Thumbnail
  • საქართველო 70:59 ვენესუელა
  • ქართველ კალათბურთელებს ისევ ბევრი წუნი ჰქონდათ, თუმცა, მიზანს მიაღწიეს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გააღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

ქართველმა კალათბურთელებმა ამ წარმატებას ვენესუელასთან მოგების (70:59) ხარჯზე მიაღწიეს და მართალია, შემდეგ ეტაპზე შესაძლოა, 16 ქულაზე ნაკლებით შემთხვევაშიც გავსულიყავით, ამ წარმატებას მაინც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

ჯერ ერთი, რომ სლოვენიასთან მარცხის შემდეგ, ქართველმა კალათბურთელებმა ხასიათი გამოიკეთეს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი: საქართველო მომდევნო ჯგუფში, სადაც ურთულესი მეტოქეები გველის, 2 გამარჯვებით გადავა.

გოგა ბითაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა

ცხადია, არსებობს თეორიული შანსი, რომ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში სლოვენიამ კაბო-ვერდესთან წააგოს და ამ შემთხვევაში სამ ნაკრებს (საქართველო, სლოვენია და კაბო-ვერდე) ერთნაირი მაჩვენებელი (2 მოგება, 1 მარცხი) ექნება, თუმცა, ბურთების სხვაობა ისე ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაჯდება, რომ საქართველოს ნაკრები ორ საუკეთესოს შორის ვერ მოხვდეს.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა (ამჯერად, ზუროსი ძირითადად სკამზე იჯდა, გუნდს კი მთავარი მწვრთნელის რანგში მისი ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი ხელმძღვანელობდა) არც ამჯერად შეცვალა სასტარტო ხუთეული, რომელსაც ორივე გასული მატჩის სტარტი “ჩაუვარდა” (2:8 – კაბო-ვერდესთან და 2:14 – სლოვენიასთან). შესაბამისად, პირველ წუთზე მოედანზე ისევ რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი გამოჩნდნენ.

ამჯერად, აღნიშნულმა შედეგი გამოიღო და საქართველომ თამაშიდან საწყისი 6 სროლიდან 5 გამოიყენა. განსაკუთრებით მოტივირებული შენგელია (12 ქულა პირველ მეოთხედში) იყო, რომელსაც გასული მატჩი წარმატებული ნამდვილად არ ჰქონია. მისი ლიდერობით, ქართველები 21:10 დაწინაურდნენ, თუმცა, მეოთხედის ბოლო წუთები ასეთივე შედეგიანი არ ყოფილა. მეტოქემ ზედიზედ 2 სამქულიანი მიითვალა და მცირე შესვენებაზე -ქულიანი უპირატესობით გავედით – 24:19.

კახა ჯინჭარაძემ ამჯერადაც სარგებლიანად ითამაშა

აი, მე-2 მეოთხედი კი, რომელიც საქართველომ 18:4 მოიგო, გადამწყვეტი გამოდგა. ამ დროს ფარქვეშ ჩვენი გუნდის უპირატესობა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა და სწორედ ამის გამოძახილი იყო, რომ ქართველმა კალათბურთელებმა შესვენებამდე 15-დან 12 ორქულიანი ჩააგდეს და 14 საჯარიმო ესროლეს.

სასიამოვნო იყო იმის ხილვაც, რომ ამჯერად კარგად ვაკონტროლებდით პერიმეტრს, რის გამოც ვენესუელას შორეული და ურთულესი სამქულიანების სროლა უწევდა, არადა, ეს მეტოქის უმთავრესი იარაღი უნდა ყოფილიყო. შედეგად, პირველ ტაიმში მეტოქემ 14-დან მხოლოდ 3 შორეული ტყორცნა გამოიყენა (საბოლოოდ, 26-დან 5 სამქულიანი ჩააგდეს) და 20 წუთის თავზე ფაქტობრივად უიმედოდ ჩამორჩა – 23:42.

