- 📅 30 აგვისტო | 🏟 ოკინავა | ⌚ 12:00 | 🏀 საქართველო V ვენესუელა | 📺 I არხი
- საკალათბურთო მუნდიალის სტატისტიკა ორი ტურის შემდეგ
- ბევრი შეცდომა, დონჩიჩის კლასი და მარცხი - ჯგუფიდან მაინც უნდა გავიდეთ
საკალათბურთო მუნდიალზე ორი ტური დასრულდა, კაბო-ვერდესთან დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები 21-ქულიანი სხვაობით დამარცხდა ლუკა დონჩიჩის სლოვენიასთან, თუმცა პირველი ჯგუფური ეტაპიდან გასვლის კარგ შანსს მაინც ინარჩუნებს - საკმარისია, 30 აგვისტოს სლოვენიამ კაბო-ვერდე დაამარცხოს და ზუროსის გუნდმა 15 ქულაზე მეტის სხვაობით არ წააგოს ვენესუელასთან, რომელთანაც სინამდვილეში ფავორიტია.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა დღეს ვერ შეასრულეს მთავარი ამოცანა, ბევრს კი ეცადნენ, მაგრამ ლუკა დონჩიჩი ვერ გააჩერეს, პლანეტის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა 34 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. ის სულ მე-4 კალათბურთელია 21-ე საუკუნეში, ვინც მუნდიალის პირველ ორ მატჩში 30+ ქულა ჩააგდო ლუის სკოლას, კევინ დიურანტისა და ლარი აიუსოს შემდეგ. დონჩიჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე დღის ტოპ-პერფორმერი იყო 36 მარგი ქმედების კოეფიციენტით.
ორი ტურის შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიბევეს: აშშ, ლიეტუვა, მონტენეგრო, გერმანია, ესპანეთი, კანადა და ლატვია. სულ 7-მა ნაკრებმა. უკვე გავარდნენ: იორდანია, ეგვიპტე, მექსიკა, ფინეთი, ირანი, საფრანგეთი და ლიბანი. აქვე აღსანიშნავია, რომ გერმანია K ჯგუფში ითამაშებს, სადაც ასევე იქნება გერმანიის ჯგუფის მეორეადგილოსანი (ან იაპონია, ან ავსტრალია) და ჩვენი ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი (იმედია, სლოვენია და საქართველო). პირველი ჯგუფური ეტაპის ქულები გადადის. K ჯგუფის ორი საუკეთესო კი ¼ ფინალში ითამაშებს.

საინტერესო ფაქტები. გუნდური
🏀 კანადა საშუალოდ 111.5 ქულას აგდებს და ეს საუკეთესო შედეგია. ასზე მეტ ქულას საშუალოდ კანადელთა გარდა მხოლოდ აშშ-ს ნაკრები აკეთებს. საქართველო საშუალოდ 76 ქულით მხოლოდ 22-ე პოზიციაზეა. ირანს ყველაზე ცუდი შეტევა აქვს - 64.0.
🏀 ფარზე საუკეთესოდ ლიეტუვა თამაშობს - 50 მოხსნა საშუალოდ. არც საქართველოს აქვს ურიგო შედეგი - 31.0 - ეს მე-7 პოზიციაა. ლიბანი ფარქვეშ თამაშში უბრალოდ უსუსურია - 13.5 მოხსნა მატჩში.
🏀 კანადა ყველაზე "მეპასე" გუნდია - საშუალოდ 32.0 შედეგიანი გადაცემა თამაშში. ცოტა მოულოდნელია, მაგრამ არც საქართველოა ლიდერებიდან შორს - 21.5 პასი მე-8 შედეგია საკალათბურთო მუნდიალზე. 14.5 - პასი აქვთ ეგვიპტეს და კაბო-ვერდეს.
🏀 ლატვიას სამქულიანების 45.7 პროცენტული მაჩვენებელი აქვს და პირველია. საქართველო (33.3) მე-18 პოზიციაზეა. იტალია შორი დისტანციიდან კოშმარულად ისვრის - 20.0.
🏀 საშუალოდ 7.0 დაფარება - აშშ-ს ნაკრები ამით მაინც არის პირველი, ზუროსის გუნდს ამ კომპონენტში პრობლემები აქვს - საშუალოდ მხოლოდ 1 დაფარება და 27-ე შედეგი. ორ ტურში სულ თითო დაფარება ჰქონდათ ლიბანს, ახალ ზელანდიასა და ვენესუელას, ჩვენს მომდევნო მეტოქეს.
🏀 11.5 ჩაჭრა თამაშში - ლიდერის, მონტენეგროს მაჩვენებელია. ჩვენი გუნდი 7.5 ჩაჭრით მე-15-ეა. ლიეტუვა უარესია - 3.5.
🏀 18-18 დაკარგვით მუნდიალზე უარესი ნაკრებები საქართველო და ერთ დროს ფავორიტად შერაცხული საფრანგეთი არიან. საუკეთესოები (იტალია და ლატვია) მხოლოდ ამის ნახევარს კარგავენ თამაშში.
საინტერესო ფაქტები. ინდივიდუალური

🏀 ლუკა დონჩიჩი საშუალოდ 35.5 ქულას აკეთებს და საუკეთესოა. 30-ზე მეტ ქულას მის გარდა საშუალოდ მხოლოდ რონდეი ჰოლის-ჯეფერსონი (იორდანია) აგდებს - 31.5. ჩვენგან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი (15.5) 24-ე პოზიციაზეა, თორნიკე შენგელია (12.5) კი 58-ეა. საშუალოდ 10 ქულაზე მეტს კიდევ ერთი ქართველი აკეთებს - გოგა ბითაძე (11.0).
🏀 ჯოშუა ჰოუკინსონი (იაპონია) საშუალოდ 14.5 მოხსნით პირველია მუნდიალზე. ის საკმაოდ უსწრებს მე-2 ადგილზე მყოფ ედი ტავარეშს (კაბო-ვერდე. 13.0). გოგა ბითაძე (8.5) მე-12 პოზიციაზეა, ხოლო სანდრო მამუკელაშვილი (7.5) მე-16 ადგილზეა.
🏀 ტრემონტ უოტერსი (პუერტო რიკო) ერთადერთია, ვინც საშუალოდ 10 პასს აკეთებს თამაშში. ჩვენგან საუკეთესო გიორგი ცინცაძე (5.5) მე-18-ეა. რატი ანდრონიკაშვილს, გოგა ბითაძეს და სანდრო მამუკელაშვილს 3-3 პასი აქვთ.
🏀 მარგი ქმედების კოეფიციენტით მუნდიალზე ლუკა დონჩიჩს ვერავინ სჯობს - 37.5. ნიკოლა ვუჩევიჩი (მონტენეგრო) მეორე ადგილზეა - 30.0. გოგა ბითაძე (23.5) მე-9 ყველაზე სარგებლიანი კალათბურთელია მუნდიალზე და ის პირველია, მათ შორის, ვინც არცერთი თამაში არ დაიწყო სასტარტო ხუთეულში. სანდროს (17.5) 24-ე პოზიცია უჭირავს. ისიც აღსანიშნავია, რომ არც მამუკელაშვილია სასტარტო ხუთეულის მოთამაშე. ჩვენგან მესამე, თორნიკე შენგელია (10.5) ასეულში არაა.
🏀 საოცარია, მაგრამ ფაქტია - მარგი ქმედების კოეფიციენტით საქართველოს ნაკრების ხუთი საუკეთესო მოთამაშიდან სასტარტო ხუთეულში მხოლოდ ერთი (თორნიკე შენგელია) თამაშობს.
🏀 მხოლოდ იონას ვალანჩიუნასმა (ლიეტუვა) და კარლ-ენტონი ტაუნსმა (დომინიკის რესპუბლიკა) შეძლეს ორივე თამაშში ორმაგი დუბლის შესრულება. გოგა ბითაძე ერთადერთია ნაკრებიდან, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა (პირველ ტურში კაბო-ვერდესთან).
კომენტარები