- საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 სახეობაში ასპარეზობს
- გუგა ირემაშვილმა ჯგუფში ყველა თამაში მოიგო და პირველზე გავიდა
- რატი ნანავა პლეი ოფის პირველ რაუნდში პერუელ მოთამაშეს შეხვდება
რუმინეთის ქალაქ იასიში IESF-ის მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება. საერთაშორისო eSports-ის ფედერაცია რიგით მე-15 ღონისძიებას 8 სახეობაში ატარებს. ჩვენთვის საინტერესოა ის ამბავი, რომ საქართველოს მსოფლიო პირველობაზე წარმომადგენლები ოთხ დისციპლინაში ჰყავს - eFootball, TEKKEN 7, PUBG Mobile და Mobile Legends: Bang Bang.
თავდაპირველად, ჩემპიონატში ინდივიდუალური სახეობების მოთამაშეები ჩაერთვნენ. TEKKEN 7-ში საქართველოს ღირსებას გუგა ირემაშვილი (duelist 17) იცავს, რომელმაც K ჯგუფში ხუთივე მატჩი მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა. იგი პლეი ოფის პირველ რაუნდს გამოტოვებს (ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების გამო) და მერვედფინალში ინდოეთსა და მალტას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ტრადიციულად, eFootball-ში საქართველოს რატი ნანავა წარმოადგენს. 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონი C ჯგუფში მოხვდა და 18 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, რაც პლეი ოფში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. ნანავა პირველ რაუნდში პერუს ნაკრების მოთამაშეს შეხვდება, გამარჯვებული კი მერვედფინალში მექსიკელ მოთამაშეს დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში, თუ ნანავა შემდგე ეტაპზე გავა, 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი განმეორდება.
"რთულ ჯგუფში მოვხვდი, ირანელი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია, სენეგალელი ჩარჩა. შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს. თუ გამიმართლებს კარგ შედეგს დავდებ", - განაცხადა ნანავამ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური სახეობები 29 აგვისტოდან დაიწყება. PUBG Mobile-ში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება: დავით გავაშელაშვილი, ირაკლი ბუცურეიშვილი, ლუკა ჯაფარიძე და ნიკოლოზ გედეხაური. Mobile Legends-ში კი შემდეგი ხუთეულით ვითამაშებთ: ლუკა ლოლაშვილი, კახი ჩაჩანიძე, ლაშა მაზიაშვილი, გიორგი ნიაზაშვილი და ნიკოლოზ კვარაცხელია.
მსოფლიოს ჩემპიონატის საერთო საპრიზო ფონდი 500 000 დოლარს შეადგენს. eFootball-ში გამარჯვებული 10 000 დოლარს მიიღებს, TEKKEN 7-ის ჩემპიონი, ასევე 10 000 დოლარით დაჯილდოვდება. PUBG Mobile-ში პირველ ადგილზე გასულ გუნდს 40 000 დოლარი გადაეცემა, ხოლო Mobile Legends: Bang Bang-ის ჩემპიონს - 50 000 დოლარი.
კომენტარები