- მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს საკალათბურთო ისტორიაში მწვერვალია
- საქართველოს უძლიერესი წინა ხაზი ჰყავს - მთავარი მისი სწორად გამოყენებაა
- დაკარგვების გარეშე ბურთის გათამაშება და მოძრაობა ზუროსის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა
- საქართველოს იოლი ჯგუფი და დაძლევადი მეტოქეები ჰყავს
2022 წლის 7 სექტემბერს დარბაზიდან რომ გავდიოდით, გულშემატკივრებს გვქონდა განცდა, რომ ერთი დიდი ეტაპი დასრულდა. იმ დღეს საშინაო ევრობასკეტზე, ტურნირზე, რომელსაც წლები ველოდით, მონტენეგროსთან დავმარცხდით და ჯგუფში ჩავრჩით.
ბუნდოვანი იყო ილიას ზუროსის მომავალი, ნაკრების ლიდერების ერთი ნაწილი 30 წელს გადასცდა და ეს ის ხალხია, რომელზეც შესარჩევი ციკლის ძირითადი დატვირთვა გადადის ხოლმე (შერმადინი, შენგელია, მაკფადენი), მძიმედ ტრავმირებული იყო თორნიკე შენგელია. კითხვა, ეჭვი, შიში და გულგატეხილობა უფრო მეტი იყო, ვიდრე მომავალის იმედი და პერსპექტივის განცდა.
მაგრამ არის სხვა ფაქტორიც. საქართველოს საკალთბურთო ნაკრებს აქვს იშვიათი უნარი, კრიტიკულ მომენტებში თავის თავში დამატებითი ძალა იპოვოს ხოლმე. ასეთი გუნდია - შეიძლება ბელგიასთან დათმოს, მაგრამ მერე, როცა მისგან წარმატებას არავინ ელის, ვარსკვლავურ თურქეთს მოუგოს ეპიკური თამაში. ამ წარუმატებლობამ, ჩაგდებული ტურნირის შოკმა გუნდი ვერ გატეხა, პირველ რიგში მენტალურად და ფსიქოლოგიურად. პირიქით, შემოდგომის შესარჩევში უფრო მაგრად დაბრუნდა. ტრავმიდან უფრო ჩქარა, ვიდრე ყველა ველოდით, დაბრუნდა თორნიკე შენგელიაც. ნაკრებმა უშუალო კონკურენტ ისლანდიას გასვლაზე კრიტიკული მნიშვნელობის მატჩი მოუგო და ბევრი ბრძოლით, ხასიათით და სულ წამებში და სანტიმეტრებში ისტორიაში პირველ მსოფლიო თასზე გააღწია.
მეტი ამ თემაზე
ამ თაობამ, ამ ფორმაციის ეროვნულმა გუნდმა თავის თავს, გულშემატკივარს და მთელ საქართველოს ერთი დიდი ტურნირიც აჩუქა. ევრობასკეტის წყენა და სიმწარე თითქოს წარსულს ჩაბარდა, დაკომპენსირდა. ასე რომ, 26 აგვისტოდან ისტორიულ მისიაზე ვართ - მხოლოდ საკალათბურთო ნაკრები კი არა, მთელი ქვეყანა. რაგბის გარდა, რომელიც ობიექტურები თუ ვიქნებით, საერთაშორისო პოპულარობით კალათბურთს ბევრად ჩამოუვარდება, ასეთ დიდ ტურნირზე, მსოფლიო ჩემპიონატზე სხვა გუნდურ ელიტურ სახეობაში არ ვყოფილვართ.
როგორ ვხვდებით მსოფლიოს ჩემპიონატს
ჯანმრთელად! ამ კითხვაზე მთავარი პასუხი, პირველ რიგში, ალბათ ეს არის. დიდი ტურნირების წინ ბევრჯერ იყო ისე, რომ საქართველოს ნაკრებს მოთამაშეები გამოაკლდა, ან მიკროტრავმების გამო იდეალურ ფორმაში არ ჰყავდა. მგონი, პირველად ჯანზეა და ფორმაშია გოგა ბითაძე, რომელიც ნაკრებში სრული ძალით ჯერ კიდევ არ გვინახავს.
არის მეორე ფაქტორიც. ეროვნული გუნდი ბოლო პერიოდში უფრო ხშირად აგებს, ვიდრე იგებს. სტატისტიკა ჯიუტია: ახლაც, მოსამზადებელი ციკლი ცოტა რთულად დავიწყეთ - ზედიზედ სამი მარცხით. ბოლო 1 წელიწადში, შარშანდელი აგვისტოდან მოყოლებული, ეროვნულს გუნდს 24 თამაშში 7 გამარჯვება და 17 მარცხი აქვს. წინა ევრობასკეტსაც ზედიზედ წაგებების სერიით შევხვდით და მერე იმ ტურნირიდან რა გამოვიდა, ზემოთ უკვე გითხარით.

ამიტომ, წლევანდელი მოსამზადებლის 3 წაგებით დაწყება (ეგვიპტესთან 76:81, ლიეტუვასთან 102:104, ლატვიასთან 57:82), ამ შეხვედრების არაოფიციალური სტატუსის მიუხედავად, მაინც ძალიან უსიამოვნო იყო. კარგი ის მოხდა, რომ ამის შემდეგ ზუროსის გუნდმა ზედიზედ სამჯერ მოიგო. თუმცა კითხვები მაინც არსებობს - ამ სამი მოგებიდან ორჯერ ირანი და იორდანია დავამარცხეთ - არცთუ ყველაზე სახელიანი მეტოქეები. სწორედ ამიტომ, ამ მოსამზადებელ თამაშებში ყველაზე მნიშვნელოვანი მონტენეგროს დამარცხება იყო. ყველაზე მეტად და ყველაზე უკეთ საქართველოს ნაკრების მდგომარეობის, ფორმის და კონდიციის შესახებ, პასუხს სწორედ ეს შეხვედრა გვაძლევს. ამას კიდევ ერთი მარცხი მოჰყვა ძალიან ძლიერ ავსტრალიის ნაკრებთან, სულ 5 ქულით. ავსტრალია მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, 9 მოთამაშე ჰყავს NBA-დან, ამიტომ, 5-ქულიანი მარცხი უფრო ოპტიმიზმის საბაბას გვაძლევს, ვიდრე შეშფოთების.
ამ ორივე გამარჯვების დროს 20-ქულიანი შეხვედრები ჰქონდა ბითაძეს - ზემოთ რომ გითხარით, ამ ოპტიმიზმის საფუძველს ესეც გვაძლევს.
რა პრობლემები უნდა გადავჭრათ
პირველ რიგში კითხვას იწვევს, თუ რამდენად იპოვის ილიას ზუროსი სათამაშო ბალანსს. წინა ხაზში, მაღლების პოზიციებზე, საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს: შენგელია, მამუკელაშვილი, ბითაძე და შერმადინი - განსხვავებული სტილის და პროფილის მოთამაშეები, რომელთაც ის აერთიანებთ, რომ ოთხივე ძალიან დიდი ძალაა. მსოფლიო თასის მასშტაბით ვარსკვლავური ოთხეული გვყავს. ზუროსმა ისეთი სტრატეგია და ტაქტიკა უნდა იპოვოს, რომ ეს ოთხეული მაქსიმალურად გამოიყენოს. თანამედროვე კალათბურთი უფრო მეტად აქცენტს თუნდაც სიმაღლის დათმობის ხარჯზე, სისწრაფესა და, მობილურობაზე აკეთებს. აქედან მოდის სწრაფი ტემპი, ბევრი სამქულიანები და დაბალი ხუთეულები.
საქართველოს ამ ტენდენციის წინააღმდეგ მოუწევს წასვლა - სულ მცირე ორი, ხშირად კი სამი მაღლით მოგვიწევს თამაში. ამ დროს ორი მთავარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - მეტოქის, უფრო დაბალ, მობილურ და სწრაფ ხუთეულებს პერიმეტრი არ უნდა დავუთმოთ, იოლი სროლების საშუალება არ მივცეთ და ჩვენს შეტევაში სივრცე შევქმნათ, რათა ფარქვეშ ზედმეტ ჯაჯგურს და რთულ სროლებს ავცდეთ. სივრცისთვის აუცილებლად გვჭირდება სამქულიანები ჩვენი მაღლებისგან - სხვანაირად, თუ საქართველოს მაღლები მხოლოდ სამწამიანში, ან მის სიახლოვეს ითამაშებენ, ეროვნულ გუნდს სივრცე და ბურთის მოძრაობა ძალიან გაუჭირდება. მეტოქის დაცვა პერიმეტრზე უნდა ამოვწიოთ, რათა უფრო მეტი კარგი სროლა გვქონდეს. კარგი ის არის, რომ შენგელიას, მამუკელაშვილს და ბითაძეს აქვთ და შეუძლიათ სამიანების ჩაგდება. ვერცერთზე იტყვი, რომ კლასიკური მსროლელია, მაგრამ სამივე ისვრის და სამივე აგდებს. გიორგი შერმადინს ძალიან კარგი საშუალო ორქულიანი აქვს. მოკლედ, იმისთვის, რომ შეტევაში სივრცე და დინამიკა გვქონდეს მაღლებისგან სამქულიანები დაგვჭირდება. მონტენეგროსთან სწორედ ეს გამოვიდა - ბითაძე-შენგელია-მამუკელაშვილს ერთად 8-დან 6 ზუსტი სამქულიანი ჰქონდათ.

პრობლემურია მსუბუქი ფორვარდის პოზიცია. კლასიკური მსუბუქი ფორვარდი ზუროსს არც ჰყავს როტაციაში. ამ პოზიციაზე ხან სანაძე ითამაშებს ხოლმე, როცა უფრო მსუბუქი გუნდი გვეყოლება და ორი მაღლით ვითამაშებთ, ხანაც ამ როლს შენგელია-მამუკელაშვილის დუეტიდან ერთ-ერთი მოირგებს.
შენგელია-მამუკელაშვილის დუეტი ის ძალაა, რომელმაც ალბათ ცოტა-ცოტა ყველაფერი უნდა გააკეთოს. მათი იმედი ბურთის გათამაშების დროსაც გვაქვს, შეტევის ორგანიზებაშიც, მოხსნებზეც, ფარზეც, ქულების მხრივ ხომ თავისთავად. ეს არის ჩვენი გუნდის ძრავი - მთავარი ის არის, რომ მათ ერთმანეთი შეავსონ, გააძლიერონ და როლები იდეალურად გაინაწილონ. აქაც იქამდე მივდივართ, რომ რესურსი დიდი გვაქვს, მთავარია სათამაშო ბალანსის პოვნა, რომ ეს რესურსი იდეალურად გამოვიყენოთ.

ზემოთ სამქულიანები ვახსენე და დუდა სანაძის ფაქტორიც უნდა აღვნიშნოთ. საქართველოს არ ჰყავს ბევრი კარგი სამიანების მსროლელი. კლასიკური მსროლელი ალბათ მხოლოდ მაკფადენია, ისეთი, რომელსაც ყველა თამაშში 5 და მეტი სამიანი შეგიძლია მშვიდად მიანდო. იმისთვის, რომ შეტევაში სივრცე გვქონდეს და მხოლოდ სამწამიანიდან სროლების იმედზე არ ვიყოთ, სამიანები დუდასგანაც აუცილებლად დაგვჭირდება. საქართველოს არ ჰყავს მსროლელი გუნდი, ანუ როცა მთელი გუნდი ისვრის და იცი, რომ ერთს თუ არ წაუვა, ამას მეორე იზამს. ამიტომ, ვისაც სროლა შეუძლია, ვისი საქმეც სამიანების ჩაგდებაა, მათგან აუცილებლად გვჭირდება მაღალი პროცენტით ზუსტი სამიანები. ამ მიმართულებით შეზღუდული რესურსი გვაქვს, არადა სამიანების გარეშე თანამედროვე კალათბურთში მოგება ძალიან რთულია.
შეტევის გარდა, ეს კომპონენტი დაცვაზეც აისახება. როცა მაღლებით თამაშობ და სამიანს ისვრი, რომელიც არ ვარდება, მეტოქის სწრაფი შეტევის და იოლი ორი ქულის მიღების ალბათობა ძალიან დიდია. ამ დროს შენი მაღლები მეტოქის სწრაფ შეტევას ვეღარ მოყვებიან - არც სისწრაფე ჰყოფნით და არც პოზიცია უწყობთ ხელს, ამიტომ, მეტოქეს ცუდი სროლებით იოლი ორი ქულის საშუალება არ უნდა მივცეთ.
პირიქით, ნელ, პოზიციურ შეტევაში ზუროსის გუნდის სიმაღლიდან და ათლეტიზმიდან გამომდინარე, მეეჭვება, ვინმემ იოლად შემოგვიტიოს. არ არის იოლი შეუტიო იმ დაცვას, როდესაც ჯერ მამუ და თოკო გეჯაჯგურებიან და იმათ უკან სამწამიანში გოგა და შერმო გელოდებიან.

ბევრად უფრო პრობლემატურია უკანა ხაზი, სადაც ზუროსს ბევრად ნაკლები არჩევანი აქვს, ვიდრე ცენტრის ან ფორვარდის პოზიციაზე. გამთამაშებლად ზუროსმა ბოლო შეხვედრებში ახალგაზრდა რატი ანდრონიკაშვილი ათამაშა. რატის 30 და მეტი წუთი ჰქონდა. ის უკანა ხაზში ნაკრების საუკეთესო მცველია, ბურთზე კარგად იცავს თავს, ენერგიული და აგრესიულია, მეტოქეს აწუხებს, ჩაჭრები და მოპარვები ეხერხება, თუმცა შეტევის დროს ყველაზე სანდო ოპცია ნამდვილად არ არის. რატის სტაბილური სროლა არ აქვს, ყველაზე დიდი პრობლემა კი დაკარგვებია. მონტენეგროსთან რატის 5 დაკარგვა ჰქონდა - მესამე მეოთხედში ნაკრების შეტევა ამ დაკარგვების შედეგად გაიჭედა. ზუროსის გუნდმა მთელს მეოთხედში მხოლოდ 7 სროლა შეასრულა და 13 ქულა ჩააგდო - გაგვიმართლა, რომ მაღალი, არეალური 71 პროცენტით ვისროდით, თორემ შეიძლება ამდენიც ვერ ჩაგვეგდო.
გიორგი ცინცაძე გამოცდილი და სტაბილური ოპციაა, როდესაც ბურთი აქვს, თუმცა დაცვის დროს სისწრაფე და ათლეტიზმი აკლია. მის ასაკში და ამდენი ტრავმების შემდეგ ცინცაძისგან ამას აღარც უნდა ველოდოთ. ამავე დროს, სტაბილური მსროლელი არც ცინცაძეა. მაკფადენი უკანა ხაზიდან ყველაზე სტაბილური შემტევი ოპციაა, საქართველო ძირითადად მისი სამიანებით უტევს, თუმცა დაცვაში უნაკლო არც ვეტერანი ამერიკელია. ზუროსს საკმაოდ გაუჭირდება, უკანა ხაზში საჭირო ტანდემს და კომბინაციებს რომ მიაგნოს.

შანსი უნდა მიეცეს ახალგაზრდა ლიკლიკაძეს, რომელმაც ლიეტუვასთან 15 წუთში 3 შედეგიანი გადაცემა ისე შეასრულა, დაკარგვა არ ჰქონია. თუ წინა ხაზში მთავარი კითხვა ის არის, ჩვენს რესურსებს და შესაძლებლობებს როგორ გამოვიყენებთ, უკანა ხაზში რაღაცეების მოფიქრება და ახალი ძალების და ოპციების მოგონება მოგვიწევს. ამ რგოლში ობიექტურად ყველაზე დიდი რესურსი ნამდვილად არ გვაქვს.
ზუროსი ბოლო თამაშებში უფრო მეტად ანდრონიკაშვილი-მაკფადენის დუეტს ენდო. უფრო მეტი წუთები მათ მისცა. ეს იმას ნიშნავს, რომ მაკფადენს, სროლებთან ერთად, მომენტებში ბურთის მოძრაობის და გათამაშების დროს რატის დახმარებაც მოუწევს. მაკფადენის გადატვირთვა ზუროსის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ამერიკელი სტაბილურად 30 წუთზე მეტს თამაშობს. როცა საქართველოს შეტევა არ მისდის, ტემპი ვარდება და კარგი სროლები არ ჩანს, მაკფადენის სროლები საქართველოს შეტევის ყველაზე სტაბილური ოპციაა. შედეგად, ისე გამოდის ხოლმე, რომ მას შეიძლება 10 და მეტი სამქულიანი სროლა ჰქონდეს, თანაც ბევრი რთული სროლა, როცა მის წინ ხშირად ორი მოთამაშეა და მას თავად უწევს სროლის შექმნა და მოგონება. ამის გარდა, ის ბურთის წამოღებასა და გათამაშებაშიც იღებს მონაწილეობს. მაკფადენზე დატვირთვა უნდა შემცირდეს. ეს ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფორმულა იქნება.
ბურთის მოძრაობა, მისი გათამაშება და დაკარგვების შემცირება საქართველოს ალბათ მთავარი პრობლემაა. მონტენეგროსთან ზუროსის გუნდს 20 დაკარგვა ჰქონდა, ლატვიასთან - 18.
დაკარგვების შედეგი ის არის, რომ მოწინააღმდეგებს ბანალურად უფრო მეტი სროლა აქვთ, ვიდრე ჩვენ. დაკარგვების პრობლემა ნაწილობრივ ლოგიკურიცაა, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს უკანა ხაზში ყველაფერი უპრობლემოდ ნამდვილად არ აქვს. აუხსნელია ის, თუ ასეთი მაღალი და ათლეტური გუნდი, როგორც საქართველოა, რატომ და როგორ ატანს მეტოქეს ასე იოლად მის ფარზე ბურთს. მონტენეგროს საქართველოს ფარზე 20 მოხსნა ჰქონდა. დაკარგვების და ჩვენს ფარზე ბურთის მოხსნის შედეგად, მეტოქეს მეტი სროლები უგროვდება. მონტენეგროს მთელი 20 სროლით მეტი ჰქონდა საქართველოსთან (67 სროლა 47-ის წინააღმდეგ). ევრობასკეტზე ოთხივე წაგებულ შეხვედრაში საქართველომ მეტოქეზე ცოტა სროლა შეასრულა. ამიტომ, ზუროსის გუნდის პირველი მიზანი ის უნდა იყოს, რომ სროლების რაოდენობაში მეტოქესთან არ დათმოს.

მონტენეგროსთან საქართველომ 23-დან 13 სამიანი ჩააგდო, ანუ ზუსტი სროლების 56 პროცენტი, მეტოქემ, პირიქით, პერიმეტრიდან მოსალოდნელზე ცუდად ისროლა (32 პროცენტით). პერიმეტრიდან სულ ასე ვერ ვისვრით - ეს ლოგიკური პროცენტი არაა და სხვანაირად მატჩის მოგება, რომელშიც მეტოქეს 20 მოხსნა გავატანეთ ფარზე და 20 დაკარგვა გვქონდა და შედეგად 20 სროლით ნაკლები შევასრულეთ, რთულად წარმოსადგენია.
ამ სიმაღლის და შემადგებლობის გუნდი, როგორიც საქართველოა, ფარს არ უნდა თმობდეს. ეს ის პრობლემაა, რომელიც უნდა გადავჭრათ, ამისთვის ყველაფერი გვაქვს.
როგორ გამოიყურებიან მეტოქეები
საქართველოსთვის კარგი ის არის, რომ მისი სამივე მეტოქე ჯგუფში არცთუ ისე კარგად გამოიყურება. ზოგადად, საქართველოს ყველაზე მარტივი ჯგუფი შეხვდა და ეს ის ჯგუფია, რომელიც აუცილებლად უნდა გადავლახოთ. პირველი შეხვედრაში კაბო ვერდეს შევხვდებით, რომელმაც აგვისტოში სულ ორჯერ ითამაშა - 27 ქულა დათმო თურქეთთან და 20 - ჩინეთთან, თანაც ისე, რომ სულ 66 და 63 ქულა ჩააგდო. კაბო ვერდეს მთავარი ძალა რეალის ედი ტავარეშია. ის ცენტრია, ძირითადად სამწამიანში თამაშობს - ისეთი მოთამაშეა, რომ ბურთი უნდა მისცე. თან სამწამიანი საქართველოს ძლიერი მხარეა და მაგალითად, ზუსტად ვიცით, რომ გიორგი შერმადინი ტავარეშს ბევრს არაფერს დაუთმობს - მის ტენერიფეს რეალთან არაერთხელ უთამაშია.
საქართველოს უშუალო კონკურენტია ვენესუელა. ეს საკალათბურთო ქვეყანაა, კალათბურთი უყვართ, თუმცა ბოლო თვეებია საზიზღრად გამოიყურებიან და ამ ზაფხულში ზედიზედ 9 თამაში წააგეს. მათ შორის, წააგეს ირანთან და იორდანიასთან, იმ მეტოქეებთან, რომლებიც საქართველომ სულ ორიოდე კვირის წინ იოლად დაამარცხა. ვენესუელა სტაბილურად იღებს თავის კალათში 80 და მეტ ქულას. შეტევაში სამხრეთამერიკელები ძირითადად სწრაფი თამაშის და სამქულიანების იმედზე არიან, თუმცა თუ ბურთს გავუფრთხილდით, ტემპი დავუგდეთ და სიმაღლე და სამწამიანი გამოვიყენეთ, ეს მეტოქე ზუროსის გუნდისთვის დაძლევადი უნდა იყოს. საქართველო იმ კლასის გუნდია და ისეთი რესურსი აქვს, რომ ვენესუელა და კაბო ვერდე არ შეიძლება პრობლემა იყოს.

ჯგუფის უპირობო ფავორიტი ლუკა დონჩიჩის სლოვენია ასევე არცთუ უპრობლემოდ გამოიყურება. ბოლო 7 შეხვედრიდან 4 წააგეს, თანაც ისე, რომ ამ სამი გამარჯვებიდან ერთხელ იაპონიას მოუგეს და მეორედ - ჩინეთს. სლოვენია ჩვენს ‘ნაცნობ’ მონტენეგროსაც შეხვდა და ბრძოლაში, სულ 4 ქულით (104:100) მოუგო.
სლოვენიის უმთავრესი პრობლემა მისი დაცვაა - სამჯერ მიიღო თავის კალათში 90 ქულაზე მეტი, ერთხელ კი - 88 (საბერძნეთთან). უხეშად რომ ვთქვათ - ჩინეთის და იაპონიის გარდა ყველა მეტოქემ სლოვენიას 90 და მეტი ქულა ჩაუგდო. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, საქართველო უშანსოდ არც დონჩიჩის გუნდთან იქნება.
მთავარი ის არის, რომ ზუროსმა და მისმა გუნდმა სწორი ბალანსი იპოვონ - აქცენტი ძლიერ მხარეებზე გააკეთონ, სისუსტეები კი - დამალონ.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმთავრესი საკალათბურთო ტურნირი იწყება - ამ შანსის არგამოყენება არ შეიძლება - სულ მცირე ამ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ. ისტორია ახლა იქმნება - 26 აგვისტოდან დიდ მისიაზე ვართ!
კომენტარები