Thumbnail

ლუკა ლოჩოშვილმა სერია B-ში პირველი მატჩი ჩაატარა და კრემონეზეს 3 ქულის მოპოვებაშიც დაეხმარა. 25 წლის ქართველმა მცველმა სტუმრად ტერნანასთან გამართულ მე-3 ტურის შეხვედრაში თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, 65-ე წუთზე კი კრემონელთა მიერ გატანილ ერთადერთ გოლში წვლილი შეიტანა.

კრემონეზე მეორე ტაიმში კაცნაკლული დარჩა. არბიტრმა სტუმრებს მცველი ლუკა რავანელი გაუძევა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ტერნანას კართან კუთხური დაინიშნა და მეტოქის საჯარიმოში ტანმაღალი ქართველი მცველიც ჩავიდა. მოწოდებულ ბურთზე პირველმა სწორედ ლოჩოშვილმა ითამაშა და თავით კარისკენ ძალიან სახიფათოდ დაარტყა. ტერნანას მეკარე ენტონი იარანილიმ ბურთის მოგერიება გაჭირვებით კი მოახერხა, მაგრამ დამატებაზე მასიმო კოდას ხელი ვეღარ შეუშალა - 0:1.

სასიხარულოა, რომ ტერნარა-კრემონეზეს შეხვედრაში ყველაზე მაღალი შეფასება Sofascore-ისგან სწორედ ლოჩოშვილს აქვს - 7.9 ბალი. რაც შეეხება სტატისტიკას, ლუკას 9 ბურთის ამოტანა, 2 ბლოკირება,  2 ჩაჭრა და 4 ართმევა ჰქონდა. ის პოზიციისთვის ოთხივე ორთაბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა, მეორე სართულზე ბრძოლა კი 3-იდან 2 შემთხვევაში მოიგო. ლუკას 44 პასიდან 34 ზუსტი აღმოჩნდა (77%), 8 გრძელი გადაცემიდან კი - 3. 

ლუკა დაცვაში საიმედო იყო, შეტევაში კი სასარგებლო

აღსანიშნავია, რომ ლუკა ლოჩოშვილისთვის ეს იტალიის რანგით მეორე დივიზიონში ჩატარებული პირველი თამაშია. ქართველ მცველს ამ სეზონში კრემონეზეს მაისურით მანამდე მხოლოდ იტალიის თასზე, კროტონესთან ჰქონდა ნათამაშები. 

კრემონეზემ, რომელიც სერია B-ში წინა სეზონის შედეგებით დაქვეითდა, მიმდინარე ჩემპიონატში პირველად მოიგო. დავიდე ბალარდინის გუნდს პირველ ორ თამაშში ფრე და წაგება ჰქონდა, მე-4 ტურში კი, 3 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე გენუის სამპდორიას მიიღებს.

იტალიის სერია B-ს მესამე ტურის მატჩის განაცხადში იყო სპეციას ახალწვეული ივა გელაშვილი, თუმცა ახალგაზრდა ქართველ მცველს სტუმრად კატანძაროსთან წაგებულ შეხვედრაში (0:3) მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია. მომდევნო ტურში სპეცია 3 სექტემბერს, შინ კომოსთან ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები