Thumbnail

უელსის სარაგბო ნაკრებმა, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, მოახლოებული ტურნირისთვის საბოლოო 33-კაციანი შემადგენლობა (საშუალო ასაკი 27 წელი) დაასახელა.

მთავარი მწვრთნელის უორენ გეტლანდის გადაწყვეტილებით, გუნდში 19 ფორვარდი და 14 უკანახაზელი მოხვდა, თანაკაპიტნები კი 23 წლის ჯეკ მორგანი და 24 წლის დევი ლეიკი იქნება.
უელსელთა შემადგენლობაში 17 მორაგბეა, რომელთაც გასულ მსოფლიო თასზე უთამაშიათ, თუმცა, ამჯერად, ნაკრებში ვერ მოხვდნენ ტაინე პლამტრი, ალექს კატბერტი და ქირან ჰარდი.

უელსელთა რიგებში ყველაზე მეტი კეპი (114) ჯორჯ ნორსს აქვს, რომელიც ზედიზედ მე-4 მსოფლიოს თასზე ითამაშებს, შემდეგ კი დენ ბიგარი (109) მოდის. მას, გარეთ დევისს, თომას ფრენსისს, დენ ლიდიეტს, ლი ჰაპლფპენისა და ლიამ უილიამსს ზურგს 2-2 ჩემპიონატი უმაგრებთ.

უორენ გეტლანდმა თანაკაპიტნებად ჯეკ მორგანი და დევი ლეიკი დანიშნა

აღსანიშნავია, რომ საბოლოო შემადგენლობაში მოხვდნენ ბურჯები ქორი დომახოვსკი და ჰენრი თომასი, რომელთაც ეროვნულ გუნდში დებიუტი სულ ახლახანს, ზაფხულის ტესტების დროს ჰქონდათ. ნაკრებში ყველაზე ახალგაზრდა ექსეტერ ჩიფსის 20 წლის მეორეხაზელი დეფიდ ჯენკინსია.

“ჩემი სამუშაოს ერთ-ერთი ყველაზე რთულუ ნაწილი დიდი ტურნირებისთვის შემადგენლობის შერჩევაა. გასული 3 თვის განმავლობაში შეკრებაზე მყოფ 48 მორაგბიდან თავი არავის დაუზოგავს, მთავარი გადაწყვეტილებები კი ბოლო 36 საათში მივიღეთ. ჩემი ნება რომ იყოს, მსოფლიო თასზე გაცილებით მეტ მოთამაშეს წავიყვანდი, თუმცა, იძულებული ვიყავით, 33  საუკეთესო ჩამოგვეწერა. კიდევ რამდენიმე ვარჯიში დაგვრჩა, სანამ 3 სექტემბერს გეზს საფრანგეთისკენ ავიღებთ. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი მორაგბისთვის ქვეყნის სახელის მსოფლიო თასზე გატანა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა”, - განაცხადა საგანგებო პრესკონფერენციაზე გეტლანდმა.

უელსის სარაგბო ნაკრები მოახლოებულ შეჯიბრს საუკეთესო შემადგენლობით ვერ ხვდება, რადგანაც ბოლო პერიოდში არაერთი ვარსკვლავი გამოაკლდა. ესენი არიან ჯასტინ ტიპურიკი, ალუნ ვინ ჯონსი, რის ვები, ქორი ჰილი და კენ ოუენსი.

შეგახსენებთ, რომ მომავალი მსოფლიო თასი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება, საქართველო და უელსი კი C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალიაც ითამაშებენ. კონკრეტულად ქართულ-უელსური დაპირისპირება 7 ოქტომბერს ნანტშია დაგეგმილი. ეს თამაში ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში შედგება.

უელსის ნაკრები მსოფლიო თასზე

ფორვარდები: ტაინე ბეშემი, ადამ ბერდი, ელიოტ დი, ქორი დომახოვსკი, რაიან ელიასი, ტაულუპე ფალეტაუ, თომას ფრენსისი, დაფიდ ჯენკინსი, დევი ლეიკი, დილონ ლუისი, დენ ლიდიეიტი, ჯეკ მორგანი, ტომი რეფელი, ვილ როულენდსი, ნიკი სმითი, გარეთ თომასი, ჰენრი თომასი, კრისტ ტშიუნზა, აარონ ვეინრაითი.

ბექები: ჯოშ ადამსი, გარეთ ენსკომბი, დენ ბიგარი, სემ კოსტელოუ, გარეთ დევისი, რიო დაიერი, მეისონ გრეიდი, ლი ჰალფპენი, ჯორჯ ნორსი, ლუის რის-ზამიტი, ნიკ ტომპკინსი, ჯონი ვილიამსი, ლიამ ვილიამსი, ტომოს ვილიამსი.

კომენტარები

ბოლო ამბები