Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების გარემარბის კარიერა MLS-ში ბრწყინვალედ დაიწყო
  • როგორ გაეცნო საბა ლობჟანიძე ატლანტა იუნაიტედის გულშემატკივრებს  

საბა ლობჟანიძის კარიერა MLS-ში ბრყწინვალედ დაიწყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის ნახევარმცველს, რომელიც ცოტა ხნის წინ ატლანტა იუნაიტედში გადავიდა, დიბიუტი ნეშვილთან მოგებულ შეხვედრაში ჰქონდა. საბა მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა, 87-ეზე კი ქუსლით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:0.

საბას ეფექტური გოლი MLS-ის 28-ე ტურის 4 საუკეთესო გოლს შორის დასახელდა, ამერიკული კლუბის საიტზე კი თავად ქართველ ფეხბურთელთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც მის დებიუტამდე მომზადდა. კითხვა-პასუხის მიზანი საბას ამერიკელი გულშემატკივრებისთვის უფრო ახლოს გაცნობა იყო.

საბა ლობჟანიძე მესამე ქართველია, ვისაც MLS-ში უთამაშია

რატომ ატლანტა იუნაიტედი: "ატლანტა კარგი გუნდია თავისი ისტორიით, რომელიც ჩემთვის საინტერესო იყო. მიყვარს გამოწვევები. ვიცოდი, რომ ეს გუნდი ლიგაში კონკურენტუნარიანი იყო და გადავწყვიტე, შევერთებოდი მას. აქ ყველაფერი ბრწყინვალეა - სტადიონი, ინფრასტრუქტურა".
 
საქართველოზე: "თბილისელი ვარ - საქართველოს დედაქალაქიდან. ჩემი ქვეყანა ულამაზესია, სადაც ყველაფერია: მთები, ზღვა და მშვენიერი ბუნება. მიყვარს ჩემი ქვეყანა".

პირველი ნაბიჯები ფეხბურთში: "მამაჩემს უყვარს სპორტი და ჯერ ჩემი უფროსი ძმები ვარჯიშობდნენ, მაგრამ მათ არცთუ წარმატებული სპორტული კარიერა გამოუვიდათ. მახსოვს, რომ მე ფეხბურთის თამაში 4 წლიდან დავიწყე. სხვა ბავშვები ხუთი, ექვსი და შვიდი წლისები იყვნენ, მე კი მათ შორის ყველაზე პატარა ვიყავი". 

მეტსახელი: "ნაკრებში ყველა "ლობას" მეძაძის. ჩემი გვარი ლობჟანიძეა და შესაბამისად, ეს მისი შემოკლებული ვარიანტია. ასე რომ, ლობა ან საბა".

საკუთარი თავის დახასიათება სამი სიტყვით: "კონკურენტუნარიანი, მშრომელი, მიზანსწრაფული". 

საკუთარი თამაშის სტილზე: "გარემარბი ვარ და ჩემი ამოცანა, ბოლო პასის გაკეთებაა, რაც, ვფიქრობ, კარგად გამომდის. შევეცდები, ამ მხრივ გუნდს გამოვადგე. საკმაოდ სწრაფიც ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემი სისწრაფე და პასი გამოვიყენო. ასევე მიყვარს გოლების გატანაც და აუცილებლად გავიტან. ბავშვობაში მამასთან ერთად ქუჩაში ყოველდღიურად ვვარჯიშობდი ბურთის ფლობაზე, ტექნიკაზე, დარტყმაზე. იმედი მაქვს, ჩემს უნარებს ატლანტას მოვახმარ".

ჩვეულება მატჩის წინ: "სიმართლე გითხრათ, რიტუალები ამ მაქვს. უბრალოდ, ვცდილობ, ყოჩაღად ვიყო. ზოგჯერ მუსიკას ვუსმენ, მაგრამ განსაკუთრებული ჩვეულება არ მაქვს".

ყაზაიშვილისა და კაშიას შემდეგ საბა მესამე ქართველი იქნება, ვინც MLS-ში ითამაშებს

რა ეხმარება რთულ წუთებში: "რთული პერიოდის დაძლევა ვარჯიშით მიყვარს. წვრთნის პროცესში ზედმეტად ბევრს არ ფიქრობ და კონცენტრირებული ხარ საკუთარ ორგანიზმზე. ეს ძალიან მეხმარება და ამიტომ, მიყვარს ვარჯიში და სპორტით დაკავება".

რას აკეთებს გუნდთან ერთად ხანგრძლივი მგზავრობების დროს: "პირველ რიგში, ვცდილობ დავიძინო. თუკი დაძინებას ვერ ვახერხებ, ვუსმენ მუსიკას ან თანაგუნდელებთან ვთამაშობ რამეს, რათა დრო გავიყვანო".

რომ არ ყოფილიყო ფეხბურთელი: "მიყვარს სპორტი, შესაბამისად, სპორტთან დაკავშირებული საქმიანობით დავკავდებოდი. არ ვიცი. მიყვარს NBA, შესაძლოა, კალათბურთელიც ვყოფილიყავი".
 
საყვარელი მოთამაშე NBA-ში: "ჩემითვის კობი ბრაიანტია GOAT (ყველა დროის საუკეთესო). გავიზარდე კობის თამაშის ყურებაში, დღეს კი ჩემი საყვარელი მოთამაშე ჯეისონ ტეიტუმია". 

საყვარელი კერძი: "ალბათ, მაკარონი. მიყვარს სპაგეტი და ვიცი მისი მომზადებაც".

საყვარელი ტელეშოუ: "ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო "სამეფო კარის თამაშებია".

საყვარელი ფილმი: "მომწონს "ფორესტ გამპი". ძველია, მაგრამ კარგია".

საბას ანგარიშზე საქართველოს ნაკრების 34 მატჩში 3 გოლი და 5 საგოლე პასია

ტატუებსა და მათ მნიშვნელობაზე: "მკლავზე ფრთა მახატია. მას რაიმე მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ, მომწონს. მაქვს ანგელოზის ნახატიც. მაწერია ჩემი დაბადების წელი - 1994, რომაული ციფრებით. თორის ჩაქუჩი "მარველიდან". როდესაც გოლს ვიტან, მას აღვნიშნავ "ჩემი დროით" მაჯაზე დახატული საათით. მიყვარს სისწრაფე და ასევე მაქვს ტატუ ელვა. ალბათ, მომავალში კიდევ მეტი ტატუ მექნება".

კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი: "ვფიქრობ, ასეთი ეროვნულ ნაკრებში დებიუტია. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო".

მთავარი გამოწვევა ატლანტაში: "თითოეული თამაში. მიყვარს კონკურენცია. აქ გამარჯვებებისთვის მოვედი და ამიტომ, ყოველ თამაშში 3 ქულის მოსაპოვებლად ვიბრძოლებ".

ფეხბურთელს ამერიკაში გადაბარგებამდე თურქეთსა და დანიაშიც უთამაშია

საბა ლობჟანიძემ კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, შემდეგ კი თამაშობდა საჩხერეს ჩიხურაში, დანიურ რანდერსში, თურქულ კლუბებში: ანკარაგუჯუში, ჰატაისპორსა და ქარაგუმრუკში. ფეხბურთელი ატლანტა იუნაიტედში ჰატაისპორიდან გადავიდა.

ატლანტა იუნაიტედმა ნეშვილთან გამარჯვებით 41 ქულა დააგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში, საპლეიოფო, მე-6 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 31 აგვისტოს, კონფერენციის ლიდერ ცინცინატის საკუთარ მოედანზე დაუხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები