Thumbnail

ისტორია დაწერილია! საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად თამაშობს, ტურნირი გამარჯვებით გახსნა და მე-2 ჯგუფური ეტაპისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. ილიას ზუროსის გუნდმა კაბო-ვერდეს 85:60 მოუგო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და კალათბურთელმა გოგა ბითაძემ პრესკონფერენციაზე მოგებული შეხვედრა შეაფასეს და სლოვენიასთან მომავალ მატჩზეც გაამახვილეს ყურადღება.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ქართული კალათბურთისთვის ეს ისტორიული მომენტია. მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად ვითამაშეთ და მოვიგეთ. ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ ყველაფერი გრძელდება. სლოვენიასთან რთული თამაში გველის და აქედანვე უნდა დავიწყოთ მზადება, ფოკუსი იმ შეხვედრაზე უნდა გვქონდეს.

ჯერ გუნდზე ვისაუბრებ: ზოგიერთმა მოთამაშემ ისე იასპარეზა, რომ ნამდვილად არ ველოდით. რაც შეეხება გოგას, მასზე ვიტყვი, რომ ყველას აჩვენა, თუ რა შეუძლია. მას ორ პოზიციაზე შეუძლია თამაში, უმაღლესი დონის კალათბურთელია, რომელსაც დიდი გონებრივი შესაძლებლობები აქვს. სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატზე გოგა და თოკო არ გვყავდნენ. ამ გუნდის მჯერა, ყველა მოთამაშე ყველა მატჩში კარგად ვერ ითამაშებს, მაგრამ მათ სხვებისთვის მუხტის მიცემა შეუძლიათ.

სლოვენიასთან თამაში ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, ძალიან ძლიერ ნაკრებს ვეთამაშებით, ლუკა დონჩიჩი დიდი მოთამაშეა, NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვითამაშებთ ბოლომდე და ვეცდებით, რომ მაქსიმუმის გაკეთებას."

გოგა ბითაძე: "ეს უდიდესი გამარჯვებაა, პირველი მოგება მსოფლიოს ჩემპიონატზე. ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს. ყველა დავალება შევასრულეთ, რაც მწვრთნელმა მატჩამდე მოგვცა. დამსახურებული გამარჯვება ვიზეიმეთ. ედი ტავარეში დიდი კალათბურთელია. ვიცით, თუ რამხელა შესაძლებლობები აქვს მას. ის ევროლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია. ჩვენმა მცველებმა დიდი სამუშაო გასწიეს ედის გასაჩერებლად. სწორ დროს სწორ ადგილას ვიყავით და გამარჯვებაც ჩვენ დაგვრჩა."

28 აგვისტოს, მე-2 ტურში, საქართველო სლოვენიას შეხვდება, კაბო-ვერდეს მეტოქე კი ვენესუელა იქნება. შეგახსენებთ, რომ მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად, საქართველოს ნაკრები ორ საუკეთესოს შორის უნდა მოხვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თამაშს მეჩვიდმეტე-ოცდამეთორეტე ადგილებისთვის გააგრძელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები