- 📅 1 სექტემბერი | 🏟 ოკინავა | ⌚ 12:30 | 🏀 გერმანია V საქართველო | 📺 I არხი
- ორი ორმაგი და მოხსნები - ბითაძე პირველი ჯგუფური ეტაპის TOP-ებში
საქართველოს ნაკრებმა პირველი ჯგუფური ეტაპი პროგრამა-მინიმუმის შესრულებით დაასრულა, საკალათბურთო მუნდიალის დებიუტანტმა გუნდმა სამი თამაშიდან ორი მოიგო და ბრძოლას TOP 16-ში, II ჯგუფურ ეტაპზე აგრძელებს.

ილიას ზუროსის გუნდმა 85:60 დაამარცხა კაბო-ვერდე, 67:88 დამარცხდა სლოვენიასთან და 70:59 მოუგო ვენესუელას. ახლა საქართველოს ნაკრები ბრძოლას K ჯგუფში გააგრძელებს, სადაც სლოვენიას და გერმანიას 3-3 მოგება აქვთ, ხოლო საქართველოს და ავსტრალიას - 2-2. ორი საუკეთესო ნაკრები ¼ ფინალში გადის, ოღონდ პირველ ეტაპზე ერთმანეთში ნათამაშები გუნდები (საქართველო და სლოვენია, გერმანია და ავსტრალია) ერთმანეთს აღარ ხვდებიან. 1-ელ სექტემბერს ჩვენი გუნდი გერმანიას დაუპირისპირდება, რომელიც ფრანც ვაგნერის ტრავმის მიუხედავად, დიდებულად თამაშობს და მედლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ფავორიტია.

საქართველოს ნაკრების საინტერესო ფაქტები
🏀 ილიას ზუროსმა ჯგუფში 12-ვე კალათბურთელი ათამაშა, თუმცა რეალურ როტაციაში 9 იყო. ბერიშვილმა (5.7 წუთი - 1 ქულა), ლიკლიკაძემ (5.3 წუთი. 2 ქულა) და ტურძილაძემ (4.2. 2 ქულა) მხოლოდ კაბო-ვერდესთან ითამაშეს ეპიზოდურად.
🏀 სამივე მატჩში ზუროსმა ერთნაირი სასტარტო ხუთეული დააყენა: ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია და შერმადინი.
🏀 ნაკრებში ყველაზე მეტს მაკფადენი თამაშობდა, საშუალოდ 30.2 წუთს. შემდეგ მოდიან: შენგელია (26.9) და მამუკელაშვილი (25.5), რომელიც არცერთხელ სასტარტო არ ყოფილა. სასტარტო კალათბურთელებიდან ყველაზე ცოტას შერმადინი თამაშობდა - 15.3 წუთი მატჩში.
🏀 საშუალოდ 16.7 ქულა მატჩში თორნიკე შენგელიას შედეგია და ის ნაკრებში საუკეთესო მაჩვენებელია. 11-11 ქულით შემდეგ მოდიან მამუკელაშვილი და ბითაძე. მეოთხე სანაძეა - 7.7 ქულა. როტაციის კალათბურთელებიდან ყველაზე ცუდი შედეგი მაკფადენს (4.0) აქვს, რომელიც ყველაზე მეტს თამაშობდა!
🏀 მოხსნებში ბითაძე 9.3-ით პირველია, შემდეგ მამუკელაშვილი (6.0) მოდის, მესამეზე შერმადინი და შენგელია არიან - 4.7 მოხსნა საშუალოდ თამაშში.

🏀 საუკეთესო მეპასე ამ ეტაპზე ცინცაძე იყო - 4.3 ასისტი თამაშში, რომელიც როტაციის მოთამაშეებიდან ყველაზე ცოტას თამაშობდა - 14 წუთზე ოდნავ ნაკლებს.
🏀 საშუალოდ 1.3 სამქულიანი მატჩში სანაძის და ცინცაძის მიღწევაა, სამწუხაროდ, ეს საუკეთესო შედეგია გუნდში. მაკფადენი საშუალოდ 5-ჯერ ისროდა სამქულიანს და ერთს აგდებდა (20%), რაც კატასტროფული შედეგია გამოცდილი მსროლელისთვის. შედარებისთვის, ჯინჭარაძეც საშუალოდ ერთ სამქულიანს აგდებდა, მაგრამ 1.3-ს ესროდა და არა 5-ს.
🏀 დაფარებებში ასეთი ვითარებაა - სულ 3-ჯერ დავაფარეთ მეტოქეს და სამივეჯერ ეს გოგა ბითაძემ შეძლო. სულ ეს არის. ამ კომპონენტში ნაკრებს ძალიან აქვს მოსამატებელი.
🏀 ჩაჭრებში ნაკრებს მოულოდნელი ლიდერი ჰყავს - ბითაძე - 2.3. საშუალოდ ერთ და მეტ ჩაჭრას მის გარდა მხოლოდ სანაძე აკეთებდა როტაციის კალათბურთელებიდან - 1.7.
🏀 +- კოეფიციენტი საუკეთესო ბითაძეს (+11.0) და მამუკელაშვილს (10.7) აქვთ. არა უშავს ცინცაძის (8.7) და ჯინჭარაძის (7.7) მაჩვენებლებსაც. აი, დანარჩენებში კი ძალიან ცუდი შედეგებია. შენგელია, სანაძე, ანდრონიკაშვილი და შერმადინი საერთოდ მინუსში არიან.
🏀 მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით - ნაკრებში საუკეთესო კალათბურთელი ბითაძეა (22.3). გოგა მთელ მუნდიალზეც ლიდერებშია (მე-6). მოკლედ, ის დამსახურებულად საუკეთესოა ჩვენს გუნდში, არადა, არც სასტარტოში თამაშობს და არც ბევრს (საშუალოდ 22.2 წუთი მოედანზე). მას რომ მეტი დრო გაეტარებინა მოედანზე, ალბათ ტურნირის სამეულშიც მოხვდებოდა.
🏀 მეორე ყველაზე სარგებლიანი მოთამაშე კაპიტანი შენგელიაა (13.3), მესამე მამუკელაშვილი (12.7). მოულოდნელად, კარგი შედეგი აქვს ჯინჭარაძეს (9.7), ხუთეულს კი შერმადინი და ცინცაძე ასრულებენ ერთნაირი შედეგით - 6.7.
🏀 როტაციის კალათბურთელებში ყველაზე ნაკლებად სარგებლიანი იყო მაკფადენი - 1.7 საშუალოდ.
🏀 ბურთს ყველაზე ხშირად მამუკელაშვილი კარგავს - 3.3 თამაშში, ყველაზე მეტ ფოლს ბითაძე და ჯინჭარაძე იღებენ 3.7.

დასკვნის ნაცვლად
მხოლოდ სტატისტიკაზე დაყრდნობითაც კარგად ჩანს რამდენიმე დეტალი - 1) ზუროსს ალბათ კორექტივები აქვს შესატანი სასტარტო ხუთეულში, რადგან ზოგიერთი სათადარიგო აშკარად უკეთ თამაშობს; 2) თად მაკფადენის თამაში სრული კატასტროფაა - ყველაზე მეტს თამაშობდა და ყველაზე ნაკლები სარგებელი მოჰქონდა ნაკრებისთვის. არც იმის თქმა იქნება სწორი, რომ თადის ეს ჩავარდნა არ იყო მოსალოდნელი. ალბათ, სჯობდა ფედერაციის ხელმძღვანელობას სხვა კალათბურთელის ნატურალიზაციაზე ემუშავა; 3) გოგა ბითაძე მუნდიალის სუპერვარსკვლავების დონეზე თამაშობს, მაგრამ მას ცოტა დრო ეძლევა და არც სასტარტო ხუთეულშია; 4) სასიამოვნო სიურპრიზია კახა ჯინჭარაძის თამაში, რომელიც სარგებლიანობის კოეფიციენტით მეოთხეა ნაკრებში; 5) გამოცდილი ცინცაძე კარგად თამაშობს, თუმცა ისიც ცხადია, რატომ ატარებს პარკეტზე ცოტა დროს.
კომენტარები