საფეხბურთო სეზონი უკვე სრულფასოვნად გახურდა, უკვე ხვიჩა კვარაცხელიაც საქმეშია და ყველას შეახსენა, რა შეუძლია (ამას იტალიური მედია წერს). პარალელურად, გიორგი მიქაუტაძეც ყოველდღე ყურადღების ცენტრშია - საფრანგეთის ჩემპიონატში გატანილი მორიგი გოლით მეცს მოაგებინა. ამასობაში, ამერიკაში საბა ლობჟანიძემ ულამაზესი კომბინაცია შექმნა, რომელიც თვითონვე დაასრულა ქუსლით გატანილი გოლით. მაგრამ საქართველო ეს დღეები პირველ რიგში კალათბურთით ცხოვრობს - ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. გასული უიკენდის მთავარი ამბები "ორშაბათის საკითხავში".
FIBA WORLD CUP | ბითაძე ტურის TOP-ებში
ისტორია დაწერილია! საქართველოს ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად თამაშობს, ტურნირი გამარჯვებით გახსნა და მე-2 ჯგუფური ეტაპისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. ფიბამ 26 აგვისტოს ტოპ-პერფორმერები დაასახელა და დღის საუკეთესოებში მე-3 ადგილი დაიკავა კაბო-ვერდესთან მატჩის საუკეთესო კალათბურთელმა გოგა ბითაძემ. ორლანდოს ცენტრფორვარდმა 15 ქულა, 11 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 29-ის ტოლია, რაც პუერტორიკოელ სტივენ ტომპსონ ჯუნიორთან ერთად საზიარო მე-3 ადგილის ტოლფასია. უკეთესი მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ კარლიკ ჯოუნსს (სამხრეთი სუდანი. 40) და ლუკა დონჩიჩს (სლოვენია. 39) ჰქონდათ. დღეს ილიას ზუროსის გუნდი ლუკა დონჩიჩის სლოვენიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 15:30-ზე დაიწყება და მისი დასრულებისთანავე ჩვენს YouTube არხზე გელოდებით, სადაც europop live-ში სლოვენიასთან მატჩზე გიორგი უგულავა, დავით როგავა და გივიკო ბაქრაძე ისაუბრებენ.
📋 | საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე - ყველა ამბავი ნახეთ აქ.

კვარა | 4 მნიშვნელოვანი პასი ნახევარ საათში
ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში პირველად ითამაშა. მისმა ნაპოლიმ სასუოლო 2:0 დაამარცხა, ხოლო ქართველმა გარემარბმა მოედანზე შესვლიდან (მე-60 წუთი) სამ წუთში ძალიან ჭკვიანური საგოლე პასი გააკეთა. კვარას ერთი არაზუსტი დარტყმა ჰქონდა, ნახევარი საათი ითამაშა, თუმცა 4 მნიშვნელოვანი (პოტენციურად საგოლე) პასი გააკეთა. ასევე აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას პასების 95.7% ზუსტი იყო. დიდი ალბათობით, მომდევნო ტურიდან ის უკვე ნაპოლის სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდება.
📋 | ხვიჩას საგოლე პასი და მისი თამაშის გამოხმაურება ნახეთ აქ.
მიქაუტაძე | ისევ გოლი და მალე ტრანსფერიც?
შესაძლოა, გიორგი მიქაუტაძემ მეცში ბოლოჯერ ითამაშა, მაგრამ ახლა ფაქტი ის არის, რომ ლასლო ბოლონის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება ქართველის გოლით მოიპოვა. ლიგა 1-ის მე-3 ტურში მეცმა სტუმრად კლერმონი 1:0 დაამარცხა. მიქაუტაძეს ანგარიშის გახსნა 39-ე წუთზე შეეძლო, როდესაც ტექნიკურად ითამაშა, ორ მეტოქეს გაექცა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მეკარემ აჯობა. სამაგიეროდ, 69-ე წუთზე მან თავი მაინც გამოიჩინა. დღე ისე არ გადის, მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერზე არ დაიწეროს და მეცში ამის გამო ძალიან ნერვიულობენ.
📋 | მიქაუტაძის გოლი და მასთან დაკავშირებული ყველა სიახლე ნახეთ აქ.
MLS | ლობჟანიძის გოლი ქუსლით
საბა ლობჟანიძის ამერიკული კარიერა ბრწყინვალედ დაიწყო! საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ატლანტა იუნაიტედში პირველი თამაში ჩაატარა და ძალიან ეფექტური გოლიც გაიტანა. ატლანტამ ნეშვილი 4:0 გაანადგურა, საბა კი თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო. 87-ე წუთზე ლობჟანიძემ არგენტინელ თავდამსხმელ ტიაგო ალმადასთან ფანტასტიკური კომბინაცია გაითამაშა, რომელიც ქართველმა შემტევმა გოლით დაასრულა, თანაც, როგორ? ქუსლით!
UFC | ჭიკაძის მერვე მოგება
UFC-ის ქვემსუბუქი წონის მებრძოლი გიგა ჭიკაძე ოქტაგონს წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. "ნინძა" 26 აგვისტოს სინგაპურში, ტურნირში UFC Fight Night 225 გამოვიდა, სადაც საკმაოდ გამოცდილ ამერიკელ მებრძოლს, ალექს კასერესს დაუპირისპირდა. კასერესს ამ ბრძოლამდე 35 ჩხუბი ჰქონდა ჩატარებული, საიდანაც 21 მოიგო და 14-ჯერ დამარცხდა. რაც შეეხება ჭიკაძეს: კასერესთან დაპირისპირებამდე, გიგას ანგარიშზე 17-დან 14 მოგება და 3 მარცხი იყო. გიგამ სამივე რაუნდში ბრწყინვალედ იჩხუბა, კარგად იყო მომზადებული და სიტუაციას შესანიშნავად აკონტროლებდა. საბოლოოდ, ჭიკაძემ UFC-ში მერვე გამარჯვება მოიპოვა. მსაჯების გადაწყვეტილებით შეხვედრის სამივე რაუნდი ქართველმა მოიგო (30:27, 30:27, 30:27).
კომენტარები