- UFC-ის ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა
- გიგა ჭიკაძემ UFC-ში მერვე ბრძოლა მოიგო
UFC-ის ქვემსუბუქი წონის მებრძოლი გიგა ჭიკაძე ოქტაგონს წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. "ნინძა" 26 აგვისტოს სინგაპურში, ტურნირში UFC Fight Night 225 გამოვიდა, სადაც საკმაოდ გამოცდილ ამერიკელ მებრძოლს, ალექს კასერესს დაუპირისპირდა.
კასერესს ამ ბრძოლამდე 35 ჩხუბი ჰქონდა ჩატარებული, საიდანაც 21 მოიგო და 14-ჯერ დამარცხდა. რაც შეეხება ჭიკაძეს, კასერესთან დაპირისპირებამდე, გიგას ანგარიშზე 17-დან 14 მოგება და 3 მარცხი იყო.
გიგამ სამივე რაუნდში ბრწყინვალედ იჩხუბა. ქართველი მებრძოლი ჩხუბისთვის კარგად იყო მომზადებული და სიტუაციას შესანიშნავად აკონტროლებდა. ჭიკაძემ UFC-ში მერვე გამარჯვება მოიპოვა. მსაჯების გადაწყვეტილებით შეხვედრის სამივე რაუნდი ქართველმა მოიგო (30:27, 30:27, 30:27).
გიგა ჭიკაძე, რომელიც ოქტაგონს 18-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, ამჟამად UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-9 პოზიციას იკავებს. გიგამ ბოლოს 2022 წლის იანვარში, კელვინ კატართან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხებულად გამოცხადდა. ეს ჭიკაძისთვის პირველი წაგება იყო UFC-ში, ხოლო MMA-ში - პირველი 2018 წლის შემდეგ. მანამდე "ნინძას" ორგანიზაციაში ზედიზედ 7 ბრძოლა ჰქონდა მოგებული.
კომენტარები