Thumbnail
  • ნაკრებმა სლოვენიასთან ბევრი შეცდომა დაუშვა და ძველი ხარვეზები გაიმეორა
  • მეორე მატჩია, ზუროსი იმ როტაციით იწყებს, რომელიც არ მუშაობს
  • კვლავ პრობლემური იყო დაკარგვები და ჩვენს ფარზე მოხსნები
  • მეტოქემ მეორე შანსის ქულებიდან 24 ქულა ჩაგვიგდო

NBA-ში არის ასეთი გამოთქმა: ცუდი ჩვევები რთულად დაძლევადია. გამარჯვების შემდეგ შეცდომებიც არ არის მთლად იოლად აღმოსაფხვრელი.

კაბო-ვერდესთან კატასტროფული პირველი 6 წუთი გვქონდა იმ როტაციით და იმ ხუთეულით (ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი), რომელიც 6 წუთში 2:8-ს აგებდა და 9-დან ვერცერთი სროლა ვერ ჩააგდო. კაბო-ვერდე საქართველოზე სუსტი იყო - კლასით, ხარისხით, შემადგენლობის სიღრმით და ზოგადად, ყველა პარამეტრით ჩამოუვარდებოდა ეროვნულ გუნდს. ამიტომაც, საქართველო მალევე დაბრუნდა და პირველ მეოთხედშივე დაიბრუნა მატჩზე კონტროლი.

იმ მატჩის შემდეგაც ვთქვით, რომ ასე ჩაგდებული მონაკვეთი უფრო მაღალი კლასის მეტოქესთან შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. სლოვენიასთან ასეც მოხდა - ისევ იგივე როტაცია, ისევ ჩაგდებული 5-წუთიანი მონაკვეთი, ამჯერად მხოლოდ 10-დან 1 ზუსტი სროლა და მეტოქის გაქცევა 14:2.

'ეს არ ყოფილა მხოლოდ ის მარცხი, რომ მეტოქეს დონჩიჩი ჰყავს და რა გინდა, რომ ქნა'

განსხვავება ერთი იყო - თუ კაბო-ვერდესთან მთავარი პრობლემა დაკარგვები, ცუდი სროლები და ბურთის მოძრაობა გახლდათ, ამჯერად ზუროსის გუნდმა ამ 5-წუთიან მონაკვეთში რამდენიმე კარგი სროლა შექმნა - უბრალოდ ეს სროლები ვერ გამოიყენა. მაგალითად, შენგელიას შესვლის შემდეგ გამოტანილი ბურთი და ორი თავისუფალი სამქულიანი.

საქართველო ისევ დაბრუნდა. ისევ იმუშავა წუთშესვენებამ და ცინცაძე-ბითაძე-მამუკელაშვილის შემოყვანამ - მეოთხედი 1 ქულით მოვიგეთ კიდეც.

ცუდი ის იყო, რომ მსგავსი ჩაგდებული მონაკვეთები საქართველოს მეორე მეოთხედის შუაში (ამჯერად 12:0 მოგვიწყვეს) და მესამე მეოთხედის ბოლოსაც ჰქონდა. სლოვენია ამ მონაკვეთებში ისე გაიქცა, რომ თამაშის ბედი გადაწყვიტა კიდეც. ზუროსის გუნდი მომენტებში მეტოქეს თითქოს ტოლს არაფერში უდებდა და მეორე მეოთხედის შუამდე ქულა-ქულაშიც იყო, ხოლო მესამე მეოთხედში 6 ქულამდეც მიუახლოვდა, თუმცა ეს ჩაგდებული მონაკვეთები, როცა გუნდი თითქოს უმართავი გახდა შეტევაშიც და დაცვაშიც, სლოვენიის პოტენციალის მქონე გუნდთან მეტოქის 10-15-ქულიან გაქცევას და დამარცხებას ნიშნავს. ობიექტურად ჩვენზე მაღალი კლასის გუნდთან ასეთი მონაკვეთების ჩაგდების უფლება არ გვაქვს.

