- საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან მატჩისთვის ემზადება
- მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე კი კვირამდე ნაკრები რჩება
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეორე იაპონური დღე პირველის ანალოგი იყო. ერთი ვარჯიში დარბაზში, რომელსაც წინ ფიტნესი და სატრენაჟორო უძღოდა. ნაკრების წევრები ოკინავა არენის სატრენაჟოროში ირაკლი შიოშვილმა ავარჯიშა, რის შემდეგაც ჩვენი გუნდი გიმნაზიუმ არენაზე გადავიდა და ხანგრძლივი, 2-საათიანი ვარჯიში ჩაატარა.
ილიას ზურსმა ასისტენტებთან – მანუჩარ მარკოიშვილთან და ანატოლი ბოისასთან ერთად ნაკრები სხვადასხვა კომპონენტებში მოამზადა, თუმცა ძირითადი აქცენტი მოახლოებულ მატჩებში გასათამაშებელ კომბინაციებს, დაცვით ტაქტიკებსა და სხვადასხვა საკალათბურთო მანევრებსა დაეთმო.
ნაკრების 12-ივე წევრმა სრული დატვირთვით ივარჯიშა, რის შემდეგაც კალათბურთელები სასტუმროში დაბრუნდნენ და მომდევნო დღისთვის მზადებას შეუდგნენ, რაც ექიმთა მიერ სარელაქსაციო პროცედურების ჩატარებასა და დასვენებაში გამოიხატება.
ხვალინდელი დღე განსხვავებული იქნება. საქართველოს ნაკრების ვარჯიშს იაპონელი ბავშვები დაესწრებიან და ვარჯიშის შემდეგ 3 ჩვენიანი მოსწავლეებთან შესახვედრად გაემართებიან, სადაც მოზარდებთან ინტერაქციას მოაწყობენ და სამახსოვრო ფოტოებს გადაიღებენ.

მოსამზადებელი ეტაპის შესახებ კომენტარი ქართველმა კალათბურთელებმა გააკეთეს:
გოგა ბითაძე: "თავს კარგად ვგრძნობ, ვფიქრობ, რომ 100%-თან ძალიან ახლოს ვარ. ძალიან კარგად ვემზადებით და ავსტრალიასთან მატჩისთვის მაქსიმალურად მზად ვიქნებით. ავსტრალია ამ ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია შემადგენლობით, მაგრამ ვფიქრობ, გვჭირდება ეს თამაში და ჩვენთვის ძალიან კარგი ტესტი იქნება. რა თქმა უნდა, მოსაგებად უნდა გავიდეთ და ვენესუელასთან მატჩამდე დაგვეხმარება".
დუდა სანაძე: "ძალიან პროდუქტიული ვარჯიშები გვაქვს. ჯერჯერობით ვეჩვევით იაპონიის დროს, რადგან საქართველოსთან დიდი განსხვავებაა, ვფიქრობ, რომ ავსტრალიასთან მატჩისთვის მზად ვიქნებით. გუნდში მოტივაცია მაღალია, საბრძოლოდ ვართ განწყობილი და ველოდებით ამ თამაშს, რომ ჩვენი სტილი საბოლოოდ დავხვეწოთ".
გიორგი შერმადინი: "ორი დღეა, რაც ოკინავაში ვართ. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ყველამ კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანი გველოდება წინ".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 22 აგვისტოს ამხანაგურ მატჩს ავსტრალიასთან ჩაატარებს, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველ ტურში 26 აგვისტოს, კაბო ვერდეს დაუპირისპირდება.
კომენტარები