- გიორგის გარდა აიაქსი ტიაგო ალმადას დამატებას განიხილავდა
- მიქაუტაძე ამსტერდამულ გუნდთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს
საქართველოს ნაკრების ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის აიაქსში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრანსფერი უახლოეს მომავალში დადასტურდება. მიუხედავად იმისა, რომ 22 წლის ფეხბურთელის მეციდან წასვლის საკითხი დიდი ხანი გაიწელა, საბოლოო ჯამში, ის ფრანგულ კლუბს დატოვებს.
გასული სეზონის შემდეგ მიქაუტაძის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყოველდღე ახალი ინფორმაცია ვრცელდებოდა. როგორც ნიდერლანდური გამოცემა Voetbal International წერს, აიაქსის გამო მან უარი ოთხ კლუბს უთხრა.
"რენი, ლიონი, ტოტენჰემი და იტალიის ტოპ-კლუბი ცდილობდნენ მიქაუტაძის დარწმუნებას, მაგრამ ქართველმა ფორვარდმა სვენ მისლინტატთან (ამსტერდამული გუნდის სკაუტი) საუბრის შემდეგ აიაქსში გადასვლა გადაწყვიტა", - აღნიშნა ნიდერლანდურმა გამოცემამ.

Voetbal International ფრანგულ წყაროებზე დაყრდნობით კონტრაქტის დეტალებზეც წერს - სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მიქაუტაძე 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ამსტერდამელები ატლანტა იუნაიტედის ტიაგო ალმადას დამატებასაც განიხილავნდნენ, მაგრამ დუშან ტადიჩისა და მოჰამედ კუდუსის წასვლის შემდეგ მათ ისეთი ფეხბურთელის დამატება სურდათ, რომელსაც გოლების გატანა შეუძლია.
გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში მეცის შემადგენლობაში ლიგა 1-ში 3 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.
კომენტარები