- ალჯამეინ სტერლინგმა თავის პოდკასტში მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა
- იამაიკელმა თქვა, რომ ქართველ მებრძოლებთან ჩხუბი არ უნდა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა (23-4) საკუთარ პოდკასტში შონ ო’მალისთან (17-1) ჩატარებულ ჩხუბსა და მომავალზე ისაუბრა. ალჯო თვლის, რომ თუ მას ამერიკელთან რემატჩს არ მისცემენ, ტიტულზე მერაბ დვალიშვილმა (16-4) უნდა იჩხუბოს.
ასევე, იამაიკელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ წონის შეცვლის შემთხვევაში ეცდება, ქვემსუბუქ დივიზიონში გიგა ჭიკაძესა (15-3) და ილია თოფურიასთან (14-0) ბრძოლას თავი აარიდოს, რადგან მერაბის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ უნდა.
"თუ შონს ჩხუბს დეკემბერში ჩაუნიშნავენ, რემატჩი რომ შემომთავაზონ, უარს ვიტყვი, რადგან თებერვლამდე ოქტაგონზე გასვლას არ ვაპირებ. თუ ჩემსა და ო’მალის შორის რემატჩი არ შედგა, მომდევნო ბიჭი, ვინც ტიტულზე უნდა იჩხუბოს, ეს მერაბ დვალიშვილია. არა მგონია, სხვა რომელიმე მებრძოლთან “შუგას” დაპირისპირება უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე "მანქანასთან" მისი ჩხუბი. არ ვიცი ფანები რას ფიქრობენ, მაგრამ სპორტის კუთხით ეს ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება. ერთ მხარეს სპორტსმენი, რომელიც არ ჩერდება და მოწინააღმდეგეს ქანც აცლის. ნახეთ რა უქნა პიოტრ იანს და მერე რუსისა და ო’მალის ჩხუბი შეადარეთ.
სატიტულო ბრძოლა მერაბისთვის ძალიან დიდი შანსი იქნება. მას შეუძლია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდეს, რაც პირადად დვალიშვილისა და მისი ქვეყნისთვის მაგარი რამ იქნება, როგორც ჩვენთვის, მთელი გუნდისთვის. მე რა მელის თუ ეს მოხდა? არ ვიცი, შესაძლოა სუპერმსუბუქ წონაში 1-2 მატჩი ჩავატარო და მერე ქვემსუბუქ დივიზიონში ავიდე, ან პირდაპირ ზედა კატეგორიაში გადავინაცვლო.

თუ დვალიშვილისა და ო’მალის ჩხუბი შედგება, არ მოვიტყუები, შონი მას სტრაიკინგში პრობლემებს შეუქმნის, მაგრამ მერაბმა აჩვენა, რომ შეუძლია ძალიან მომთმენი იყოს და ეს თვისება "შუგას" მსგავსი მებრძოლის დასამარცხებლად გადამწყვეტია. თუ თავს შეიკავებ, შონი წინ წამოვა და ასეთ დროს მოჭიდავეს მისი წაქცევის მეტი შანსი ეძლევა. ო'მალი დისტანციაზე დარჩენას, ფრონთ ქიქებისა და ქალფ ქიქებით შეტევას ეცდება, როგორც ამას ჩემთან აკეთებდა. მაგრამ პირველმა რაუნდმა აჩვენა, რომ უშეცდომოდ როცა ვიჩხუბე, ვერაფერი დამაკლო. თუ დვალიშვილი 25 წუთის მანძილზე დისციპლინას დაიცავს, როგორც უნდა დაამარცხოს ის შონმა?!
ჩემს მომავალს რაც შეეხება, თუ წონას შევიცვლი, მაქს ჰოლოუეისთან ან არნოლდ ალენთან ბრძოლას ვისურვებდი. არ მინდა გიგა ჭიკაძესა და ილია თოფურიასთან ჩხუბი, მათთან არასდროს მივარჯიშია, მაგრამ ჩემი და მერაბის ურთიერთობიდან გამომდინარე, ყველანაირად ვეცდები, რომ ქართველ ბიჭებთან ბრძოლას თავი ავარიდო."
ალჯამეინ სტერლინგი სატიტულო ბრძოლაში შონ ო’მალისთან ტექნიკური ნოკაუტით მეორე რაუნდში დამარცხდა. ბრძოლის მერე იამაიკელმა თქვა, რომ რემატჩი სურს, თუმცა იქამდე ამბობდა, რომ ამ მატჩის შემდეგ წონას შეიცვლიდა. თავად "შუგამ" ჩიტო ვერასთან (21-8) ჩხუბი მოითხოვა. UFC-ის ბოსებს, კი ჯერ ო’მალის მომავალ მატჩზე არაფერი უთქვამთ.
კომენტარები