Thumbnail
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე europop live სპეციალური გადაცემით ბრუნდება
  • საქართველოს ნაკრების თამაშების შემდეგ ჩვენს YouTube არხზე გელოდებით
  • europop live-ში მატჩებს გიორგი უგულავა, დავით როგავა და გივიკო ბაქრაძე განიხილავენ

26, 28 და 30 აგვისტო ქართული კალათბურთისთვის ისტორიული დღეები იქნება - საქართველოს ეროვნული ნაკრები ამ დღეებში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ მატჩებს გამართავს და ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ ჯგუფიდან გასვლასაც შეძლებს.

ამ უმნიშვნელოვანეს დღეებში ევროპოპის რედაქცია განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს, ჩვენს YouTube არხზე კი, ნაკრების ყოველი მატჩის შემდეგ europop live გელოდებათ. ეროვნული გუნდის თამაშების დასრულების შემდეგ ყველას ჩვენს არხზე გელოდებით, სადაც ჩვენი ანალიტიკოსი გიორგი უგულავა და სპეციალურად ამ პროექტისთვის მოწვეული სტუმრები პირდაპირ ეთერში თამაშებს განიხილავენ და თქვენს კითხვებსაც უპასუხებენ. europop live-ის მოწვეული ექსპერტები ამ პროექტის ფარგლებში იქნებიან კალათბურთის მწვრთნელი დავით როგავა და კალათბურთელი გივიკო ბაქრაძე. ისინი ძალიან კარგად იცნობენ ნაკრებს შიგნიდან - როგავა ილიას ზუროსის ასისტენტი გახლდათ, ბაქრაძეს კი ნაკრებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

გიორგი უგულავა (ევროპოპის ანალიტიკოსი): “ამ გადაცემას ორი მიზანი აქვს - ემოციური და ანალიტიკური. გვინდა, ჩვენი ნაკრების მატჩების შემდეგ ის პლატფორმა შევქმნათ, სადაც გულშემატკივართან ერთად თამაშის განხილვას, მასზე საუბარს, მსჯელობას და აზრთა გაცვლა-გამოცვლას შევძლებთ. ამავე დროს, ემოციასთან ერთად ანალიტიკური კომპონენტია საინტერესო - რა გამოვიდა და რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთ. სწორედ ამიტომ, გულშემატკივრამდე პროფესიული, კვალიფიციური აზრის მისატანად ვთხოვეთ დახმარება პროფესიონალ მწვრთნელს და პროფესიონალ მოთამაშეს, ეროვნული ნაკრების წევრებს ახლო წარსულში. ამიტომ, ემოციასთან ერთად ბევრი სიღრმისეული, საკალათბურთო ანალიზიც გვექნება.”

დავით როგავა (თბილისის ოლიმპის მთავარი მწვრთნელი): “მოხარული ვარ, რომ europop-თან ერთად ვიქნები ისტორიული მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე, სადაც საქართველოს ნაკრების ყველა მატჩის შემდეგ ვეცდებით, განვიხილოთ ჩვენი ეროვნული გუნდის თამაში და შემოგთავაზოთ საინტერესო ანალიზი ჩვენს გუნდზე და მის მეტოქეებზე.”

გივიკო ბაქრაძე (გორის ივერიონის კალათბურთელი): “ძალიან საინტერესო პროექტი იწყება და მიხარია, რომ მისი ნაწილი ვარ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს სპორტულ მედია სივრცეში არ გვაქვს ბევრი საკალათბურთო გადაცემა, სასიხარულოა, რომ ხალხს ექნება საშუალება, ამ ისტორიული ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოისმინონ პროფესიონალური შეფასებები.”

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 26 აგვისტოს კაბო ვერდეს ნაკრებს ხვდება, 28-ში ლუკა დონჩიჩის სლოვენიას ეთამაშება, 30-ში კი - ვენესუელას. მატჩების დასრულების შემდეგ europop-ის YouTube არხზე გელოდებით თქვენც და თქვენს კომენტარებსაც. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი ჩვენი არხი, ახლა სწორედ ამის დროა. იმედია, ნაკრები ჯგუფიდან გავა და europop live-ის ეს სპეციალური პროექტი სექტემბერშიც იქნება აქტუალური.

სანამ პირველი მატჩი გაიმართება, ერთი გადაცემა უკვე ჩავწერეთ, რომელიც ჩვენს არხზე ახლა გამოქვეყნდა. გიორგი უგულავა, დავით როგავა და ევროპოპის ერთ-ერთი რედაქტორი დათო მანჯავიძე მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჩვენი ნაკრების პერსპექტივებზე, პლუს-მინუსებზე და მეტოქე გუნდებზე საუბრობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები