Thumbnail
  • 24 აგვისტოს აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა
  • საკლუბო ტურნირზე საქართველოს ნაკრების 3 ფეხბურთელი ითამაშებს

დღეს, 24 აგვისტოს აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და ქართველი ფეხბურთელების გუნდების მეტოქეები გაირკვა. ტურნირზე 4 ქართველი ითამაშებს: გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი), ჯაბა ჯიღაური (ნასაფი) და თომა ტაბატაძე (ნავბაჰორი). 

გიორგი გველესიანის პერსეპოლისი E ჯგუფში ალ დუჰაილთან (კატარი), ისტიკლოლთან (ტაჯიკეთი) და ალ ნასრთან (საუდის არაბეთი) ერთად ითამაშებს. განსაკუთრებით საინტერესო ქართველი მაყურებლისთვის გველესიანისა და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდოს დაპირისპირება იქნება. 

ვაკო ყაზაიშვილის ულსან ჰიუნდაი I ჯგუფში პათუმ იუნატედთან (ტაილანდი), ჯოჰორ დარულ ტაზიმსა (მალაიზია) და კავასაკი ფრონტალესთან (იაპონია) მოხვდა. ჯაბა ჯიღაურის ნასაფი B ჯგუფში შარჯაჰს (ემირატები), ალ ფაისალისა (იორდანია) და ალ სადს (კატარი) დაუპირისპირდება. D ჯგუფში თომა ტაბატაძის ნავბაჰორს მეტოქეებად ნასაჯი (ირანი), მუმბაი სიტი (ინდოეთი) და ალ ჰილალი (საუდის არაბეთი) შეხვდა. ალ ჰილალში სხვა ცნობილ სახელებთან (კალიდუ კულიბალი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, რუბენ ნევეში, ალეკსანდრ მიტროვიჩი, მალკომი) პსჟ-ის ყოფილი ვარსკვლავი ნეიმარი თამაშობს. 

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩები 18-20 სექტემბერს გაიმართება. ჯერ კალენდარი ჩამოყალიბებული არ არის და უცნობია, თუ ვინ ეყოლებათ მეტოქეებად პირველ ტურში ქართველი ფეხბურთელების გუნდებს.

კომენტარები

ბოლო ამბები