გასაგებია, რომ მეტოქეს ლუკა დონჩიჩი ჰყავდა. ისიც ცხადია, რომ დონჩიჩს სრულად ვერ დაკეტავ, მაქსიმუმი ის არის, რომ შეზღუდო, დაღალო და ცუდი სროლები მისცე.

თუმცა, რატომ იყო ისე, რომ სანდრო მამუკელაშვილი (ჩვენი გუნდისთვის პოზიციით, ათლეტიზმით და გაბარიტებით დონჩიჩის წინააღმდეგ ალბათ საუკეთესო ოპცია) პარკეტზე მხოლოდ პირველი 5 წუთის შემდეგ გამოჩნდა მაშინ, როცა ლუკას რიტმი, სროლა და თამაშის ტემპი უკვე ნაპოვნი ჰქონდა. მთელი თამაში ჩანდა ისე, რომ ლუკას შეწუხებას ვინმე თუ ახერხებდა, სანდრო, ცენტრის პოზიციიდან გოგა ბითაძე ანაც, ბევრისთვის მოულოდნელად, კახა ჯინჭარაძე. აი, იმ შეზღუდვა- შეწუხებაზეა ლაპარაკი, თორემ მის დაკეტვას არავის ვთხოვთ და არავისგან ველით.

საქართველოს არ ჰყავს არცერთი მოთამაშე, რომელიც არ სჭირდება - პირიქით, მთელ რიგ პოზიციებზე არჩევანი, მოთამაშეები გვიჭირს. კარგ როტაციას სულ მცირე რვა მოთამაშისგან მაინც სჭირდება სოლიდური წუთები.

თუმცა, სტატისტიკათაც ნათელი ხდება, რომ ის როტაცია, რომელიც ზუროსმა მატჩის დასაწყისში აირჩია, არ მუშაობს - არ იმუშავა არც შეტევაში (10-დან 1 ზუსტი სროლა) და არც დაცვაში. რატი ანდრონიკაშვილს 16 წუთში 2 ქულა, 5-დან 5 აცილებული სროლა, არცერთი შედეგიანი გადაცემა და -24 ჰქონდა. თად მაკფადენს 35 წუთში 5 ქულა, 7-დან 2 ზუსტი სროლა (მათ შორის 6-დან 1 ზუსტი სამიანი) და -14. დუდა სანაძეს 15 წუთში 2 ქულა, 4-დან 4 აცილებული სროლა და -30 ჰქონდა. თორნიკე შენგელიას 26 წუთში, 9 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა, 7-დან 2 სროლა გამოიყენა, 5 ჯარიმა დაუგროვდა და -26-ით დაასრულა შეხვედრა. გიორგი შერმადინმა 12 წუთში 4 ქულა და 6 მოხსნა გააკეთა, 5-დან 1 ზუსტი სროლა და -16.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ კალათბურთის თამაში დაავიწყდათ, ან მეტოქე იმდენად ძლიერი იყო, რომ მათთან თამაშს აზრი არ ჰქონდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ის როტაცია, რომელიც ზუროსმა მატჩის სტარტზე აირჩია (თან ზედიზედ მეორედ) და შემდეგ მეორე ტაიმიც დაიწყო, არ მუშაობს. ეს მოთამაშეები სხვანაირად, სხვა ტაქტიკაში და ფორმაციაში უნდა გამოვიყენოთ.

საპირისპიროდ 33 წუთში -5 ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, 25 წუთში +1 გოგა ბითაძეს, 18 წუთში საერთოდაც +9 მოაგროვა გიორგი ცინცაძემ, რომელმაც 18 წუთში 7 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა (თუმცა 3 დაკარგვაც ჰქონდა).

