Thumbnail
  • ვალენსია 1:2 ოსასუნა
  • მეტოქემ კარში ჯამში ორჯერ დაარტყა და ორივეჯერ გოლი გაიტანა

სეზონის კარგი სტარტის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ლა ლიგის მე-3 ტურში სახლში "მესტალიაზე" ოსასუნას დაუპირისპირდა და ბოლო წუთზე გაშვებული გოლით 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმის მე-20 წუთზე ვალენსიელთა მცველებმა უხეში შეცდომა დაუშვეს, რითიც პაბლო იბანესმა ისარგებლა და საჯარიმოში შევიდა - ესპანელი ფეხბურთელი ტიერი კორეიამ წააქცია, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ კი, "ღამურების" კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად აიმარ ოროსმა შეასრულა, რომელმაც მამარდაშვილს აჯობა და ანგარიშიც გახსნა.

ვალენსიამ ანგარიში მატჩის მე-80 წუთზე გაათანაბრა - ხავი გერას ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით უგო დურომ გაიტანა. ამის შემდეგ რუბენ ბარახას გუნდს რამდენიმე მომენტიც კი ჰქონდა და გამარჯვებაც შეეძლო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ოსასუნამ მოახერხა გოლის გატანა - ეფექტური დარტყმით თავი ნაჩო ვიდალმა გამოიჩინა.

გიორგი მამარდაშვილს ამ მატჩში საქმე თითქმის არ ჰქონდა - მეტოქემ კარში დარტყმა ჯამში ორჯერ მოახერხა და ორივეჯერ გოლი გაიტანა, ქართველი კიპერი კი ორივე შემთხვევაში უძლური იყო.

ამრიგად, ვალენსიას ლა ლიგაში 3 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს. შემდეგ შეხვედრას მამარდაშვილის გუნდი 2 სექტმბერს სტუმრად ალავესის წინააღმდეგ გამართავს.

ვალენსია 1:2 ოსასუნა

გოლები: 0:1 ოროსი (24), 1:1 დურო (80), 1:2 ვიდალი (95)

კომენტარები

ბოლო ამბები