- ნიუკასლი 1:2 ლივერპული
- დარვინ ნუნიესის დუბლით სენტ ჯეიმს პარკზე ლივერპულმა მატჩი შემოატრიალა
ინგლისის პრემიერლიგის მე-3 ტურის ცენტრალური შეხვედრა სენტ ჯეიმს პარკზე გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ნიუკასლი და ლივერპული დაუპირისპირდნენ. საოცრად დრამატული და დაძაბული მატჩი, საბოლოო ჯამში, მერსისაიდელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
25-ე წუთზე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა შეცდომა დაუშვა - ინგლისელმა მცველა ბურთი ვერ მიიღო, რითიც ენტონი გორდონმა ისარგებლა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გახსნა. 28-ე წუთზე ლივერპული ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდა, ვირჯილ ვან დაიკმა ისაკი წააქცია, რომელიც ალისონთან ერთი ერთზე გადიოდა, რის გამოც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა წითელი ბარათი დაიმსახურა. პირველ ტაიმში საოცარი სეივი ჰქონდა ალისონ ბეკერს, რომელმაც ალმირონის უძლიერესი დარტყმა მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში ნიუკასლი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდა. მერსისაიდელებმა ანგარიშის შენარჩუნება შეძლეს და მე-80 წუთზე თავადაც გაიტანეს - ამჯერადაც გოლი მცველის შეცდომას მოჰყვა - სვენ ბოტმანმა ბურთი ვერ დაამუშავა, რის გამოც დარვინ ნუნიესი პოუპთან პირისპირ გავიდა და აუღებელი დაურტყა. 93-ე წუთზე ურუგვაელმა ფეხბურთელმა კვლავ შეძლო გოლის გატანა - სალაჰმა ის დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და დარვინმა ამჯერადაც ყველაფერი ზუსტად შეასრულა.
საბოლოო ჯამში, ლივერპულმა 2:1 გაიმარჯვა. იურგენ კლოპის გუნდს 3 მატჩში 7 ქულა აქვს. რაც შეეხება ნიუკასლს, ედი ჰაუს გუნდი რთულ სიტუაციაშია, რადგან 3 ტურში 2 მარცხი აქვს. შემდეგ შეხვედრას მერსისაიდელები სახლში ასტონ ვილასთან ჩაატარებენ, "კაჭკაჭები" კი სტუმრად ბრაიტონს შეხვდებიან.
ნიუკასლი 1:2 ლივერპული
გოლები: 1:0 გორდონი (21), 1:1 ნუნიესი (80), 1:2 ნუნიესი (93)
კომენტარები