- აჩიკო ბოლქვაძემ პირველ სესიაში მეტოქეებს საერთო ჯამში 38:3 აჯობა
- მედლის მოპოვების შანსი კიდევ ორ ქართველ მოჭიდავეს აქვს
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ.) იორდანიის დედაქალაქ ამანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ოქროს მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
ბოლქვაძემ, რომელიც 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის 2-გზის ჩემპიონი (2022 და 2023) და მსოფლიოს პირველობის ვერცხლის პრიზიორია (2022), დილის სესია ძალიან დამაჯერებლად განვლო.
ქართველმა ფალავანმა გზიდან ეგვიპტელი კარემ ელდესუკი (10:0), ხორვატი ტომისლავ ბრკანი (9:0), ყირგიზი ასან ჟანიშოვი (9:1) და ფრანგი ალი მაგამადოვი (10:2) ჩამოიცილა ანუ მეტოქეებს ჯამში 38:3 აჯობა.
ფინალში, რომელიც 19 აგვისტოს შედგება, ბოლქვაძის პირისპირ ირანელი აბოლფაზი ალი ჩუბანი დადგება, რომელმაც საწყის რაუნდებში ბულგარელ, ამერიკელ და სომეხ მოჭიდავეებს მოუგო.
ხვალვე ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებენ თორნიკე მიქელაძე (77 კგ.) და ლუკა გაბისონია (130 კგ.). მიქელაძე მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში რეპეშაჟის ერთ-ერთ გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო გაბისონია რეპეშაჟში თავად გახლავთ და თუკი პირველი ბარიერი დასძლია, მედლისთვისაც იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ ბერძენ-რომაელებამდე ამანშივე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ჩაატარეს, ქართული დელეგაციის მონაგარი კი ბრინჯაოს 2 მედალი იყო. კვარცხლბეკზე ასვლა გიორგი გოგრიჭიანმა (74 კგ.) და გიორგი რომელაშვილმა (92 კგ.) მოახერხეს.
კომენტარები