- ქართული ტრიოს შეფასებები WhoScored-ის მიერ
- ზედიზედ მეორე გოლი - გიორგი მიქაუტაძემ მეცს მოაგებინა
- კვარაცხელიას პირველი საგოლე პასი სეზონში - ნაპოლიმ ზედიზედ მეორედ მოიგო
- მარცხი მესტალიაზე - მამარდაშვილის ვალენსიამ ბოლო წუთზე წააგო
ამ უქმეებზე ევროპის TOP 5 ლიგებში მოასპარეზე ოთხი ქართველი ლეგიონერიდან სამმა ითამაშა - გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში თავისი მეორე გოლი გაიტანა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში სეზონი საგოლე პასით დაიწყო. აი, გიორგი მამარდაშვილისთვის კი წარუმატებელი ტური გამოდგა, მან ორი გოლი გაუშვა, ლა ლიგაში მისი გუნდის წაუგებელი სერია კი შეწყდა.
ლიგა 1-ის ელიტასთან ახლოს

ფრანგული ლიგა 1-ის მესამე ტურში მესამე შედეგიანი ქმედება ჰქონდა 22 წლის გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც ახლა სატრანსფერო აჟიოტაჟის ცენტრშია. პირველ ტურში ეს იყო საგოლე პასი, შემდეგ გოლი მარსელთან და აი, მისი ერთადერთი გოლის წყალობით მეცმა სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, სტუმრად კლერმონ ფუტი 1:0 დაამარცხა.
გიორგი 85-ე წუთზე შეცვალეს, WhoScored-მა მას 7.57 ქულა დაუწერა, რაც გუნდში მესამე შეფასებაა. მიქაუტაძემ კარისკენ ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ დაარტყა, ორი კარში წავიდა (ერთი გოლი), მის ანგარიშზეა 4 წარმატებული დრიბლინგი (საბალისთან ერთად საუკეთესო შედეგი მატჩში). გიორგის 18 პასიდან 66.7% იყო ზუსტი. 7.63 მიქაუტაძის საშუალო შეფასებაა ლიგა 1-ში და ის მე-11 პოზიციაზეა. ის საშუალოდ 3.7-ჯერ ურტყამს მეტოქის კარისკენ, რითაც მხოლოდ კილიან მბაპეს (პსჟ. 4.5) და ამინ გუირის (რენი. 4) ჩამორჩება საფრანგეთის ჩემპიონატში. საშუალოდ 3.3 წარმატებული დრიბლინგით კი ქართველი ფორვარდი მე-7 პოზიციაზეა. მოკლედ, სეზონის სტარტი საუკეთესოა.
4 მნიშვნელოვანი პასი ნახევარ საათში

სეზონში პირველად ითამაშა 22 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ, მისმა ნაპოლიმ სასუოლო 2:0 დაამარცხა, ხოლო ქართველმა გარემარბმა მოედანზე შესვლიდან (მე-60 წუთი) სამ წუთში საგოლე პასი გააკეთა, კაპიტან დი ლორენცოს გამჭოლი პასი გაუკეთა, რის წყალობითაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
WhoScored-მა ხვიჩას თამაში 7.23 ქულით შეაფასა. მას ერთი არაზუსტი დარტყმა ჰქონდა, ნახევარი საათი ითამაშა, თუმცა 4 მნიშვნელოვანი (პოტენციურად საგოლე) პასი გააკეთა. ასევე აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას პასების 95.7% ზუსტი იყო. მოკლედ, სერია A-ში ხვიჩასთვის მშრალი სერია შეწყდა. დიდი ალბათობით, მომდევნო ტურიდან ის უკვე ნაპოლის სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდება.
ორი დარტყმა, ორი გოლი
ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, შინ ოსასუნასთან ბოლო წამებზე დათმო ვალენსიამ - 1:2. გიორგიმ ერთი გოლი პენალტიდან გაუშვა, ერთიც კი ნაჩო ვიდალის მაკრატელას მოჰყვა, ოსასუნამ სულ ორჯერ დაარტყა ზუსტად და ორივე გაიტანა. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ მამარდაშვილს ყველაზე ცუდი შეფასება ჰქონდა მატჩში - 5.56.
20 წლის გიორგი კვერნაძის ფროზინონემ სეზონში პირველი მატჩი მოიგო, მაგრამ ქართველი ლეგიონერი ატალანტასთან 2:1 დასრულებულ შეხვედრაში სათადარიგო იყო.
WhoScored-ის სხვა შეფასებები

გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი 0:1 ბლექბერნთან) - 6.05 (2 მნიშვნელოვანი პასი)
საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი 2:2 რუბინთან) - 6.22
საბა ლობჟანიძე (ატლანტა 4:0 ნეშვილთან) - 6.11 (1 გოლი)
გიორგი აბურჯანია (ჰატაი 0:0 ალანიასთან) - 6.03 (41 პასი)
კომენტარები