უცნაური იყო ისიც, რომ მთელი მესამე მეოთხედი არ გამოჩნდა როტაციაში კახა ჯინჭარაძე, რომელსაც ძალიან კარგი თამაში ჰქონდა: 19 წუთში 12 ქულა, 4-დან 4 ჩაგდებული ბურთის და აქტიური, აგრესიული დაცვის ფონზე.

ტრადიციულ პრობლემად დარჩა დაკარგვები - საქართველომ 17-ჯერ დაკარგა ბურთი და ორი თამაშის ჯამში ამ ჩემპიონატზე ყველაზე მეტი დაკარგვა აქვს. მატჩის შემდეგ სლოვენიის ნაკრების მწვრთნელმა აღნიშნა, რომ დაცვაში მისმა გუნდმა აქცენტი საქართველოს უკანა ხაზსა და წინა ხაზს შორის კონტაქტების გაწყვეტაზე გააკეთა - ანუ იმაზე, რომ ბურთი ჩვენი "გარდებიდან" მაღლებამდე არ მისულიყო და საქართველოს ძალიან ძლიერი წინა ხაზი, მაღლები, სიმაღლე და ათლეტიზმი სამწამიანში შეტევაში ნაკლებად გამოეყენებინა.

სლოვენიას ეს კარგად გამოუვიდა - ზუროსის გუნდმა შეტევაში ვერცერთ მეოთხედში ვერ მოახერხა, რომ 17 ქულაზე მეტი ჩაეგდო. არადა სლოვენიას 80 ქულაზე მეტი ჩაუგდო მაგალითად ვენესუელამ. იგივე ხდებოდა მოსამზადებელი შეხვედრების დროს. სავარაუდოა, რომ ჩვენი სხვა მეტოქეებიც ეცდებიან ამ ტაქტიკური სვლის გამოყენებას. შემდეგ შეხვედრებში საქართველო მზად უნდა იყოს ამისთვის, რომ მეტოქე ეცდება მაღლებამდე ბურთის მიტანა გაართულოს. პრინციპში ეს აქამდეც მოსალოდნელი იყო.

ძალიან ბევრჯერ გავატანეთ სლოვენიას ბურთი ჩვენს ფარზე და 24 ქულის საშუალება მივეცით ე.წ. მეორე შანსის ქულებიდან - ანუ, მას შემდეგ, რაც ერთი შეტევა მოვიგერიეთ და მეტოქეს მოხსნის ან დაკარგვის შედეგად ხელმეორედ შეტევის და სროლის საშუალება ჰქონდა. ჩვენი გაბარიტების, სიმაღლის და სტილის გუნდისთვის ამ სტატისტიკას გამართლება უბრალოდ არ აქვს. ცუდი ის არის, რომ თამაშიდან თამაშამდე ასე ხდება - ტენდენციაა. ვკარგავთ და ვაგებთ ფარს მაშინ, როცა ყველაფერი გვაქვს, ფარზე და სამწამიანში დომინანტი გუნდი რომ ვიყოთ.

სლოვენიასთან მარცხი არავის უკვირს - ცუდი ის იყო, თუ როგორ წავაგეთ. 20 ქულასთან ერთად დავინახეთ, რომ გუნდური განვითარების, გუნდის მართვის, თამაშის ორგანიზების კუთხითაც მეტოქეს ჩამოვრჩებით. ანუ, ეს არ ყოფილა მხოლოდ ის მარცხი, რომ მეტოქეს დონჩიჩი ჰყავს და რა გინდა, რომ ქნა. ჩვენც ვერ ვაჩვენეთ სრულყოფილად ის, რაც უნდა და შეგვეძლო გვექნა. მოკლედ, ბევრად მეტი და უკეთ შეგვიძლია, როგორც ინდივიდუალურ და ისე გუნდურ დონეზე.

🎙 | ნახეთ მატჩის განხილვა europop live-ში - საუბრობენ გიორგი უგულავა, დავით როგავა და გივიკო ბაქრაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები