სკუდეტოსთვის" ბრძოლაში კარგი შესაძლებლობები მიეცეთ.
კომენტარები