Thumbnail
  • ნიკა ამაშუკელი 7 შეხვედრიდან 3-ში მოედნის მსაჯი იქნება, 4-ში კი პირველი ასისტენტი
  • ცნობილი გახდა იმ არბიტრთა ვინაობა, რომლებიც საქართველოს მატჩებში იქნებიან

საქართველოს საუკეთესო სარაგბო არბიტრი ნიკა ამაშუკელი მსოფლიო თასზე 7 შეხვედრის მსაჯი იქნება. მსოფლიო რაგბმა 40 მატჩისთვის 12 მთავარი მსაჯი და ოფიციალური პირები დანიშნა, შესაბამისად, ასევე ცნობილი გახდა იმ არბიტრების ვინაობა, რომლებიც საქართველოს ნაკრების შეხვედრებს განსჯიან.

აღსანიშნავია, რომ ნიკა ამაშუკელის გარდა, მსოფლიო თასზე დებიუტი კიდევ 3 მსაჯს ექნება - ესენი არიან ენდრიუ ბრეისი (ირლანდია), მეთიუ კარლი (ინგლისი) და კარლ დიქსონი (ინგლისი).

ამაშუკელს დებიუტი 9 სექტემბერს, ბორდოში ირლანდიასა და რუმინეთს შორის შეხვედრაში ექნება. ის პირველი ქართველი იქნება ისტორიაში, რომელიც მსოფლიო თასზე იმსაჯებს. 7 მატჩიდან 3-ში ის მოედნის მსაჯი იქნება, 4-ში კი პირველი ასისტენტი.

მოედნის მსაჯი

ირლანდია V რუმინეთი - 9 სექტემბერი

ინგლისი V იაპონია - 17 სექტემბერი

ავსტრალია V პორტუგალია - 1 ოქტომბერი

პირველი ასისტენტი

შოტლანდია V სამხრეთ აფრიკა - 10 სექტემბერი 

არგენტინა V სამოა - 22 სექტემბერი

შოტლანდია V ტონგა - 24 სექტემბერი

ინგლისი V სამოა - 7 ოქტომბერი

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში, სადაც ბორჯღალოსნები ავსტრალიას დაუპირისპირდებიან, მთავარი მსაჯი ინგლისელი ლუკ პირსი იქნება, რომელსაც აქამდე ჩვენი გუნდის 5 მატჩში უმუშავია, მისი დამხმარეები ახალზელანდიელი ჯეიმს დოლემანი და უელსელი კრეიგ ევანსი იქნებიან.

საქართველო პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს გამართავს

პორტუგალიასთან მატჩში, რომელიც 23 სექტემბერს გაიმართება, მთავარი არბიტრი ახალზელანდიელი პოლ უილიამსია, რომელმაც აქამდე ბორჯღალოსნების 2 შეხვედრა განსაჯა. მას ინგლისელები - მეთიუ კარლი და ქრის ბასბი დაეხმარებიან.

ფიჯისთან შეხვედრის რეფერი ინგლისელი კარლ დიქსონი იქნება. ის საქართველოს შეხვედრაში აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო მსაჯი. მისი ასისტენტები სამხრეთაფრიკელი იაკო პეიპერი და ფრანგი პიერ ბრუსე იქნებიან.

ბოლო მატჩში, რომელსაც ლევან მაისაშვილის გუნდი 7 ოქტომბერს უელსთან გამართავს, არბიტრი ფრანგი მეთიუ რეინალი იქნება, რომელსაც აქამდე ბორჯღალოსნების 6 შეხვედრაში უმსაჯია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტესტ-მატჩში აშშ 22:7 დაამარცხა, მსოფლიო თასის დაწყებამდე კი, ბოლო შეხვედრას ბორჯღალოსნები 26 აგვისტოს სტუმრად შოტლანდიასთან გამართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები