- კლერმონი 0:1 მეცი | გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში მეორე გოლი გაიტანა
- დიდი შანსია, რომ ეს მისთვის მეცში ბოლო თამაში იყო
შეიძლება, გიორგი მიქაუტაძემ მეცში ბოლოჯერ ითამაშა, მაგრამ ახლა ფაქტი ის არის, რომ ლასლო ბოლონის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება ქართველის გოლით მოიპოვა.
ლიგა 1-ის მე-3 ტურში მეცმა სტუმრად კლერმონი 1:0 დაამარცხა. მიქაუტაძეს ანგარიშის გახსნა 39-ე წუთზე შეეძლო, როდესაც ტექნიკურად ითამაშა, ორ მეტოქეს გაექცა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მეკარემ აჯობა. სამაგიეროდ, 69-ე წუთზე მან თავი მაინც გამოიჩინა.
კლერმონის კაპიტან ფლორენ ოჟიეს ფეხი დაუცდა, რის შედეგადაც ბურთი მიქაუტაძემ ჩაჭრა, მეკარესთან პირისპირ დარჩა, რომელსაც აჯობა და როგორც მერე გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა. გიორგი მოედანზე უდავოდ გამორჩეული და საუკეთესო მოთამაშე იყო.

მიქაუტაძე 86-ე წუთზე იბუ სანემ შეცვალა. 22 წლის ქართველ ფეხბურთელს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში სამ შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.
მეცს სამ ტურში 4 ქულა აქვს და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 3 სექტემბერს, რეიმსს უმასპინძლებს. თუმცა, იქნება თუ არა ფრანგულ გუნდში მიქაუტაძე შემდეგ კვირაში, უცნობია, რადგან ქართველ ფორვარდით არაერთი გუნდი ინტერესდება, ბოლო ცნობებით, მისი აგენტები ამსტერდამში იმყოფებიან, სადაც მოლაპარაკებებს აიაქსთან აწარმოებენ. სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება და მანამდე ყველაფერი გაირკვევა.
კომენტარები