თორნიკე შენგელიამ 25 ქულა მოაგროვა

შესვენების შემდეგ, სასტარტო ხუთეულში ერთი ცვლილება ვიხილეთ, რომელიც სრულიად ლოგიკური გახლდათ. არცთუ დამაჯერებლად მოთამაშე შერმადინის ნაცვლად, მოედანზე ბითაძე გამოჩნდა, რომელმაც საბოლოოდ ორმაგი დუბლის (11 ქულა, 11 მოხსნა) შესრულება მოახერხა. ვენესუელელებს სამწამიან ზონაში მისი და შენგელიას (25 ქულა) შეჩერება ძალიან უჭირდათ.

ცუდი ის იყო, რომ კაბო-ვერდესთან მატჩის მსგავსად, დიდი ანგარიშით წინ გასულმა საქართველომ თამაში დაარხეინებულად დაიწყო, არადა, ჩვენი გუნდი იმ დონის ნამდვილად არ არის, მოწინააღმდეგეებს ნახევარი ძალით აჯობოს. ზუროსის ნაკრები საშინელი პროცენტით ესროდა სამქულიანებს (23-დან 5), ვენესუელამაც კი გვაჯობა შეტევაში მოხსნებში და დაკარგვებიც არ გვაკლდა.

საქართველოს ნაკრებმა მე-2 ტაიმი 28:36 წააგო და მართალია, საბოლოოდ, მაინც დამაჯერებლად იმარჯვა, ეს ნამდვილად ის შემთხვევა იყო, როდესაც ქართველ კალათბურთელებს წილისყრაში საოცრად გაუმართლათ. რომ არა, კაბო-ვერდე და ვენესუელა, ჩვენი გუნდი თამაშის ასეთი დონით, შესაძლოა, ჯგუფში ბოლო ადგილზეც კი დარჩენილიყო.

საქართველოს ნაკრებმა პროგრამა-მინიმუმი შეასრულა

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამხელა შეცდომა დაუშვა საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ნატურალიზებული მოთამაშის რანგში მაკფადენის დატოვებით. თადის უნარები ისედაც შეზღუდულია და ძირითადად, პერიმეტრიდან შეტევით შემოიფარგლება, თუმცა, მას ამ მხრივაც კატასტროფული მაჩვენებელი აქვს. მაკფადენმა გასულ სამ მატჩში 15-დან 3 (!) სამქულიანი გამოიყენა და ჯამში 12 ქულა ჩააგდო. რამხელა სარგებელი აკლდება საქართველოს ნაკრებს იმით, რომ შესაბამისი დონის ამერიკელი უკანახაზელი არ ჰყავს, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს.

ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრებმა ოფიციალურად დაიბევა ადგილი მსოფლიოს პირველობის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე. უკვე ცნობილია, რომ K ჯგუფში ქართველი კალათბურთელების მეტოქეები გერმანია (3 მოგება) და ავსტრალია (2 მოგება) იქნებიან, მე-4 ნაკრები კი სლოვენიაა (უდიდესი ალბათობით, 3 გამარჯვება ექნება), თუმცა, მათთან თამაში აღარ მოგვიწევს. ილიას ზუროსის გუნდი 1 სექტემბერს გერმანიას შეხვდება, ხოლო 3-ში – ავსტრალიას. მეოთხედფინალში ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა.

საქართველო 70:59 (24:19, 18:4, 17:21, 11:15) ვენესუელა

საქართველო: ანდრონიკაშვილი (29 წ. 9 ქ.), შერმადინი (14 წ. 4 ქ. 3 მ.), სანაძე (23 წ. 9 ქ. 3 პ.), შენგელია (29 წ. 25 ქ. 3 მ. 3 პ.), მაკფადენი (30 წ. 3 ქ.); მამუკელაშვილი (17 წ. 2 ქ. 3 მ.), ჯინჭარაძე (26 წ. 4 ქ. 9 მ.), ცინცაძე (11 წ. 3 ქ.), ბითაძე (22 წ. 11 ქ. 11 მ.).

Georgia advance to the Second Round! 🙌 #FIBAWC x #WinForGeorgia 🇬🇪

Posted by FIBA Basketball World Cup on Wednesday, August 30, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები