- საქართველო 67:88 სლოვენია
- გავალთ თუ არა ჯგუფიდან, ვენესუელასთან მატჩში გადაწყდება
- კაბო-ვერდემ ვენესუელას მოუგო და საქართველოს საქმე გააკეთა
- ზუროსი მსაჯებზე და თამაშზე: ვიღაცამ უნდა განსაჯოს, რაც დღეს მოხდა
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ფავორიტად შერაცხულ სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88 დამარცხდა. ქართველ კალათბურთელებს კარგი მონაკვეთებიც ჰქონდათ, თუმცა, ლუკა დონჩიჩის გუნდთან არაერთი უპატიებელი შეცდომა დაუშვეს, რის ფონზეც ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან წარმატებაზე ფიქრი ძნელი გახლდათ.
კაბო-ვერდესთან მატჩის მსგავსად, საქართველოს ნაკრებმა სლოვენიასთან თამაშიც ქაოსურად დაიწყო. ფარქვეშიდან გაცუდებულ იოლ ბურთებს დაცვაში პრობლემებიც დაემატა და მეტოქე ლუკა დონჩიჩის ჯადოქრობის წყალობით, 14:2 დაწინაურდა (კაბო-ვერდე 8:2-ს გვიგებდა).
ილიას ზუროსის გუნდი გონს მხოლო ამის შემდეგ მოეგო. თამაში შეცვლაზე შესულმა გიორგი ცინცაძემ, გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა გამოაცოცხლეს და უკვე საქართველოს ნაკრების სპურტის ჯერი დადგა.

ტაიმის ბოლო მონაკვეთი საქართველომ 15:2 მოიგო და ათწუთეული სათავისოდ დაასრულა. ქართველმა კალათბურთელებმა მე-2 მეოთხედის დასაწყისიც მაღალ დონეზე ჩაატარეს და მათ შორის, კახა ჯინჭარაძის 2 სამქულიანის წყალობით, სლოვენიას ტოლსწორად ეთამაშებოდნენ, თუმცა, ანგარიშზე 32:33 მოწინააღდეგემ ძალიან მოუმატა და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მე-2 "გაქცევა" (12:0) მაშინ მოაწყო, როდესაც დონჩიჩი ისვენებდა.
საბოლოოდ, სლოვენიამ საწყისი ნახევარი 45:33 მოიგო, საიდანაც 19 ქულა დონჩიჩის იყო. საინტერესოა, რომ ლუკამ 10 საჯარიმო ჩააგდო, სულ კი, მეტოქეს 26-დან 20 საჯარიმო მოუგროვდა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. ასეთი სხვაობის ნახვა მართლაც იშვიათი ამბავია და ნამდვილად იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც მსაჯებმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღეს.
შესვენების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა, თუმცა, ეს მაქსიმუმი გახლდათ. დონჩიჩმა და მისმა თანაგუნდელებმა კომბინაციურ თამაშში აშკარად გვაჯობეს, პერიმეტრზე საქართველოს ნაკრების ტრადიციულად სუსტი გარჯა გამოიყენეს და სამქულიანების წყალობით, კომფორტული უპირატესობა შეიქმნეს.

საბოლოოდ, სლოვენიის ნაკრებმა 21 ქულის სხვაობით მოიგო, მოედანზე მთავარი კაცი კი, ცხადია, დონჩიჩი გახდა, რომელმაც 34 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, კლემენ პრეპელიჩმა 15 ქულა ჩააგდო, ზორან დრაგიჩმა კი – 12. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო 21 ქულითა და 7 მოხსნით, მის გარდა კი, 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ჯინჭარაძე გადაცდა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში საუკეთესო მატჩი ჰქონდა და 19 წუთში 12 ქულა მიითვალა, თანაც ისე, რომ სროლა არ აუცილებია.
მარცხის ძირითადი მიზეზი ის გახდა, რომ თამაში აშკარად არ წაუვიდათ საქართველოს ნაკრების წამყვან კალათბურთელებს. მხოლოდ ის რად ღირს, რომ შენგელიამ, შერმადინმა, მაკფადენმა, სანაძემა და ანდრონიკაშვილმა ჯამში მხოლოდ 22 ქულა ჩააგდეს, პლუს/მინუს კოეფიციენტი კი ყველას საშინელი ჰქონდა: სანაძე (-30), შენგელია (-26), ანდრონიკაშვილი (-24), შერმადინი (-16), მაკფადენი (-14). ამ ფონზე მითუმეტეს გასაკვირია, რომ ზუროსმა ისევ არ მისცა შანსი მიხეილ ბერიშვილს ან თუნდაც ლუკა ლიკლიკაძეს.

ამასთან, ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს ისეთი ნატურალიზებული კალათბურთელი, რომელიც ასეთ დონეზე თამაშებისთვის არის საჭირო. მაკფადენი, რომელსაც შეტევაში ფაქტობრივად ერთადერთი ოფცია გააჩნია და მხოლოდ სამქულიანს ესვრის, სარგებლიანი ვერ არის. საქართველოს ისეთი მოთამაშე სჭირდება, რომელსაც პერიმეტრზე გადაკვეტის შემთხვევაში, ფარქვეშ შესვლის უნარიც ექნება. ჩვენს ნაკრებს თუნდაც ისეთი მოთამაშე რომ ჰყავდეს, როგორიც მონტენეგროს (კენდრიკ პერის სახით), ბევრი რამ შეიცვლებოდა.
სათქმელია ისიც, რომ საქართველოს ნაკრებმა ვერაფრით იხეირა სამწამიან ზონაში, არადა, ეს ჩვენი კოზირი უნდა ყოფილიყო. ქართველმა ცენტრებმა შერმადინმა და ბითაძემ 11 ქულა აიღეს, სლოვენიელებმა – ტობიმ და დიმეცმა კი – 8. მეტოქემ ბურთი ფარზე 10-ჯერ მოგვიხსნა, ჯამში კი, მოხსნებში 40:32 გვაჯობა. ქართველმა კალათბურთელებმა საკმაოდ ბევრი – 28 პერსონალური ფოლი მიიღეს (შედეგად, მეტოქემ 33 საჯარიმო ესროლა) და დაკარგვებიც (17) ტრადიციულად მრავლად ჰქონდათ. მოკლეთ, ისეთი სტატისტიკური მაჩვენებლები დაფიქსირდა, წაგება სრულიად ლოგიკური იყო.
ამ მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასვლის ჩინებული შანსი გააჩნია. ამისთვის, ბოლო ტურში, რომელიც ოკინავაში 30 აგვისტოს შედგება, სლოვენიამ კაბო-ვერდეს უნდა სძლიოს (ნამდვილად რთულად წარმოსადგენია, სხვაგვარად მოხდეს), ქართველმა კალათბურთელებმა კი ვენესუელასთან 15 ქულაზე მეტით არ წააგონ.
საქართველო 67:88 (17:16, 16:29, 17:18, 17:25) სლოვენია
საქართველო: ანდრონიკაშვილი (16 წ. 2 ქ.), მაკფადენი (35 წ. 5 ქ. 3 პ.), სანაძე (15 წ. 2 ქ.), შენგელია (27 წ. 4 მ. 4 პ.), შერმადინი (12 წ. 4 ქ. 6 მ.); ბითაძე (25 წ. 7 ქ. 6 მ. 3 პ. 3 ჩ.), ჯინჭარაძე (19 წ. 12 ქ.), მამუკელაშვილი (33 წ. 21 ქ. 7 მ.), ცინცაძე (18 წ. 5 ქ. 7 პ.).
კომენტარები