Thumbnail

ისტორია დაწერილია! საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად თამაშობს, ტურნირი გამარჯვებით გახსნა და მე-2 ჯგუფური ეტაპისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ ილიას ზუროსის გუნდი კაბო-ვერდესთან აშკარა ფავორიტი გახლდათ, ეს ისეთი მატჩი გახლდათ, სადაც ყოველგვარი მოულოდნელობა უნდა გამოგვერიცხა.

მოდუნებასა და მეტოქის დაუფასებლობას ადგილი მართლაც არ ჰქონია. იაპონიის ქალაქ ოკინავაში გამართულ მატჩში ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქეზე მაღალი კლასი გამოავლინეს და მიზნისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს. ეს ნამდვილად ის თამაში იყო, რომელიც ქართული კალათბურთის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება.

გუნდური ფოტო ისტორიული მატჩის წინ

საქართველოს ნაკრებმა თამაში ასეთი სასტარტო ხუთეულით დაიწყო: რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი. აფრიკული ნაკრების ხუთული ასე გამოიყურებოდა: პატრიკ ლიმა, ივან ალმეიდა, ვილ ტავარეში, ბეტინიო გომეში, ედი ტავარეში.

მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე, რთული წარმოსადგენია, თუმცა, ქართველმა კალათბურთელებმა თამაში კატასტროფულად დაიწყეს. ბიჭები ძალიან ნერვიულობდნენ, რაც შეცდომებსა და არაზუსტ სროლებში ისახებოდა. საქართველოს ნაკრებმა საწყისი 10 სროლიდან მხოლოდ 1 ჩააგდო, შედეგად კი მეტოქე 8:2 დაწინაურდა.

რატი ანდრონიკაშვილის შედეგიანი პასი გიორგი შერმადინზე

გასაკვირი არ ყოფილა, რომ ამას ზუროსის მიერ აღებული წუთშესვენება მოჰყვა და მთავარი, რისკენაც მან კალათბურთელებს მოუწოდა, სიმშვიდე იყო. ამან შედეგი მალევე გამოიღო, რაშიც დიდი წვლილი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩართულმა მოთამაშეებმა შეიტანეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, გიორგი ცინცაძის 2 სამქულიანი და ჩინებული პასები, სამწამიან ზონაში სიტუაცია კი სანდრო მამუკელაშვილმა და გოგა ბითაძემ გამოასწორეს.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედის დარჩენილი დრო 18:3 მოიგო და მცირე შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა. ზუროსის გუნდის სპურტი მე-2 მეოთხედშიც გაგრძელდა. კაბო-ვერდელებმა არაზუსტ შეტევებსა და შეცდომებს უმატეს, ქართველ კალათბურთელებს კი ფარზე უპირატესობის ფონზე, არაერთი სწრაფი შეტევა გამოუვიდათ და აფრიკელებს დემორალიზება შეეტყოთ.

შეტევაზეა თორნიკე შენგელია

ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვერ გახლდათ კაბო-ვერდეს ვარსკვლავი ვალტერ ტავარეში. მადრიდის რეალის ცენტრმა პირველი ქულები მატჩის მე-15 წუთზე აიღო, როდესაც 2 საჯარიმო გამოიყენა და პირველი ტაიმის განმავლობაში მისი მონაგარიც ეს გახლდათ, არადა, ვალტერმა მოედანზე თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი – 17:20 წუთი გაატარა. ამ ფონზე ქართველებს გუნდური თამაში აშკარად კარგად გამოუვიდათ. ქულები ერთბაშად 8 კალათბურთელზე გადანაწილდა, მინიმუმ 6 ქულა 6 მოთამაშეს ჰქონდა, საუკეთესო კი თორნიკე შენგელია იყო 9 ქულით.

მე-2 ნახევარში თამაში ინერციითღა გაგრძელდა. აშკარად სჩანდა, რომ კაბო-ვერდელ კალათბურთელებისთვის ქართველებისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ წუნი ზუროსის გუნდსაც საკმაო ჰქონდა, აფრიკელების დაბალი კლასი მთელ რიგ ეპიზოდებში ძალიან თვალსაჩინო გახლდათ. სხვა თუ არაფერი, ამაზე არაერთი “ეარბოლი” მეტყველებს, მათი სროლების დროს ბურთი უბრალოდ ფარსაც კი არ ხვდებოდა (საბოლოოდ, 26-დან მხოლოდ 3 სამქულიანი ჩააგდეს).

ვალტერ ტავარეშისა და გოგა ბითაძის ორთაბრძოლა

ქართველმა კალათბურთელებმა ბოლო მეოთხედი აშკარად მოშვებულებმა ჩაატარეს და მეტოქე მცირედით გამოცოცხლდა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც დიდი - 25-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. გასაკვირი არც ის ყოფილა, რომ შედეგიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრების მხრიდან თამაშში მონაწილეობა განაცხადში მყოფმა 12-ვე კალათბურთელმა მიიღო და მინიმუმ ქულა 11-მა მათგანმა აიღო (უქულოდ მხოლოდ კახა ჯინჭარაძე დარჩა, რომელმაც 12 წუთში 5 პერსონალური ფოლი მიიღო).

ზუროსის გუნდში საუკეთესოები შენგელია (16 ქულა, 7 მოხსნა), გოგა ბითაძე (15 ქულა, 11 მოხსნა), დუდა სანაძე (12 ქულა) და სანდრო მამუკელაშვილი (10 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი) იყვნენ, კაბო-ვერდეს რიგებში კი 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ კენეტი მენდეშმა (11) და კევენ გომეშმა (10) უწიეს. ხსენებულმა ტავარეშმა თამაში 6 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა. ამჯერად, უჩვეულოდ პასიური იყო საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი, რომელმაც 26 წუთში მხოლოდ 4 ქულა მიითვალა.

ცუდი სტარტის შემდეგ თამაშში გადამწყვეტი გარდატეხა ცინცაძემ შეიტანა

საბოლოოდ, საქართველომ მეტოქეს მოხსნებში 48:38 აჯობა, პასებში – 23:15 და გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდა სროლებში: 41-დან 21 ორქულიანი (51%), 19-დან 7 სამქულიანი (37%) და 24-დან 22 საჯარიმო (92%). დაფიქრებას იწვევს ერთი კომპონენტი, რომელიც ზუროსის გუნდის მუდმივი თავისტკივილია. ასეთ სუსტ მეტოქესთანაც კი, ქართველ კალათბურთელებს გაცილებით მეტი დაკარგვა (22:15) ჰქონდათ, რაც სხვა შემთხვევაში დამღუპველი იქნებოდა.

დღესვე, F ჯგუფში, სადაც საქართველო და კაბო-ვერდე ირიცხებიან, კიდევ ერთი მატჩი შედგება. 15:30 საათიდან უმთავრეს ფავორიტად შერაცხული სლოვენია ვენესუელას დაუპირისპირდება და ეცდება, ლუკა დონჩიჩის დახმარებით, მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებით გახსნას. 28 აგვისტოს, მე-2 ტურში, საქართველო სლოვენიას შეხვდება, კაბო-ვერდეს მეტოქე კი ვენესუელა იქნება. შეგახსენებთ, რომ მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად, საქართველოს ნაკრები ორ საუკეთესოს შორის უნდა მოხვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თამაშს მეჩვიდმეტე-ოცდამეთორეტე ადგილებისთვის გააგრძელებს.

საქართველო 85:60 (20:11, 28:11, 22:15, 15:23) კაბო-ვერდე

საქართველო: ანდრონიკაშვილი (23 წ. 7 ქ. 5 მ. 6 პ.), მაკფადენი (26 წ. 4 ქ.), სანაძე (20 წ. 12 ქ.), შენგელია (25 წ. 16 ქ. 7 მ.), შერმადინი (20 წ. 8 ქ. 5 მ.); ბერიშვილი (6 წ. 1 ქ.), ბითაძე (20 წ. 15 ქ. 11 მ. 3 პ.), ჯინჭარაძე (12 წ.), ლიკლიკაძე (5 წ. 2 ქ.), მამუკელაშვილი (26 წ. 10 ქ. 8 მ. 5 პ.), ცინცაძე (12 წ. 8 ქ. 4 პ.), ტურძილაძე (4 წ. 2 ქ.).

კომენტარები

ბოლო ამბები